„არმენიის“ მფლობელები ოპოზიციისგან ფულს ითხოვენ იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რაც მათ რესტორანს პროტესტების გამო ადგება" />

მოსკოვში რესტორანმა “არმენიამ” სამთავრობო პროტესტის მონაწილეებს სასამართლოში უჩივლა

„არმენიის“ მფლობელები ოპოზიციისგან ფულს ითხოვენ იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რაც მათ რესტორანს პროტესტების გამო ადგება

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორანი „არმენია“ ერთადერთი კერძო დაწესებულება გახდა, რომელმაც სასამართლოში შეიტანა სარჩელი სამთავრობო პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ.

უკვე თვეზე მეტია, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ქუჩის აქციები მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვებას ითხოვენ. ეს უფლება მათ საარჩევნო კომისიამ წაართვა. 

„არმენიის“ მფლობელები ოპოზიციონერი ლიდერებისგან ფულს ითხოვენ იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რაც მათ რესტორანს პროტესტების გამო ადგება.

მათი თქმით, ვინაიდან რესტორანი “არმენია” მოვლენების ეპიცენტრში მდებარეობს, 27 ივლისს, როდესაც მოსკოვის ცენტრში ხალხმრავალი აქცია იყო, უსაფრთხოების მიზნით, მათ რესტორნის დაკეტვა მოუხდათ, რის გამოც იზარალეს.

27 ივლისის აქციაზე პოლიციამ დააპატიმრა 1373 ადამიანი, რამდენიმე ათეულს კი განსაკუთრებული სისასტიკით სცემა.

რესტორნის მფლობელები, კომპენსაციის სახით, 550 ათას რუბლს (დაახლოებით 8 ათას დოლარი) ითხოვენ. ეს ფული, მათი თქმით, ოპოზიციონერმა ლიდერებმა ალექსეი ნავალნიმ, ლიუბოვ სობოლმა და ლევ იაშინმა უნდა გადაიხადონ.

რესტორნის ამ პოზიციას საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა. ათასობით ადამიანი რესტორნის ფეისბუკ-გვერდზე შევიდა და ნეგატიური შეფასება და კომენტარები დატოვა.

რესტორანი იძულებული გახდა, საერთოდ დაეხურა გვერდი. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ წერს.

• 900-ზე მეტი დაკავებული. რა ხდება მოსკოვის ქუჩებში და რას ნიშნავს ეს?

• რუსეთი – სამოთხე ქურდებისთვის?

ჟურნალისტმა, სერგეი ეჟოვმა მოიგვიანებით გამოიძია, რომ კომპანიამ, რომელსაც რესტორანი „არმენია“ ეკუთვნის, ცოტა ხნის წინათ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა.

• პროტესტი რუსეთში: რისი უნდა გვეშინოდეს და რისი იმედი გვქონდეს?


ასევე წაიკითხეთ