როდესაც მორალური პრინციპები პოპულარული არ არის - შედეგებს უნდა ველოდეთ. კომენტარი " />

რატომ აღმოჩნდა ასე მარტივი აფხაზეთის პლაჟზე ტურისტების მძევლად აყვანა

როდესაც მორალური პრინციპები პოპულარული არ არის - შედეგებს უნდა ველოდეთ. კომენტარი

ფოტო:  სერგეი დემიანოვი, JAMnews

აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მეორე ეჭვმიტანილი  რუს ტურისტებზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი დამსვენებელი მიყენებული ჭრილობებით გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არ მგონია, რომ მტკიცებულებების ბაზას რაიმე დიდი პრობლემა შეექმნას (თუმცა, ჩვენი სამართალდამცავი სისტემის ხელში ყველაფერს შეიძლება ველოდოთ). და მაინც, არსებობს ერთგვარი რწმენა, რომ რუსებზე მომხდარი თავდასხმის საქმე ლოგიკურ დასასრულამდე – განაჩენამდე მივა.

ვინაიდან თავად ეს დანაშაული გარდა იმისა, რომ  რეზონანსულია (ამგვარ საქმეებზე ყველაზე კორუმპირებულ სისტემებშიც, აფხაზეთი კი თითქმის ასეთია, გონიერება ჰყოფნით, რომ ფული არ იშოვონ),  ასევე უზარმაზარი ადამიანური სიბრიყვის პროდუქტიცაა.  

აი, წარმოიდგინეთ ორი ძმა, ორი ახალგაზრდა კაცი, რომლებიც ოცდაათ წელზე მეტის არ არიან, და ცხოვრობენ სოფელში, საიდანაც ზღვა ერთი ხელის გაწვდენაზეა. განათლება არ გააჩნიათ, ანუ სადმე ჩინოსნად მოწყობის, ბოლოს და ბოლოს, „გაიშნიკობის“ – ანუ სადაც წვრილმანი ქრთამებით შეიძლება თავის რჩენა – ვარიანტი ამ ძმებისთვის არ არსებობს.  

ბიზნესის შექმნას ფული სჭირდება, ჭკუა, და  დღე და ღამე მამა კარლოსავით უნდა იშრომო. არც ეს გამოდის.

მინდორში მუშაობა – მაგალითად, საზამთროს, ნესვის, კიტრის ან პომიდვრის მოყვანა – ეგ ხომ ხარის საქმეა!

უნდ ითქვას, უსაფუძვლო არ არის, რომ  ამ ბიჭებს მუქთაზე ყოფნა უყვართ. ისე მოხდა, რომ ომის შემდგომ წლებში ჩვენში მთელი საზოგადოება მყარად დაადგა ამ გზას.

უბრალოდ, ზოგიერთები თავიანთი მდგომარეობის გავლენით, მუქთად ისაკუთრებენ სახელმწიფო საკუთრებას. ან ისევ „უფასოდ“ იფორმებენ ჰექტრობით ძვირფას მიწას, რომელიც აფხაზური კანონების მიხედვით, არ იყიდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან მოხერხებულად შეიძლება მისი ხელმეორედ გაყიდვა, ან მომდევნო ბიზნესის კარგ წილში გაცვლა.

დანარჩენები დიდი ძალისხმევით აღწევენ პრეზიდენტამდე, და მას „სამშობლოსა და პარტიის წინაშე გაწეული დამსახურებებისთვის“ შეღავათიან ან სულაც უსასყიდლო სესხს გამოსთხოვენ, შემდეგ კი “ლენდკრუიზერს” ყიდულობენ, და მას ჩვენს „ჰაივეიზე“ რბოლით ნამსხვრევებად აქცევენ, რათა შემდეგ ისევ   პრეზიდენტს მიაკითხონ, ამას თუ არა, მომდევნოს მაინც – ისევ იმავესთვის.     

სხვები, ვისაც ლამაზად ცხოვრების შესაძლებლობები უფრო შეზღუდული აქვთ, შეძლებისდაგვარად ცდილობენ, რომ ან ბეჭედის დარტყმით გაიტანონ თავი, ან სასტვენით, ანდა ნაღდ ფულზე მიუწვდებოდეთ ხელი.

მაგრამ, ჩვენმა გმირებმა კეთილდღეობისკენ მიმავალ გზას ვერ მიაგნეს, და ისღა დარჩენოდათ, ცხოვრების დღესასაწაულის ფართო გზაზე გასულიყვნენ და ვინმესთვის რაიმე წაერთმიათ.

და, ავტომატითა და დანით შეიარაღებულები წავიდნენ საქმეზე – ჩვეულებრივ პლაჟზე. აქ ჩემს თავს კითხვას ვუსვამ – რატომ პლაჟზე და არა გზაზე?

ხომ შეეძლოთ უბრალოდ პატარა ჯიხური  ან ქუჩისპირა კაფე გაეძარცვათ – ასე თუ ისე, 20 ათას რუბლამდე ფულს მაინც იშოვიდნენ, და ამას გაცილებით ნაკლები ფორიაქი და საინფორმაციო გამოხმაურება მოჰყვებოდა.

