აფხაზეთში პროდუქტების ხარისხზე საუბარი მხოლოდ „თვალით“ შეიძლება" />

პელმენების საგა

აფხაზეთში პროდუქტების ხარისხზე საუბარი მხოლოდ „თვალით“ შეიძლება

აფხაზეთში საოჯახო წარმოების პროდუქციის სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც მაღაზიებსა და ბაზრებში იყიდება. მაგრამ ამას დიდი აზრი არ აქვს – იმიტომ, რომ სერტიფიკატი არც ხარისხის გარანტიას იძლევა და საერთოდ, არც არაფრის.

პრობლემა ისაა, რომ აფხაზეთში არ არის ლაბორატორია, სადაც პროდუქტებს გამოიკვლევენ და დადებენ დასკვნას, რომ ის ან შეესაბამება, ან არ შეესაბამება დასაშვებ ნორმებს. და ეს შეეხება არამხოლოდ „ოჯახურ“ კატლეტებსა და ღვეზელებს. ლაბორატორიის არარსებობის პირობებში, შემოწმებას საერთოდ ვერანაირი პროდუქტი ვერ გადის – ვერც ადგილობრივი წარმოების და ვერც იმპორტული.

შესაბამისად, სერტიფიცირებული პროდუქტი აფხაზეთში ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხარისხიანსა და უსაფრთხოს.

• როდის და რატომ დაიკარგა ბოთლის ღვინის კულტურა საქართველოში

• როგორ არის მოწყობილი აფხაზეთის მთავარი ბიზნესი – ტურიზმი?

ქვსი თეთრი ჩაჩი და 12 აკაპიწებული ხელი ტრიალებს მაგიდის თავზე. ეს ნახევარფაბრიკატი პელმენების საამქროში ხდება.

საოჯახო ნახევარფაბრიკატი „უბირია“ სოხუმის თითქმის ყველა მაღაზიის მაცივარში დევს. წარმოება შვიდი წლის წინ აიდა პანოსიანმა დაიწყო.

ფოტო: მარიანა კოტოვა

„წარმოება თვითონ დავიწყე. პელმენებს პირველ პარტიებს საკუთარი სახლის სამზარეულოს მაგიდაზე ვამზადებდი. პირველ შემოსავალს ბიზნესის გაფართოებას ვახმარდი, – გვიყვება აიდა, – ჩემი სახლის ეზოს გარეთ წარმოების გატანა ვერ მოვახერხე, მაგრამ ახლა ცალკე საამქრო მაინც მაქვს“.

საოჯახო წარმოება – აფხაზეთში საკმაოდ გავრცელებული ბიზნესია. დაახლოებითი გამოთვლით, ყოველი მეხუთე დიასახლისი ყიდის საკუთარ პროდუქციას. ერთნი ტორტებს აცხობენ, სხვები ტკბილეულს, ზოგი კერავს და ზოგიც კოსმეტიკურ მომსახურებას ეწევა.

შემოსავლების სამსახურში ვერ გვიპასუხეს კითხვაზე, აფხაზეთში რამდენი ადამიანი გამოიმუშავებს პურის ფულს ასეთი ინდივიდუალური ბიზნესით. რაც გასაკვირი არ არის – აფხაზეთში ფაქტობრივად ყველა „საოჯახო“ წარმოება მალავს საკუთარ საქმიანობას შემოსავლების სამსახურისგან და გადასახადებს არ იხდის.

მხოლოდ წელს დაიწყო „უბირიას“ პროდუქტების შეფუთვა ქარხნული პაკეტების მსგავსად, ამ დრომდე, ჩვეულებრივ პოლიეთილენის პარკებში ათავსებდნენ.

როგორც აიდა პანოსიანი ამბობს, ნახევარფაბრიკატების წარმოება აფხაზეთში – არც ისე შემოსავლიანი ბიზნესია.

„შემოსავალი მხოლოდ ცხოვრებისთვის არის საკმარისი, მაგრამ არა ბიზნესის გაფართოებისთვის. და საქონელზე მოთხოვნაც – სეზონურია“, – აცხადებს აიდა.

არის თვეები, როდესაც მუშაობა საერთოდ არ ღირს, რადგან ხარჯები შემოსავალს აჭარბებს.

„ზამთარში, შეფუთვასა და საქონლის მიტანაზე უფრო მეტის გადახდა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში ნახევარფაბრიკატებს ჩემი ქმარი აბარებს. ზამთარში ნედლეულის ფასიც, როგორც წესი, უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულში“, – გვიყვება აიდა.

ასეთი საოჯახო წარმოების დასაწყებად აუცილებელია ტექნიკური და ენერგეტიკული ზედამხედველობის კომიტეტის სერტიფიკატის მიღება.

მაგრამ აფხაზეთში ამ სერტიფიკატს ბევრი ვერ იღებს.

