JAMnews-ის რედაქტორის, დიმიტრი ავალიანის სტატია მოსკოვის კარნეგის ცენტრისთვის " />

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან

JAMnews-ის რედაქტორის, დიმიტრი ავალიანის სტატია მოსკოვის კარნეგის ცენტრისთვის

ფოტო: პატრიკ სალატი , JAMnews

სტატიის ორიგინალი ვერსია

საქართველოში, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ხაფანგში გაება, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში თვითონვე ამზადებდა. პოლიტიკური კრიზისი მოულოდნელად აფეთქდა საქართველოში და ეგრევე დაანგრია ორი ლეგენდა, რომელზეც ხელისუფლება იდგა – განსაკუთრებული ჰუმანურობის შესახებ შიდა პოლიტიკაში და მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით მიღწეულ უპრეცედენტო წარმატებაზე. ეს სერიოზულად უთხრის ძირს რეჟიმის ლეგიტიმაციას და მომავალში ხელისუფლების შენარჩუნებას ძალიან ართულებს.

20 ივნისს, სპონტანურად დაწყებული პროტესტი, რომელიც პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩაჯდომას მოჰყვა, დედაქალაქის ცენტრში ნამდვილ სასაკლაოდ გადაიქცა, რის შედეგადაც ორასზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

სინამდვილეში, კონკრეტული მიზეზი არც ისე მნიშვნელოვანი იყო. ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო. მხოლოდ ასეთი კითხვა იყო – როდის და რა გახდებოდა ამის მიზეზი. ხელისუფლებით უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა და გამოსავალს ვერ პოულობდა, საბოლოოდ გარეთ ასეთი სახით გამოიფრქვა. და რუსეთთან ურთიერთობის საკითხი არ იყო აქ მთავარი გამაღიზიანებელი.

 მშვიდობიანი აქციები საქართველოს პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი

• საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. რა იქნება შემდეგ? ექსპერტების შეფასებები

• შეტაკება თბილისის ცენტრში – როგორ მოხდა ეს? ფოტორეპორტაჟი

ხელისუფლება, რომელიც „ხელს არ სწევდა საკუთარ ხალხზე“

თბილისში, 20-21 ივნისის ღამით საპროტესტო აქციის დაშლამ, მთელი თავი დახურა ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის ეპოქაში. თუკი ადრე ხელისუფლება საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენდა, როგორც „ბალახისმჭამელის“, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის 2003-2012 წლების ხელისუფლებისგან, ახლა ეს ლეგენდა დასრულდა – ახალი ხელისუფლების სისასტიკემ თუ არ გადააჭარბა წინამორბედისას, ყოველ შემთხვევაში, არაფრით ჩამორჩა.

თუმცა ქვეყანაში, რომელიც თავისი დამოუკიდებლობის ათვლას 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან იწყებს, როდესაც საბჭოთა ჯარებმა მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს და 21 ადამიანი მოკლეს, საპროტესტო აქციების დარბევისადმი ძალიან მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვთ. სააკაშვილი დიდწილად იმიტომ დაეცა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევა არ აპატიეს.

ამჯერად ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოავლინეს გაუმართლებელი სისასტიკე, ძალიან გასცდნენ რა დავალებას, არ დაეშვათ დემონსტრანტების შესვლა პარლამენტის შენობაში – მათ გაწმინდეს მთელი რუსთაველის გამზირი და უკან გაეკიდნენ გაქცეულ დემონსტრანტებს, რომელთაც პირდაპირ სახეში ესროდნენ რეზინის ტყვიებს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რატომ გადადგა ხელისუფლებამ ასეთი სუიციდური ნაბიჯი. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მათ შეცდომით ჩათვალეს, რომ მრავალათასიანი, ძირითადად ახალგაზრდული პროტესტის ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. და, შესაბამისად, ხელისუფლების შენარჩუნება შეიძლებოდა მხოლოდ ამ პარტიის მხარდამჭერების საჩვენებელი დასჯით. ის, რომ ასეთი მიდგომა შეცდომა იყო, დადასტურდა შემდეგ დღეს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიტინგზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე წინა დღეს.

