“პუტინის გეგმა” ყარაბაღისთვის

ის კონფლიქტის დეესკალაციას, სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახნასა და საქართველოს რუსეთისკენ შებრუნებას გულისხმობს

დღეს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გარეპოლიტიკურ სიტუაციას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. ბევრ ადამიანს ერევანსა და სტეპანაკერტშიც მიაჩნია, რომ ორივე ეს ფაქტორი სომხური მხარისთვის წაგებიანი და სახიფათოც კია.

ახლახან ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რეგიონში ვიზიტისას განაცხადა, რომ “სტატუსკვოს ამგვარად შენარჩუნება დიდხანს არ შეიძლება”, “რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო გაიზრდება სამხედრო მოქმედებების ესკალაციის რისკი.”

ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს რაღაც “პუტინის გეგმა”, რომელიც, როგორც ამბობენ, სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის დროს კულუარებში, არასაჯაროდ შესთავაზეს სომხურ მხარეს. ამის შესახებ სომხური კვლევების ცენტრ “ანის” კოორდინატორი, თათულ ჰაკოფიანი წერდა. თუკი ჰაკოფიანის ვერსიას ვენდობით, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ფორმულას, რომელიც ჯერ კიდევ 1997 წელს წარმოადგინა ევგენი პრიმაკოვმა, რუსეთის  მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ მთიანი ყარაბაღი ფორმალურად დარჩენილიყო აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რეალურად კი მისგან სრულიად დამოუკიდებელი ყოფილიყო. მაშინ სომხეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა გამოაქვეყნა გახმაურებული სტატია სახელწოდებით “ომი თუ მშვიდობა? დროა, დავფიქრდეთ”, რომელშიც ამ გეგმის მიღების შესაძლებლობაზე მსჯელობდა, მაგრამ ამ იდეას მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა მისი უახლოესი თანამებრძოლების (მ.შ. სერჟ სარგსიანის) მხრიდან, რასაც საბოლოოდ პეტროსიანის გადაყენება მოჰყვა.

ლევონ ტერ-პეტროსიანი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

როგორც ჩანს, რაღაც მსგავსს კიდევ ერთხელ სთავაზობენ სომხურ მხარეს. ამჯერად “პუტინის გეგმის” სახით, რომელიც გულისხმობს:

  • მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ არსებული ხუთი რაიონიდან გასვლას და 1988 წლისთვის არსებულ საზღვრებში დაბრუნებას;
  • ამის სანაცვლოდ, მთიანი ყარაბაღისთვის “მტკიცე შუალედური სტატუსის” მინიჭებას, რომელიც არ გულისხმობს რესპუბლიკის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნებას, მაგრამ არც რაიმე გონივრულ ვადაში დამოუკიდებლობის მიღების შესაძლებლობას მოიაზრებს;
  • სომხეთსა და ყარაბაღს შორის დაუბრკოლებელი სახმელეთო მიმოსვლის შესაბამისი “კორიდორის” შენარჩუნებას;
  • ყარაბაღის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის გაურკვეველი ვადით გადადებას.

“პუტინის გეგმა” მხარეებს უსაფრთხოებასა და მთიანი ყარაბაღის ფაქტობრივ დამოუკიდებლობას სთავაზობს, მაგრამ საკითხის გადაწყვეტის იურიდიული ასპექტის ძალიან დიდი ხნით გადავადებას გულისხმობს. აზერბაიჯანისთვის ეს შესაძლებელია, რადგან ამ ქვეყნის კონსტიტუცია არ ეწინააღმდეგება მთიანი ყარაბაღის ნებისმიერ ისეთ სტატუსს, რომელიც მას ფორმალურად აზერბაიჯანის შემადგენლობაში დატოვებს.

ამ გეგმის რეალისტურობას არაპირდაპირ ადასტურებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ მცირე ხნის წინ გაკეთებული განცხადებები:

“მთიანი ყარაბაღი არასდროს მიიღებს დამოუკიდებლობას… მთიანი ყარაბაღის სტატუსს რაც შეეხება, ეს მომავლის საკითხია. რა თქმა უნდა, გარკვეული სტატუსი მიენიჭება. ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში პროგრესული გამოცდილება და განსხვავებული სტატუსები არსებობს. მაგრამ ამ სტატუსმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა დაარღვიოს.”

ასეთი გეგმის არსებობის დამამტკიცებელი კიდევ უფრო აშკარა (მაგრამ მაინც არაპირდაპირი) დასტურია რუსეთისა და სომხეთის შერიგების პროცესი, რომელიც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ორმხრივი თანამშრომლობის, ფაქტობრივად, ყველა სფეროს მოიცავს – ტურიზმით დაწყებული, სამხედრო თანამშრომლობით დასრულებული.

თუკი ეს გეგმა ამოქმედდება, შესაძლოა, დროთა განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრები გაიხსნას (შეგახსენებთ, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ). შესაძლებელია, ასევე, სომხეთისა და თურქეთის შერიგების პროცესის განახლებაც.

