რა მსხვერპლის გასაღებად არიან ოჯახები მზად „სუფთა სისხლისთვის“" />

რატომ „უზიარებენ“ აზერბაიჯანში ნათესავები ერთმანეთს ბავშვებს?

რა მსხვერპლის გასაღებად არიან ოჯახები მზად „სუფთა სისხლისთვის“

აფე (სახელი შეცვლილია – ავტ.) 30 წლისაა, ორი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ მათ არავის არაფრის გამო არ დაუთმობს. თუმცა თვითონ ის ბავშვია, რომელიც დედამ უშვილო ნათესავებს „გაუზიარა“. ვაფე ბიძამ და ბიცოლამ გაზარდეს, რომლებიც დედ-მამად მიაჩნდა. ასეთი „ნათესაური გაშვილება“ აზერბაიჯანში იშვიათობა არ არის.

ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს აზერბაიჯანში 751 ბავშვი გააშვილეს. მათგან რამდენი აიყვანეს ნათესავებმა, ამის დადგენა შეუძლებელია – ეს ფორმდება როგორც გაშვილება და არსად ცალკე არ იწერება. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ნებისმიერი მცხოვრები გეტყვით, რომ ეს მოვლენა ძალიან გავრცელებულია.

როგორ აიძულებენ ქალებს, გაასხვისონ „ზედმეტი“ ბავშვები

აფა ჰყვება, რომ სიმართლე 18 წლისამ გაიგო.

„ამის შესახებ შემთხვევით გავიგე, მეზობლის მოლაყბეობის წყალობით. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ყველაფერი მაშინვე თავის ადგილას დადგა – ბოლოს და ბოლოს გავიგე, რატომ ჰქონდა ჩემს ოჯახს ასეთი ცივი ურთიერთობა ბიძის ოჯახთან, უფრო სწორად, ჩემს ნამდვილ მშობლებთან“.

ვაფამ ოჯახის ყველა წევრთან გაისაუბრა და გაარკვია, რაში იყო საქმე. მისი უფროსი ბიძა დიდი ხნის დაოჯახებული იყო, მაგრამ მასსა და მის მეუღლეს შვილი არ ჰყავდათ. სამაგიეროდ, უმცროს ძმას შეეძინა ზედიზედ ორი გოგონა. და ოჯახმა, მას შემდეგ, რაც განსაჯა, რომ „ქალს აუცილებლად უნდა გაეჩინა შვილები, სანამ ბიჭი არ გაჩნდებოდა“ (ანუ ოჯახს ყველა შემთხვევაში ბევრი ბავშვი ეყოლებოდა) – გადაწყვიტა, რომ მეორე ქალიშვილი ანუ ვაფა უფროსი ძმისთვის მიეცა.

„ბიძის ცოლი, უფრო სწორად ქალი, რომელმაც გამაჩინა, საკუთარი ოჯახის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ეს ოჯახმა გადაწყვიტა, წაერთმიათ მისთვის ჩემი თავი და მიეცათ ჩემი ახლანდელი დედისთვის. ყველაფერი კანონიერად, სასამართლოს გზით გააკეთეს. შემდეგ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ ძალიან ინანა, რომ ოჯახის წინააღმდეგ არ წავიდა.

მან ისევ მიმართა სასამართლოს, რათა დავებრუნებინე და კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში დავობდა. მაშინ უკვე 3-4 წლის ვიყავი. მაგრამ სასამართლომ მიმღებ ოჯახში დამტოვა. ამის შემდეგ ორ ძმას შორის ურთიერთობა გაცივდა“.

სოციოლოგი სანუბარ ჰეიდაროვი ამბობს, რომ ბავშვის ნათესავებისთვის მიშვილება – მძიმე ტრავმაა, როგორც დედისთვის, ისე შვილისთვის.

„ბავშვის გადაცემაზე შეთანხმება ხშირად ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ხდება. მაგრამ როდესაც „შეთანხმებული“ ჩვილი იბადება, მაშინ ბიოლოგიური მშობლები, რომლებიც ყველა გრძნობას განიცდიან, რაც დაბადებას უკავშირდება და სოციალური მშობლები, რომლებიც „თავიანთ ბავშვს“ ელოდებიან, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

როგორც წესი, შეთანხმების თანახმად, ბიოლოგიურმა დედამ ძუძუც კი არ უნდა აჭამოს ბავშვს, რათა არ მიეჩვიოს. და როდესაც ახალშობილს სამშობიაროდან გაწერენ, ისინი მაშინვე სხვადასხვა ოჯახის წევრებად ითვლებიან.

სიტყვებით ძნელი აღსაწერია, რამდენად რთულია ეს ყველაფერი ბავშვის ბიოლოგიური დედისთვის. და თუკი ეს ქალი მიმღები ოჯახის ნათესავია, მაშინ მომავალში ის უფრო მძიმედ გრძნობს და განიცდის ყველაფერს. მას არ შეუძლია, უყუროს, როგორ იზრდება ბავშვი და არ შეუძლია, გვერდით ჰყავდეს, როდესაც ბავშვი ავადაა და ჩაეხუტოს მას, ოჯახისთვის მნიშვნელოვან მომენტებში.