ივანიშვილი და რუსეთი

ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელმაც მილიარდობით ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, 2011 წლიდან, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება იყო. ამის პარალელურად, მთავარ მიზნად აცხადებდა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.

ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი იყო ის, რომ 2008 წელს მან რუსეთთან ომი გააჩაღა და თავისი არაშორსმხედველური პოლიტიკით საქართველოს რუსული ბაზარი დააკარგვინა.

ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში დაიწყო მოლაპარაკებები თბილისსა და მოსკოვს შორის ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებზე (აბაშიძე-კარასინის ფორმატი), მოხერხდა ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის, ასევე, რეგულარული სატრანსპორტო კავშირების აღდგენა. რუსეთის მხრიდან გარკვეული შემსუბუქებები მოხდა, მაგრამ არ გაუქმებულა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

თბილისმა და პირადად ივანიშვილმა, თავის მხრივ, შეამსუბუქეს რუსეთისა და მისი ხელისუფლების მიმართ რიტორიკა. მართლაც, ივანიშვილი ყოველთვის თავს იკავებდა საზოგადოების წინაშე პუტინის ღია კრიტიკისგან, ძალიან აშკარა საკითხებზეც კი.

რუსეთმა საქართველოს თავისი ბაზარი გაუხსნა, მაგრამ ასევე გაიზარდა ექსპორტი და რუსი ტურისტების რიცხვი თბილისში (ერთშიც და მეორეშიც რუსეთი საქართველოში პირველ ადგილზე გადავიდა) და დაიწყო ქვეყნის დაბრუნება იმ დროში, როდესაც საქართველო კრიტიკულად იყო დამოკიდებული რუსეთზე.

თუმცა, პოლიტიკის მხრივ, მხარეები არ დაახლოებიან ერთმანეთს არცერთი ნაბიჯით: რუსეთი კვლავინდებურად იდგა თავის პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, საქართველომ კი „ახალი რეალობა უნდა აღიაროს“. თავის მხრივ, თბილისის ამტკიცებდა, რომ არ შეიძლება საქართველოში რუსეთის სამი საელჩო იყოს გახსნილი – გულისხმობდა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგებოდა მანამ, სანამ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება ძალაში იქნებოდა.

თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ივანიშვილის პირობებში საქართველოში აყვავდა რუსული სახელმწიფო მედია და პრორუსული ორგანიზაციები: ერეკლე მეორეს საზოგადოება, ევრაზიული არჩევანი, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული, პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი და ა.შ. ასეთი ორგანიზაციების საქმიანობა ძირითადად მიმართულია ნატოსა და ევროკავშირის კურსზე უარის თქმასა და მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.

საქართველოში სულ უფრო გახშირდა რუსული დელეგაციების მონაწილეობით ღონისძიებების გამართვა, რომელთაგან ერთ-ერთიც, მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა, სერგეი გავრილოვის მონაწილეობით, საბედისწერო გამოდგა.

სარქვლების დახურვა

„რუსოფობიური პროვოკაცია“ – ასე უწოდა საპროტესტო აქციასა და თბილისში განვითარებულ მის თანმდევ მოვლენებს ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, თავად პრეზიდენტმა პუტინმა და აკრძალა საქართველოს მიმართ ფრენები, თითქოსდა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების მოტივით. სინამდვილეში, ჯერჯერობით საქართველოში მყოფი რუსეთის არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქეები დაუპირისპირდნენ ხელისუფლების პრორუსულ ნაბიჯებსა და ორ სავარძელზე ჯდომის დაუსრულებელ მცდელობებს – გაეტარებინათ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკა და, ამავდროულად, კრემლის გული მოეგოთ.