მაგრამ, ისინი მიზანმიმართულად იმ პლაჟისკენ გაემართნენ, რომელიც სახლიდან ორი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რადგან იქ, პლაჟზე რუსი ტურისტები ცურავდნენ და ირუჯებოდნენ.

ვთქვათ, ძარცვავ ჯიხურს. თუ მილიცია ვერ მოგაგნებს, ჯიხურის პატრონი მთელ ნაცნობებსა და სანათესაოს ფეხზე დააყენებს, და ბოროტმოქმედებს მაინც იპოვის. ეს კი მათთვის, ვისაც 20 ათასი რუბლით გამდიდრება ჰქონდა გადაწყვეტილი, უფრო დიდი თავის ტკივილია, ვიდრე ციხეში მოხვედრა. მას მოსისხლე მტრად ჩათვლიან, და შეიძლება მოკლან კიდეც.

რუსი ტურისტები კი, ზედმეტი გარჯის გარეშე, შეგიძლია „ჰოპ-სტოპ“-ზე დააყენო. მათ განსაკუთრებულად მილიციაც კი არ დაუწყებს ძებნას. „აი, რამდენი დამსვენებელი მიდი-მოდის. მერე ვიღას ახსენდებიან?“ –  ვცდილობ, ჩვენი განგსტერების „ლოგიკური“ აზროვნების თანმიმდევრობას მივყვე.

და აი, ბიჭები თავიანთი ლაღი აზრებით პლაჟზე გავიდნენ. ქალები და ბავშვები მძევლად აიყვანეს, ერთ-ერთი მამაკაცი,  დატყვევებულ ოჯახთაგან ერთ-ერთის მამა ბანკომატში ფულის ასაღებად გაუშვეს.  შემდეგ კი მეორე ოჯახის მამა  დაუმორჩილებლობისთვის სასიკვდილოდ დაჭრეს.

ასეთი მორალურად შეზღუდული ადამიანი, ვისთვისაც სამყაროს მოწყობის შესახებ ცოდნა აფხაზეთის საზღვრებით ამოიწურება, იმავე  აფხაზეთის პატარა მიწაზე საკმაოდ ბევრია. ანუ მათთვის აფხაზეთი პლანეტაც კი არ არის, ის მთელი სამყაროა, სადაც თითოეული ისე შოულობს ფულს, როგორც შეუძლია. და მთელი ეს ტურისტები – თითქმის უცხოპლანეტელები არიან. ისინი ცოტას გაირუჯებიან და თავიანთ გზაზე წავლენ. ამიტომ, ვიდრე აქ არიან –  ბოლომდე უნდა გააძრო ტყავი.

და ასეც იქცევიან – ზოგი პირდაპირი, და ზოგიც გადატანითი მნიშვნელობით, და ყველა თავ-თავის დონეზე. სისხლიანი სიუჟეტები ბევრი არ არის, თუმცა პალიტრა შთამბეჭდავია.

მხოლოდ ის ეპიზოდი რად ღირს, როდესაც ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატმა თავისი ბიზნესპარტნიორი თავიდან მოიშორა, და მისი გვამი ფეხმძიმედ მყოფი მისი საყვარელი ქალის გვამთან ერთად ჭაში ჩააგდო.

მაგრამ ხმაურიანი დანაშაულების გარდა, ვითარდება უამრავი, ერთი შეხედვით უწყინარი, სიუჟეტი, რომლითაც არანაირად არ ირღვევა არც სისხლის სამართლის და არც სამოქალაქო კოდექსი. მაგრამ ამვდროულად სწორედ ამით იკვებება ის საზოგადოება, რომელიც შემდეგ ამ სისხლიან სიმახინჯეებს შობს.

ჩემთან ხშირად ჩამოდიან მეგობრები, კოლეგები. და როგორც წესი, გამგზავრებამდე მთხოვენ ხოლმე, რომ სხვადასხვა აღმოსავლური ნუგბარის – აჯიკის, ხურმის ჩირის, მანდარინის, ფეიჰოას და ა.შ. საყიდლად ბაზარში გავყვე.

ვაღიარებ, რომ არასდროს ისეთი შერცხვენილი არ ვარ ხოლმე, როგორც ბაზარში სიარულის დროს. რადგან ყოველი მეორე გამყიდველი, უცხოელთან ერთად რომ მხედავს, აუცილებლად მეკითხება, ფულს ვინ იხდის. „თუ შენ არა, და ეგ იხდის, კარგად გავატყავებ!“ – ამაყად აცხადებენ ისინი.

ანუ ტურისტი მათთვის უპირობო მსხვერპლია, რომელსაც უკლებლივ ყველაფერი უნდა გამოსწოვო. თანაც ნებისმიერ ფასად. ან ოფიციალურად წაგლეჯ რაიმეს, ან პირდაპირ და უტიფრად. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არავინ დაგსჯის – არც სახელმწიფოს, და არც საკუთარი სინდისის  დონეზე.

ასე ვცხოვრობთ   –  და გვგონია, რომ დედამიწა ჩვენ გარშემო ტრიალებს.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