რეპორტაჟი ვერსალიდან. მათ შორის 25-წლიანი ასაკობრივი და პოლიტიკური გამოცდილების 17- წლიანი უფსკრულია" />

პუტინი და მაკრონი – როგორ გაიცნო ორმა პრეზიდენტმა ერთმანეთი

რეპორტაჟი ვერსალიდან. მათ შორის 25-წლიანი ასაკობრივი და პოლიტიკური გამოცდილების 17- წლიანი უფსკრულია

ფოტო: REUTERS

„ნოვაია გაზეტა“, პარიზი 

პუტინისა და მაკრონის შეხვედრა, წესით, დრამატურგიულად საინტერესო უნდა ყოფილიყო. ცხადია, არავინ ელოდა, რომ პუტინი უეცრად ადგებოდა და, სირიასა  ან დონბასში ომის შეწყვეტის საკითხში დათმობაზე წავიდოდა. საქმე ისაა, რომ ამ ორ ადამიანს შორის ჯერ კიდევ მათ პირველ შეხვედრამდე არსებობდა ბევრი კონფლიქტური საკითხი, რომლებიც უნდა გადაწყვეტილიყო. მათ შორის 25-წლიანი ასაკობრივი და პოლიტიკური გამოცდილების 17- წლიანი უფსკრულია. რასაკვირველია, ეს უფსკრული მსოფლიოს მოწყობის შესახებ მათ შეხედულებებს შორისაც არსებობს. 

თემები, რომლებზეც უნდა ესაბრათ

პუტინთან შეხვედრა „მაკრონს საშუალებას მისცემს უკრაინის უმძიმესი კონფლიქტის ჩვენეული შეფასება შეიტყოს“, – თქვა გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა. „სირიაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, – დასძინა მან, – ნოემბერში პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ფრანსუა ოლანდი მოსკოვში ჩამოვიდა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულად მოქმედებაზე. თუმცა, ეს შეთანხმება არ სრულდება, ოღონდ – არა რუსეთის მიზეზით“.   

ფრანგებს კი მიაჩნიათ, რომ სწორედ რუსეთი აბრკოლებს შეთანხმების შესრულებას. საფრანგეთის დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი 2017 წლის ნოემბერში (როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო) ეროვნულ სათათბიროს შეახსენებდა, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ  13/11/2015 ორჯერ  იმყოფებოდა მოსკოვში (მათ შორის პრეზიდენტ ოლანდთან ერთადაც), რათა ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის შეთანხმებისთვის მიეღწია. “თუმცა, ამის შემდეგ არაფერი მომხდარა და ეს ჩვენი ბრალი არ არის”, – აღნიშნა ლე დრიანმა.

რას ჰყვებოდნენ შეხვედრის შემდეგ

ორი ქვეყნის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია მშვიდად და, ერთი შეხედვით, მეგობრულადაც კი დაიწყო, მაგრამ საკმაოდ დაძაბულად დასრულდა.

თავიდან მაკრონმა თქვა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა „უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს“ (მოგვიანებით გაიმეორა: „პრიორიტეტი პრიორიტეტთა შორის“), რაც არ შეიძლებოდა, არ გახარებოდა ვლადიმირ პუტინს, რომელიც 2015 წლის შემოდგომიდან ცდილობს, დასავლეთს ტერორიზმთან ბრძოლაში თავი პარტნიორად შესთავაზოს.

ამავდროულად, მაკრონმა ისიც თქვა, რომ ნებისმიერს, ვინც სირიაში „ქიმიურ იარაღს გამოიყენებს” პასუხი გაეცემა. „ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთის მხრიდან,” – დასძინა საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზდენტმა და ამგვარად პირველად გამოავლინა ხასიათი უფროს კოლეგასთან. და მიანიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ტრამპს როდი შეუძლია „საპასუხო დარტყმის“ მიყენება. მოგვიანებით მაკრონმა „ასტანის ფორმატი“ გააკრიტიკა ანუ სირიის საკითხის დასავლეთის ქვეყნების გარეშე გადაჭრა – “არ შეიძლება ეს მისაღები ფორმატი იყოს”, – თქვა მან. 

ფრანგი პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ის შეუთანხმდა პუტინს, რომ „უმოკლეს ვადებში“ დაინიშნოს შეხვედრა „ნორმანდიის ფორმატში“; მანამდე კი, ეუთოს ვრცელი მოხსენების საფუძველზე, დონბასში არსებული სიტუაციის შესახებ  „აუდიტი ჩაატაროს“.