ლოგიკურია, რომ სწორედ ამ დრომდე აპოლიტიკურმა ახალგაზრდებმა შეადგინეს პროტესტის მონაწილეთა ძირითადი მასა: ახლანდელი ქართველი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი არ იცნობს რუსეთს და მის შესახებ იცის მხოლოდ ის, რომ რუსეთი – ოკუპანტია. ეს კვლავინდებურად ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ლოზუნგია საქართველოში. ახალგაზრდების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ლაპარაკობს რუსულად და აქვს ურთიერთობა რუსებთან, მაგალითად, ისინი, ვინც დასაქმებულია ტურისტულ სფეროში. თუმცა, პრაქტიკულად არცერთი მათგანი რუსეთში არ არის ნამყოფი და ამ თაობას არ აქვს სენტიმენტები საბჭოთა ეპოქასთან დაკავშირებით და საკუთარ შეხედულებებს ამ ქვეყნის მიმართ აგებენ ადგილობრივ და საერთაშორისო პრესაზე, ვირტუალურ რეალობასა და საკუთარ შეხედულებებზე დაყრდნობით იმ პოლიტიკისადმი, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი ატარებს.

თუმცა, საქართველოში რუსული გავლენის თემა, სავარაუდოდ, მხოლოდ დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი უკმაყოფილების აფეთქების მიზეზი გახდა. მისი ზრდა თუნდაც NDI-ის გამოკითხვებით შეიძლება ვნახოთ: იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, წლიდან წლამდე იზრდებოდა და სარეკორდო, 46 პროცენტი შეადგინა 2019 წლის მაისში.

ის, რომ „ოცნება“ უკვე აღარ არის ძველებურად პოპულარული, აჩვენა 2018 წლის ნოემბერში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა. როდესაც, ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ პრაქტიკულად 40 პროცენტი მიიღო და სახელისუფლებო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ მეორე ტურში მოახერხა გამარჯვება და ისიც მას შემდეგ, რაც მთელი დატვირთვით ამუშავდა „ქართული ოცნების“ სრული რესურსი.

რამდენიმე მუნიციპალიტეტში გამართულმა მერის შუალედურმა არჩევნებმა ასევე აჩვენა უკმაყოფილების ზრდა, მაგრამ, ყველგან მმართველმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება. თუმცა, არც აქ ჩაუვლია მოვლენებს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის გამოყენების გარეშე.

პრაქტიკულად, ოპოზიცია ამ მომენტისთვის არ იკავებს არცერთი მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევით თანამდებობას. ამრიგად, ივანიშვილმა საკუთარი პარტიის მეშვეობით, ხელში აიღო სრული ძალაუფლება, ადგილობრივ დონეზეც კი.

ივანიშვილის პარტია სასამართლო რეფორმის რთული პროცედურების შედეგად, ასევე ლოიალურად განწყობილი მოსამართლეების დახმარებით, თანდათან ამყარებს კონტროლს სასამართლოს ყველა დონეზე. სწორედ ძალაუფლების ასეთი „თავის დაცობა“, მასთან ოპონენტების თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობის არმიშვება, აისახება ყველაზე მეტად მის პოპულარობაზე და ქმნის ორთქლის ქვაბის ეფექტს, როცა გამოსაშვები არხების არარსებობის გამო უკმაყოფილება შიგნით გროვდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, ქვაბი გასკდება.

აფეთქებისთვის ბევრი მიზეზია – ფაქტობრივი ეკონომიკური სტაგნაცია, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდის ზრდის ტემპებთან შედარებით. 2018 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,8 პროცენტი, სააკაშვილის პერიოდში კი 2007 წელს 12 პროცენტი დაფიქსირდა. საშუალო ხელფასი 2019 წელს საქართველოში 1092 ლარია (დაახლოებით 400 დოლარი).

