ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ს დაექვემდებარება " />

პარლამენტმა „ფარულ მოსმენებთან“ დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ს დაექვემდებარება

პარლამენტმა პირველი მოსმენით – 89 ხმით, 20-ის წინააღმდეგ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. პროექტის მთავარი სიახლე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა. 

სატელეფონო კომუნიკაციის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ფარული მოქმედებების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება.

კანონპროექტით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეკისრება: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტო გადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. თუმცა, სსიპ-ის სტატუსით ისევ სუს-ის დაქვემდებარებაში მოექცევა.

აღნიშნულ კანონპროექტს, ოპოზიციის გარდა, აქტიურად აკრიტიკებდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

საკოსტიტუციო სასამართლომ გასულ წლის აპრილში კამპანია “ეს შენ გეხება”-ს წევრთა სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  წვდომა პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის  საფრთხეს ქმნის. სასამართლომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საქართველოს პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა. ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, წარმოადგენილი კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არღვევს. იანვარში კამპანია “ეს შენ გეხებაში” შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განმარტეს, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი წინადადება  შეუსაბამობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან

 

ფარული მიყურადების რეგულირება საქართველოში

  • • 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო რეფორმა, რომლის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), რომელსაც დაეკისრა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის ფუნქციების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, სუს-ის უფლებამოსილება უნდა შემოფარგლულიყო დაზვერვითი და ანალიტიკური საქმიანობით, მას საგამოძიებო და საპოლიციო უფლებამოსილებები მიენიჭა. რეფორმამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა შსს-სა და სუს-ს შორის ფუნქციების პოტენციური დუბლირების, აგრეთვე ახლად შექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე სამოქალაქო თუ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შეზღუდული რესურსის გამო.
  • • 2015 წლის 31 მარტს ამოქმედდა მიყურადების ე. წ. “ორგასაღებიანი” სისტემა, რომლის მიხედვითაც, მიყურადების განსახორციელებლად სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლოს ნებართვის გარდა, სჭირდებათ ელექტრონული ნებართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან. ორგასაღებიანი სისტემის არსებობამ მაინც ვერ უზრუნველყო უკანონო მიყურადების სრულფასოვანი პრევენცია, რადგან ძალოვან უწყებებს კვლავ დარჩათ ტექნიკური შესაძლებლობა, სასამართლოსა და ინსპექტორის გვერდის ავლით განახორციელონ ფარული მიყურადება.
  • • 2016 წლის აპრილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სუს-ის ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმს ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესზე. ერთადერთი ბერკეტი, რაც ამ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს აქვს, არის მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება.

 


ასევე წაიკითხეთ