რეგიონში საზღვრების გახსნა და აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით თურქეთში მიმავალი სარკინიგზო ხაზის გახსნა მოსკოვისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა – მით უმეტეს, იმის გასთვალისწინებით, რომ სომხურ რკინიგზას რუსეთი კურირებს. გზებისა და საზღვრების კონტროლით რუსეთი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობის ახალი წესების დადგენას შეძლებს. და მთლიანობაში, რეგიონული ტრანზიტის (ან მისი არსებითი ნაწილის) საქართველოდან სომხეთში გადმოტანა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მოსკოვის პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში – როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით.

პუტინი-სარგსიანი-ალიევი, 2016 წლის ივნისი

ამ პროცესის შედეგი შეიძლება აზერბაიჯანისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თანდათანობითი დაახლოებაც გახდეს, რისკენაც რუსეთი, უკვე დიდი ხანია, მიისწრაფვის და ამას არც მალავს.

ამ გეგმის კიდევ ერთი შედეგი საქართველოს ეხება. ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც, ტრანზიტის შემცირებასთან ერთად, აუცილებლად შეექმნება საქართველოს, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში თბილისის საგარეო პოლიტიკის კურსზე იქონიებს გავლენას და ქვეყნის ნატოში შესვლის სურვილის კორექტირებას მოახდენს.

ასეთი პროცესები წაადგება არამხოლოდ რუსეთს, არამედ თურქეთსაც, რომელსაც ამჟამად რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ცენტრალურ აზიასთან საარკინიგზო მიმოსვლა არ აქვს, მაგრამ, გიუმრის სასაზღვრო გადასასვლელის განახლების შემთხვევაში, ასეთი კომუნიკაციების დამყარების ალბათობა რეალური გახდება.

ამ გეგმის რეალიზაციის შემთხვევაში, ახალი მდგომარეობის შენარჩუნების გარანტად საერთაშორისო სამშვიდობო ძალები მოგვევლინებოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ ამის მანდატი მიეცეს ეუთოს, ან კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (კუშო), რომელშიც რუსეთი მთავარ როლს ასრულებს

თეორიულად, ასეთია “პუტინის გეგმის” სავსებით ლოგიკური შესაძლო შედეგები. თუმცა, სავსებით გაუგებარია, პრაქტიკაში როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ “ოთხდღიანი ომის” შემდეგ სომხურ სამყაროში (სომხეთი-მთიანი ყარაბაღი-სათვისტომოები) აშკარა კონსოლიდაცია მოხდა. ამჟამად სომეხი მეომრების სისხლით მოპოვებული მიწების დაბრუნებაზე საუბარიც კი არ შეიძლება. მეორე მხრივ, გამყოფ ზოლზე არსებულ გარკვეულ დეესკალაციას ბევრი ერთგვარ შესვენებად აღიქვამს ახალი ომის წინ. თუმცა, ერევანში არც იმას განიხილავენ, თუ რა შეიძლება დაუპირისპირონ შესაძლო ზეწოლას ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნების (და, პირველ რიგში, რუსეთის) მხრიდან.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიან

მეორე მხრივ, სრულიად გაუგებარია, როგორ აპირებენ სომხეთისა და ყარაბაღის ხელისუფლები საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ეს გეგმა მისაღებია – იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას თავად ამ სუბიექტების ხელმძღვანელები მოიწონებენ. აქ საზოგადოება და ხელისუფლება სხვადასხვა განზომილებებში ცხოვრობენ და არც მალავენ ერთმანეთის მიმართ უკიდურეს უნდობლობას.

ამ კონტექსტს ლოგიკურად ერწყმის პირველი ყარაბაღული ომის სახელგანთქმული მონაწილის, ცნობილი ოპოზიციონერისა და რადიკალის, ჟირაირ სეფილიანის დაკავება. სეფილიანს სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინათ, ამ საქმის გამოძიების პროცესში ჩხრეკა ყარაბაღის მოძრაობის რამდენიმე სხვა ვეტერანის სახლშიც ჩატარდა.

არ არის გამორიცხული, რომ ეს ზომები პრევენციული იყოს. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ საზოგადოების რადიკალურად განწყობილი ნაწილი მართლაც მზად იყოს, ყარაბაღის კონფლიქტის ასეთი გზით მოგვარებას ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი. ამ ადამიანების აზრით, დარეგულირების ეს გზა სომხური მხარისათვის სრულიად მიუღებელია.

 JAMnews-ის დოსიე

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციას, რომელიც 2016 წლის აპრილში მოხდა და ორივე მხრიდან მრავალრიცხოვანი დანაკარგი გამოიწვია, შუამავლების განსაკუთრებული გააქტიურება მოჰყვა. ორი თვის (მაისისა და ივნისის) განმავლობაში ვენასა და სანქტ-პეტერბურგში, ეუთოს “მინსკის ჯგუფისა” და რუსეთის ძალისხმევით, ორი სამიტი გაიმართა, რომლებშიც სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა, ილხამ ალიევმა მიიღეს მონაწილეობა. ამჟამად მესამე ასეთი შეხვედრა მზადდება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ა.წ აგვისტოს გაიმართება პარიზში. ასევე, ვრცელდება ვერსია მომდევნო საპრეზიდენტო სამიტის შესახებ, რომელიც შემოდგომაზე აშშ-შია დაგეგმილი.


ასევე წაიკითხეთ