შემდეგ მაკრონმა ახსენა კიდევ ერთი თემა, რომლის გაგონებაც პუტინს ალბათ ძალიან სურდა. „მე ბატონ პრეზიდენტს შევახსენე იმის თაობაზე, რომ საფრანგეთისთვის უმნიშვნელოვანესია  ნებისმიერ უმცირესობათა უფლებების პატივისცემა“. 

“ჩვენ ჩეჩნეთში ლგბტ პირების უფლებებზე ვისაუბრეთ. ასევე რუსეთში მოქმედ არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციებზე. მე მკაფიოდ ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს, რას ელოდება საფრანგეთი ამ მიმართულებით,” – განაცხადა მაკრონმა. (სხვათაშორის, პუტინის საფრანგეთში ვიზიტის დღეს საფრანგეთმა ჩეჩნეთიდან გამოქცეული პირველი ლგბტ დევნილი შეიფარა). “ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად გავაკონტროლებთ ამ მხრივ სიტუაციას,” – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

“მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს,  რომ ისტორია ყოვეთვის ჩვენზე მაღლა დგას და უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა აქ ვიმყოფებით, ამ ბრძოლათა გალერეაში (დარბაზის სახელწოდება ვერსალის სასახლეში -რედ), სადაც მრავალი სამხედრო წარმატების აღმნიშვნელი მასალა ინახება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სამხედრო წარმატებები ყოველთვის გაუგებრობის ნაყოფი იყო და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა”, – აღნიშნა მაკრონმა. 

ვიდრე ამას იტყოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მშვიდობის უსწრაფესად დამყარებისა და სირიის კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე ილაპარაკა. ასე რომ, პუტინი ამ ლირიკული გადახვევის შინაარსს ადვილად უნდა მიმხვდარიყო. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის გამომეტყველების მიხედვით ძველი იყო რაიმეს გამოცნობა. შემდეგ მაკრონმა  მეორე, პუტინისთვის უფრო სასიამოვნო რამ თქვა: 

„თქვენ იმ  ქვეყნიდან ჩამოხვედით, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში თავისუფლებისთვის იბრძოდა,  კერძოდ, ევროპის თავისუფლებისთვის. და ისტორიის ამ მძიმე გაკვეთილიდან გამომდინარე,  ვისურვებდი, რომ ყველა საკითხზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნების აწმყოსა და ბედზე ზეგავლენას ახდენს, პრაგმატული და პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მივიღოთ“.

მაკრონი, ისევე როგორც ოლანდი, ერთი მხრივ, ცდილობს კრემლს ჰუმანიტარული კანონებისა და წესების დაცვა მოსთხოვოს, მეორე მხრივ კი –  ვაჭრობის გაღრმავებაზე და ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაზე საუბრობს. სწორედ ამაშია პრობლემა. კრემლში ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და  ერთობლივ ანტიტერორისტულ პროგრამებში ჩართვას ყოველგვარი დამატებითი წინაპირობების გარეშე ელოდებიან.

„პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული“ ურთიერთობების აგება საფრანგეთისა და რუსეთისთვის ადვილი არ იქნება, რადგან მხარეებს ბევრ საკითხში სრულიად განსხვავებული პრინციპები აქვთ. პუტინმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი ამ განსხვავებას, როდესაც  მაგალითად, საქებარი სიტყვებით მოიხსენიებდა მარინ ლეპენს, პოლიტიკოსს, რომელსაც მაკრონი ერთგვარი ზიზღით ახსენებდა.   

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ  პირველი კითხვა რუსმა ჟურნალისტმა დასვა. მან იკითხა, განიხილეს თუ არა ეს საკითხი პრეზიდენტებმა. მაკრონმა ხელით პუტინზე მიუთითა, რომელმაც უპასუხა: …“რაც შეეხება ჩარევას… ვითომდა რუსეთი ვიღაცების არჩევნებში ერევა… ამ საკითხზე ჩვენ არ გვიმსჯელია, და ბატონ პრეზიდენტს ამ საკითხისადმი არავითარი ინტერესი არ გამოუხატავს. ხოლო ჩემი მხრიდან  რა უნდა განმეხილა: ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ არსებობს”. 