ზოგჯერ ამის გამო ნათესავებს შორის ურთიერთობა ფუჭდება და მიმღები ოჯახი საკუთარი საიდუმლოს შესანარჩუნებლად, შორს გადადის საცხოვრებლად, რადგან ბიოლოგიურ ოჯახს ბავშვისთვის საფრთხის წყაროდ განიხილავს“.

რაც შეეხება ბავშვს, ის დაბადების ტრავმასთან ერთად, კიდევ დედისგან დაშორების ტრავმას განიცდის. მოგვიანებით კი გრძნობს დაძაბულობას ნათესავებს შორის და იმას, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობენ.

ფოტო JAMnews

„უცხო ბავშვი“

„მე არანაირად არ შემიძლია, გადავხარშო ჩვენს საზოგადოებაში ხშირად განმეორებადი ფრაზა – „უცხო ბავშვი“. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ მოვისმინე ეს, როდესაც ბავშვთა სახლიდან ბავშვის გამოყვანა გადავწყვიტე. ამას მეუბნებოდა ყველა: ყველაზე ახლობლებიდან დაწყებული, სრულიად გარეშე ხალხით დამთავრებული. მას შემდეგ, რაც დამ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, მაშინვე მითხრა: „საკუთარი შვილებისგანაც კი ნაკლებია ხეირი, უცხოსგან ხომ – მით უმეტეს“. მან ბავშვის გაჩენა და მოცემაც კი შემომთავაზა.

როდესაც სამედიცინო ცნობებს ვაგროვებდით, რათა შვილად აყვანის მსურველთა რიგში ჩავმდგარიყავი, ერთ-ერთმა ექიმმა მკითხა: „ნუთუ თქვენს სანათესაოში არავინაა, ვისგანაც ბავშვის აყვანას შეძლებდით? რაც ასეთი შრომით მოგიპოვებიათ, რად გინდათ, რომ უცხო ნაშიერს დარჩეს? კიდევ საკითხავია, როგორი გაიზრდება“.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, სალიმამ (სახელი შეცვლილია – ავტ.) გოგონა იშვილა.

„არ მესმის, როგორ შეიძლება, აიყვანო ბავშვი, რომელსაც დედ-მამა ჰყავს და პირდაპირ მათ თვალწინ გაზარდო. ეს მშობლობანას თამაშს მახსენებს. რატომ უნდა აიყვანო ნათესავებისგან ბავშვი, რომელსაც საკუთარი მშობლები ჰყავს, როდესაც ქვეყანაში ამდენი მიტოვებული და ობოლი ბავშვია, რომლებსაც მართლაც სჭირდებათ ოჯახი? პირადად მე უკვე დამავიწყდა, რომ ჩემი გოგონა თვითონ არ გამიჩენია. იმიტომ, რომ მისი მშობლები ჩემ ცხვირწინ არ ტრიალებენ და ის მხოლოდ ჩემი შვილია“, – ამბობს სამილა.

იურისტი სამირა აგაევა აცხადეს, რომ „ნათესაური გაშვილების“ პროცედურა მშობლებისთვის უფრო მარტივია – უფრო ნაკლები დოკუმენტია საჭირო და არ არის საჭირო რიგში ჩადგომა, რადგან ბიოლოგიური მშობლები წერენ განცხადებას ნებაყოფლობით გადაცემაზე.

„ჩემს პრაქტიკაში მქონდა ასეთი შემთხვევა. ქალმა შვილი უშვილო დას მისცა, თანაც, ბავშვი თავიდანვე ამისთვის იყო „დაგეგმილი“ და გაჩენილი. ის პირდაპირ სამშობიაროდან წაიყვანეს დეიდასთან“, – აცხადებს აგაევა.

ბავშვი დაიტოვა – „დაანგრია ოჯახი“

ასმიას (სახელი შეცვლილია – ავტ.) მრავალი წლის წინ სამი ქალიშვილიდან ერთ-ერთი ქმრის ძმისთვის უნდა მიეცა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ვერ შეძლო საკუთარ შვილზე უარის თქმა.

„ჩემს უმცროს მაზლს შვილი არ ჰყავდა, ჩვენ კი – სამი ქალიშვილი და ერთი ბიჭი. ამასთან, მე დაოჯახებული ვარ ჩემს ბიძაშვილზე, ასე რომ, ჩემი ქმრის ძმა არა მხოლოდ მაზლია, არამედ ბიძაშვილიც.

მათ ამბავს ძალიან განვიცდიდი. ჩემი მაზლი და მისი ცოლი სიყვარულით დაოჯახდნენ, მაგრამ მან შვილის გაჩენა ვერ შეძლო. ქმარი დიდი ხნის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ ჩვენი შუათანა ქალიშვილი მათთვის მიგვეცა. დიდი ხნის განმავლობაში ვჭოჭმანებდი, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი.