ასევე, დრამატულად იზრდება კრიმინალი (2017-დან 2018 წლამდე 58 პროცენტით). ნეპოტიზმი პრაქტიკულად ისევ ოფიციალური გახდა, კორუფციული სკანდალები კი – საწყენი გამოვლინებები. 2018 წელს ქრთამის აღებისთვის დააპატიმრეს ქალაქ ზუგდიდის მერი, რომელიც მმართველი პარტიის სახელით იყო არჩეული. 2019 წლის აპრილში, რამდენიმე ბათუმელი მაღალჩინოსანი, მათ შორის, ქალაქის ყოფილი მერი და ახლანდელის მოადგილე დააკავეს „ატკატების“ გამო. ჟურნალისტებმა მიაგნეს ყოფილი მთავარი პროკურორის ძალიან ძვირფას უძრავ ქონებას, რომლის წარმომავლობის ახსნაც არავის უცდია.

უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია – სამართალდამცავ სისტემასა და სასამართლოში არსებული მდგომარეობა. 2018 წლის მაისსა და ივნისში ახალგაზრდები უკვე გამოვიდნენ ქუჩაში, თბილისის ცნობილ ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო რეიდების გასაპროტესტებლად და ასევე, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად – ესაა მამა ჩხუბისას მოკლული არასრულწლოვნისა, რომლის მკვლელობაც (როგორც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ დაამტკიცა) სათანადოდ არ გამოიძიეს.

მაგრამ, ალბათ, მთავარი ხარვეზი სისტემის, რომელიც კულისებიდან ოლიგარქ ივანიშვილის მიერ იმართება – არის ის, რომ ხელისუფლების წევრები და დეპუტატები აშკარად არ მიიჩნევენ თავს ხალხისადმი ანგარიშვალდებულად. ისინი ანგარიშვალდებული არიან ერთადერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

„ქართული ოცნება“ 21 ივნისს, პროტესტის შეჩერებას პარლამენტის სპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლებით შეეცადა, მაგრამ ეს დიდად არ დაეხმარა.

გაგლეჯილი ოცნება

21 ივნისს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით უქმდება რუსული ავიაკომპანიების რეისები საქართველოს მიმართულებით. პუტინმა ფაქტობრივად გაიმეორა საკუთარი ცამეტი წლის წინანდელი გადაწყვეტილება, როდესაც, თბილისში, რუსეთის გრუ-ს ოფიცრების დაპატიმრების გამო, 2006 წელს მკაცრი ემბარგო დაუწესა ყველა ტიპის ქართულ პროდუქციას და გადაკეტა მასთან სატრანსპორტო კავშირი. პუტინის ახლანდელი გადაწყვეტილება პირველ რიგში შემოსავლის დაკარგვას მოასწავებს საქართველოში, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, რაც აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე, ეროვნული ვალუტის კურსზე და ა.შ.

დასაჯა რა საქართველო ასე სამაგალითოდ, პუტინი არ შეიძლება არ აცნობიერებდეს, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაართულებს კრიზისის შედეგებს „ქართული ოცნებისთვის“ – ეკონომიკურმა პრობლემებმა შეიძლება ახალი პროტესტი გამოიწვიოს. ეს კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს მრავალი წლის განმავლობაში რუსეთისადმი დე ფაქტო ყველაზე მეგობრულად განწყობილ ხელისუფლებას. ეს ან შორსმჭვრეტელობის ნაკლებობაა, ან იმის იმედი, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო მოსახლეობის პროტესტი მანამდე შეწყდება, სანამ ეს ყველაფერი ეკონომიკურ დანაკარგებამდე მივა. ანდაც, კრემლს უკვე აღარ უნდა, დაეხმაროს „ოცნებას“, რომელმაც „იმედები ვერ გაამართლა“ და არ დასაჯა „რუსოფობები“ ისე, როგორც მათ ეს დაიმსახურეს.

ერთი მხრივ, მზარდი პროტესტი, მეორე მხრივ – პუტინის ემბარგო, ივანიშვილსა და მის პარტიას კრიტიკულ მდგომარეობაში აყენებს. გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები უკვე მომავალ წელს გაიმართება და დღეს იმის ალბათობა, რომ ივანიშვილის მმართველობა ამაზე დასრულდება, უფრო დიდია, ვიდრე ერთი კვირის წინ.

Ив


ასევე წაიკითხეთ