მაკრონს აქაც განსხვავებული პოზიცია აქვს და ამ კითხვას სხვაგვარად პასუხობს: „რაც შეეხება საფრანგეთის არჩევნებს, ჩვენ ამაზე მაშინ ვილაპარაკეთ, როდესაც ჩემი არჩევის შემდეგ ბატონმა პუტინმა მოსალოცად დამირეკა. მე პრაგმატისტი ვარ. ჩვენ ეს საკითხები განვიხილეთ, მე რუსეთის პრეზიდენტს ყველაფერი ვუთხარი, რის თქმაც მინდოდა, და მანაც მითხრა ის, რაც სურდა. მე ამ თემაზე არ შევჩერდები და წინ მივიწევ. არასდროს მიმაჩნდა, რომ პოლიტიკას და დიპლომატიას რაღაც თერმოდინამიკის კანონები ან პირადი ქიმია უნდა წარმართავდეს. პოლიტიკისა და დიპლომატიის მიზანია, ჩვენი რელური პრობლემების კონკრეტული გადაწყვეტის გზების მოძებნა“, – დასძინა მაკრონმა.

თუმცა, ოდნავ მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ მაკრონს სულაც არ დავიწყებია წინასაარჩევნოდ მასზე განხორცილებული თავდასხმები რუსული მედიისა და რუსი ჰაკერების მხრიდან. მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში მაკრონმა ტონს მხოლოდ ერთხელ აუწია – როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ  არ აძლევდა მისი პრესსამსახური ზოგიერთ რუსულ მედიასაშუალებას აკრედიტაციას (იგულისხმება Russia Today, Sputnik —რედ.).

„მე ჟურნალისტებთან სანიმუშო ურთიერთობას ვამყარებ, თუკი ისინი ჟურნალისტები არიან, – დაიწყო მაკრონმა, შემდეგ კი ხსენებულ მედია საშუალებებს „პროპაგანდისა“ და „ცრუ პროპაგანდის“ „გავლენის ორგანოები“ უწოდა. “ისე მოხდა, რომ მთელის ეს „ორგანოები“ რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილია”,  – განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე მაშინ, როდესაც მის გვერდით იდგა ადამიანი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ ამ სახელმწიფოს ერთპიროვნულად განასახიერებდეს.

აღმოჩნდა, რომ პუტინი ისევ დამნაშავედ გამოჰყავდათ.

ის შეეცადა ვალში არ დარჩენილიყო, – ჯერ საფრანგეთის ტერორიზმთან ბრძოლას დასცინა („როგორც ცნობილია, საფრანგეთს თავისი წვლილი შეაქვს ტერორირზმთან ბრძოლაში. აშშ-ის ხელმძღვანელობით…“).  დასასრულს კი, “დიდი შვიდიანის” შემაჯამებელი დეკლარაცია გააკრიტიკა, სადაც რუსეთის მიმართ სანქციების შესაძლო გამკაცრებაზეა ლაპარაკი:     

“მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილისთვის. თქვენ იკითხეთ, როგორ დაეხმარება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკრაინაში არსებული კრიზისის მოგვარებას. გპასუხობთ – ვერაფრით დაეხმარება,” – მოჭრით თქვა პუტინმა.

გამოდის, რომ მოჯადოებული წრეა: რუსეთის პოზიციაა, რომ მინსკის შეთანხმებები მომავალშიც არ შესრულდება, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე რუსეთს სანქციებს არ მოუხსნიან. სანქციები კი მანამდე არ მოიხსნება, ვიდრე მინსკის შეთნხმებები არ შესრულდება  – ეს დასავლეთის წამყვანი ქვეყნების დიდი ხნის პოზიციაა, რომელიც ამ ცხელ საღამოს ვერსალში მაკრონმაც დაადასტურა. (მინსკის შეთანხმება – დოკუმენტი, რომელიც მინსკში 2015 წლის თებერვალში გამართულ სამიტზე გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის პირველმა პირებმა მიიღეს უკრაინაში ვითარების დეესკალაციის მიზმით).

თუმცა, ოდნავ ადრე მაკრონმა თქვა:

“მე ჩემს ნათქვამს ისევ დავადასტურებ: იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის ესკალაცია მოხდება,  სანქციები უნდა გამკაცრდეს. თუ დეესკალაცია მოხდა, მაშინ ეს არ იქნება საჭირო. და ვისურვებდი, რომ სწორედ დეესკალაცია მოხდეს“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თანაშემწე უშაკოვი ვიზიტის წინ ამბობდა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი ერთმანეთის გაცნობა იყო. და აი, გაიცნეს კიდეც ერთმანეთი.  

„ნოვაია გაზეტა“, პარიზი 


ასევე წაიკითხეთ