რძალი ძალიან მიეჯაჭვა ჩვენს ქალიშვილს. ყველგან, სადაც მიდიოდნენ, თან მიჰყავდათ, ტანსაცმელს ყიდულობდნენ. ერთი სიტყვით, ისე ექცეოდნენ, როგორც საკუთარ შვილს. მე კი ეს ძალიან მტანჯავდა. ერთი მხრივ, ძალიან ვდარდობდი მაზლსა და მის ცოლზე, მეორე მხრივ კი, საწყენი იყო. მივხვდი, რომ არა, ვერ შევძლებდი ამის გაკეთებას“.

როდესაც რასმიამ თქვა, რომ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა, მაზლი და მისი ცოლი ძალიან გაბრაზდნენ. ეს ერთადერთი საშუალება იყო მათი ქორწინების შესანარჩუნებლად. ასე რომ, მშობლები ვერ გახდნენ და მალევე გაიყარნენ.

„უცნაური მიდგომაა – ბავშვი აუცილებლად „საკუთარი სისხლის“ უნდა იყოს. მათ შეეძლოთ, ბავშვთა სახლიდან აეყვანათ ჩვილი და ოჯახი არ დაენგრეოდათ. აი, მაგალითად, ჩემმა დამ ასე გააკეთა – შვილი ბავშვთა სახლიდან აიყვანა და არაფერი, გადასარევი ბავშვია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის უკვე გაიზარდა და ახლა შესანიშნავი მამაკაცია“, – იცინის რასმია.

„მართალია, მოგვიანებით ჩემი მაზლი კიდევ დაქორწინდა და მამაც გახდა, მაგრამ ვეღარ იყო ისეთი ბედნიერი, როგორც პირველ ცოლთან“.

ფოტო JAMnews

რატომ სწორედ ნათესავის ბავშვი?

სოციოლოგი სანუბარ ჰეიდაროვი ამბობს, რომ ხშირად, აუცილებლად „საკუთარი სისხლის“ ბავშვის შვილად აყვანის სურვილს, არასრულყოფილი ინფორმირებულობა განაპირობებს:

„ბევრ ხალხს აქვს ამ ტიპის გამონათქვამი, „ვაშლი ვაშლისგან“ და ცდილობენ, ადამიანების მოქმედება გენეტიკით ახსნან. განვითარებულ ქვეყნებში, სოციალური ინსტიტუტებისა და იმის მიხედვით, თუ როგორი ცხადი გახდა აღზრდისა და განათლების როლი ბავშვის ფორმირებაში, მსგავსი ცრურწმენები უკვალოდ გაქრა.

შვილად აყვანილი ბავშვი შესაძლოა ტრაგედიის მიზეზიც გახდეს და ოჯახის გადამრჩენელიც. მაგრამ, რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში შვილად აყვანილი ბავშვის ცხოვრებისთვის თვალის მიდევნება გაუმჭვირვალეა, შეუძლებელია, დადგინდეს, გაშვილების რამდენი პროცენტი გამოდგა „იღბლიანი“ და რამდენი არა და, შესაბამისად, შეუძლებელია, ეს საზოგადოებას უჩვენო.

როდესაც ზუსტი ინფორმაცია და სტატისტიკა არ არსებობს, ამ ხარვეზს ყოველთვის ავსებენ ლეგენდები. აზერბაიჯანელების ზღაპრები კი, როგორც წესი, პესიმისტურია: „ასეთმა და ასეთმა ბავშვი იშვილა და ინანა, რა არ შეემთხვა“, „საიდან იცი, ვისი შვილია, ნორმალური მშობლები ბავშვზე უარს არ ამბობენ“, „ნაშვილებ ბავშვებს არავისი არ სჯერათ და ცდილობენ, ყველას ზიანი მიაყენონ“.

თუკი ადამიანები ბავშვს ნაცნობი ოჯახისგან იყვანენ, როგორც ისინი ამბობენ, „გასაგებია, ვისი სისხლი ჩქეფს მის ძარღვებში“ და ეს მშობლებს გარკვეულ სიმშვიდეს ანიჭებს. თუმცა, შესაძლოა, ასეთი გაშვილების შედეგები უფრო უარესი იყოს, ვიდრე „სახლში სრულიად უცნობი ბავშვის შემოყვანა“.

ას შემდეგ, რაც ვაფამ ყველაფერი შეიტყო, მან ისევ დააახლოვა ორი ოჯახი. თქვა, რომ არ სურდა გაგლეჯილიყო ბიოლოგიურ მშობლებსა და მათ შორის, ვინც გაზარდა. ფსიქოლოგებმაც, რომლებიც მასთან იმ პერიოდში მუშაობდნენ, ოჯახებს იგივენაირი რჩევა მისცეს.

„არ დამრჩა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ სიტუაციას შევგუებოდი. მაგრამ მინდოდა, რომ ეს შოკი მტრობით კიდევ უფრო არ გაძლიერებულიყო. ახლა მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს ორივე ოჯახთან – ბიოლოგიურთანაც და გამზრდელთანაც. მაგრამ ერთი ვიცი, რომ ჩემს შვილებს არავის გავუყოფ“.


ასევე წაიკითხეთ