აზერბაიჯანში კამათობენ, თუ რა არ ყოფნით აქ ნორვეგიელებს - დემოკრატია თუ მუშაობის მოცულობა " />

რატომ იხურება ბაქოში ნორვეგიის საელჩო?

აზერბაიჯანში კამათობენ, თუ რა არ ყოფნით აქ ნორვეგიელებს - დემოკრატია თუ მუშაობის მოცულობა

ნორვეგია ბაქოში საელჩოს დახურვას და მის თბილისში გახსნას აპირებს. აზერბაიჯანთან კავშირი თურქეთის საელჩოს საშუალებით დამყარდება, ბაქოში კი საკონსულოს შექმნიან. აზერბაიჯანის საზოგადოება, უკვე მესამე დღეა, დავობს, თუ რა იფარება ნორვეგიელების ამგვარი გადაწყვეტილების მიღმა.

20 წელიწადზე მეტია, რაც ნორვეგია აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებას ეწევა და რამდენიმე მსხვილი სანავთობო პროექტის მონაწილე იყო. ის აქ ასევე ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებდა – მაგალითად, გასცემდა გრანტებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაზე. გარდა ამისა,ნორვეგიის საელჩოს საშუალებით აზერბაიჯანის მოქალაქეები ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნების ვიზებს იღებდნენ.

ნორვეგიის ოფიციალური ვერსია

„სამხრეთ კავკასიაში ჩვენს მთავარ პარტნიორს საქართველო წარმოადგენს. რამდენიმე წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად ეს ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს დაუახლოვდა. მუდმივი წარმომადგენლობა თბილისში საშუალებას მოგვცემს, რომ მთელ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკეთ დავაკვირდეთ“, – ასე განმარტავს საკუთარი ქვეყნის არჩევანს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ინე მარი ერიკსენ სორეიდე.

• რა უშლის ხელს აზერბაიჯანს ევროპაში ინტეგრირებისთვის? 

• Freedom House აზერბაიჯანსა და რეგიონის სხვა ქვეყნების დემოკრატიის დონის შესახებ 

• აზერბაიჯანელი სტუდენტები ევროპაში:როგორ ცხოვრობენ იქ – კარგად, თუ არც ისე? 

აზერბაიჯანის ოფიციალური რეაქცია

როგორც „კავკაზსკი უზელი“ გადმოსცემს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მართალია, წუხს ამის გამო, თუმცა საპასუხოდ, ოსლოში თავის საელჩოს არ დახურავს.

„აზერბაიჯანსა და ნორვეგიას ყოველმხრივი, თბილი ურთერთობა აკავშირებთ. ჩვენი ცნობებით, ნორვეგიას აზერბაიჯანში თავისი წარმომადგენლობის შენარჩუნება საკონსულო საქმიანობით სურს. თუ როგორ იმოქმედებს ის – საპატიო თუ დიპლომატიური საკონსულოს სტატუსით, ჯერჯერობით დანამდვილებით ცნობილი არ არის “, – თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა ლეილა აბდულაევამ.

აზერბაიჯანის ოპოზიციის აზრი: ყველაფერი დემოკრატიის არარსებობის გამოა

აზერბაიჯანის ოპოზიცია ნორვეგიული საელჩოს დახურვას სერიოზულ წარუმატებლობად მიიჩნევს და ამას აზერბაიჯანში დემოკრატიის რეგრესს უკავშირებს.

პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერი ილგარ მამედოვი:

„ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან მკაფიოდ, დიპლომატიური ენით გადმოსცა თავისი პოზიცია: „ჩვენ საელჩოს ბაქოში ვხურავთ, და თბილისში ვხსნით, რადგან საქართველო ცდილობს დემოკრატიული ფასეულობების ერთგული დარჩეს, აზერბაიჯანი კი – არა, აქ მხოლოდ რეგრესია“. 1991-1992 წლებიდან მოყოლებული, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აზერბაიჯანული დიპლომატიის უფრო სერიოზული მარცხი არ მახსენდება“.

აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერი ალი ქერიმლი:

„ნორვეგია ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო. მისი აზერბაიჯანიდან წასვლა – იმის მაჩვენებელია, რომ მან აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი ნდობა დაკარგა. ნორვეგიას შეიძლება ევროპის სხვა პატარა დემოკრატიული ქვეყნებიც მიყვნენ. ისინი აქ თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობენ. ეს ყველაფერი – აზერბაიჯანში დინასტიური ხელისუფლების დამყარებისა და კორუფციის მაღალი დონის შედეგია. ნორვეგიის საელჩოს დახურვა ქვეყნის იმიჯს ძლიერ დააზიანებს“.

ექსპერტების აზრი: მათ აქ აღარაფერი ესაქმებათ

ევრო-ინტეგრაციის საკითხებში აზერბაიჯანის ეროვნული საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი თორღულ ჯუვარლი აღნიშნავს, რომ ნორვეგია, ენერგეტიკული ინტერესების რეალიზაციის გარდა, აქტიურად უჭერს მხარს ასევე სამოქალაქო საზოგადოების პროექტებსაც:

„ენერგეტიკასთან არავითარი პრობლემა არ ყოფილა – და ნორვეგიელებმა პრინციპში ყველაფერი მიიღეს, რაც აინტერესებდათ. ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას რაც შეეხება, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოელი დონორების საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერებულია. როგორც ჩანს, ასეთ სიტუაციაში ნორვეგიელებმა გადაწყვიტეს, რომ რადგან მთავრობას სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არ ესაჭიროება, ჯობს, ეს იქ გააკეთონ, სადაც ხელისუფლება ამას არ აფერხებს.“

JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი:

„ნორვეგიელების ეს გადაწყვეტილება წმინდა პრაგმატულ ხასიათს ატარებს. წინათ მათთვის აუცილებელი იყო აზერბაიჯანში საელჩო ჰქონოდათ, რადგან ნორვეგიული ნავთობკომპანია „Statoil“ აქ აქტიურად მუშაობდა. მაგრამ შემდეგ, ეკონომიკური მიზეზებით, ნორვეგიელებმა აზერბაიჯანულ პროექტში თავისი წილი შეამცირეს. თავის მხრივ, შესუსტდა პოლიტიკური აქტიურობაც. მას შემდეგ, რაც 2014 წელს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება აეკრძალათ, ნორვეგიამ თავისი ტრადიციული საგრანტო პროგრამის მხარდაჭერა ვერ შეძლო. ასე რომ, მათთვის აზერბაიჯანში საელჩოს ქონა უაზრო და არახელსაყრელი გახდა. მაგრამ, ჩემი აზრით, ადამიანების უფლებები ამ საკითხში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს“.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა აზრები

აზერბაიჯანში ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გარდა, სოციალური ქსელების რიგითი მომხმარებლებიც გამოთქვამენ:

„ალბათ აქ იმ მოცულობის სამუშაო არც არის, რასაც მთელი საელჩო სჭირდება“;

„ცუდი ნიშანია. საინტერესოა, რომელი საელჩო იქნება მომდევნო“;

„ნორვეგია – პოლიტიკურად და ეკონომიკურად ყველაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოა ევროპაში, მას ყოველთვის საკუთარი აზრი აქვს. ის ფაქტი, რომ რომ ისინი ჩვენ არ გვაღიარებენ და კავშირებს ამცირებენ, კარგს არაფერს გვიქადის“.


ასევე წაიკითხეთ