„ადამიანები მიეჩვივნენ, რომ უბრალოდ, შეუძლიათ გამოაცხონ ტორტი, მოამზადონ პელმენი – და გაყიდონ ყველანაირი საბუთის გარეშე“, – აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თემურ ბიგვავა.

„სტანდარტების კომიტეტი – ახალი ორგანიზაციაა. ჩვენ ნახევარი წლის წინ მოვკიდეთ საქმეს აქტიურად ხელი. ყველა მცირე მეწარმემ არ იცის, რომ აუცილებელია მათი პროდუქციის სერტიფიცირება. აქედან გამომდინარე, ჯერ მათ არ ვაჯარიმებთ, ვაფრთხილებთ და სერტიფიკატის მისაღებად გარკვეულ ვადას ვუწესებთ“.

სერტიფიკატი, როგორც უკვე აღინიშნა, პროდუქციის ხარისხის შემოწმების გარეშე გაიცემა. საუბარია მხოლოდ ბაზრის რეგულაციასა და გადასახადების გადახდაზე, არა ხარისხის გარანტიაზე.

პერიოდულად, კომიტეტის თანამშრომლები ტექნიკურ პირობებს ამოწმებენ. ისინი გაუფრთხილებლად მიდიან და სწავლობენ პირობებს, რომელშიც პროდუქცია მზადდება.

კომისიის ერთ-ერთი ასეთი შემოწმების მოწმენი JAMnews-ის ჟურნალისტები გახდნენ. ექსპერტები იმ მისამართზე წავიდნენ, რომელიც „საოჯახო პელმენის“ პაკეტზე იყო მითითებული.

საამქრო, კერძო სახლის მიშენება აღმოჩნდა. ბინძური ნიჟარა და მაგიდები, რომელიც ძველი დაფებისგან იყო დამზადებული, ჟანგიანი იარაღები, ობობას ქსელი კედლებზე და კოღოები.

„აქ შეიძლება ააწყო ველოსიპედი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკვები პროდუქტი“, – განაცხადა ერთ-ერთმა ინსპექტორმა.

ფოტო:მარიანა კოტოვა

შემოწმების შედეგების მიხედვით, შედგა ოქმი და საამქროს მეპატრონეს მიეცა გაფრთხილება. მაგრამ მასში მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ მაცივრები არ მუშაობდა და დამიწება არ ჰქონდა.

„რამდენად ბინძურია შენობა, ამის შეფასება მხოლოდ სანეპიდემსადგურს შეუძლია, მაგრამ არა ჩვენ“, – ამბობს თემურ ბიგვავა. „თუკი ისინი არ გამოასწორებენ მაცივრებსა და დამიწებასთან დაკავშირებით სიტუაციას, მაშინ შეგვეძლება მათი დაჯარიმება და შემდეგი ნაბიჯი იქნება პროკურატურისთვის მიმართვა“.

„ჩვენ პროდუქციის ხარისხზე საუბარი შეგვიძლია მხოლოდ შეხედვით, როგორ გამოიყურება ისინი“, – აცხადებს ბიგვავა.

“ი

ს ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტი, რომელიც ოფიციალურ ადგილებზე იყიდება, უნდა იყოს შემოწმებული ბაქტერიულ უსაფრთხოებაზე, რადიაციის დონესა და პესტიციდების შემცველობაზე.

„მაგრამ შესაბამისი აღჭურვილობა ძალიან ძვირი ღირს და ჩვენ თვითონ მისი შეძენა არ შეგვიძლია“, – ამბობს თემურ ბიგვავა.

იმ საამქროში არსებული ატმოსფერო, რომელშიც JAMnews-ი მოხვდა და აიდა პანოსიანის საწარმოში არსებული სიტუაცია, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ბაზარზე ისინი თანაბარ კონკურენციაში არიან. ხარისხის სერტიფიკატი არ არსებობს და მომხმარებელი ძირითადად ყურადღებას ფასს აქცევს.

პროდუქტზე დაბალი ფასის შენარჩუნება მაშინ არის ადვილი, როდესაც ნაკლებს ხარჯავ მის ხარისხზე.

„მე ხშირად ვყიდულობ საოჯახო პელმენებს, – ამბობს მაღაზია „სოხუმ-მარკეტის“ მუდმივი მომხმარებელი მარინა, – მასში იგრძნობა ნამდვილი ხორცის გემო. ვირჩევ იმას, რომელიც უფრო იაფი ღირს, რა განსხვავებაა – მათ ხომ ყველას ჩვენი ხალხი ამზადებს“.

ასე გვიპასუხა იმ მომხმარებლების უმრავლესობამ, რომლებიც JAMnews-მა რამდენიმე მაღაზიაში გამოკითხა. აი, მწარმოებლებს, პელმენების პაკეტებში სავიზიტო ბარათების ნაცვლად, იმ საამქროების ფოტოების ჩადებას რომ დაავალებდნენ, რომელშიც მათ ამზადებენ…

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