ქართველი სამართალდამცავები მაჩალიკაშვილს ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებდნენ " />

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

ქართველი სამართალდამცავები მაჩალიკაშვილს ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებდნენ

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა დღეს დილით ადრე გაუარესდა.

“ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს”, – განუცხადა მაჩალიკაშვილის დედამ აიზა მარგოშვილმა საავადმყოფოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს. მისი თქმით, მისი შვილი დღეს თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ უნდა გადაეყვანათ.

„დილით თურქეთში უნდა წაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის“, – განაცხადა აიზა მარგოშვილმა.

•   19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. სამართალდამცავთა მტკიცებით,  მაჩალიკაშვილს მაშინ ესროლეს, როდესაც ეს უკანასკნელი ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა; თუმცა, მაჩალიკაშვილის ნათესავების მტკიცებით, როდესაც სამართალდამცავები ტამერლანის ოთახში შეიჭრნენ, მას ეძინა.

•   სამართალდამცავთა ინფორმაციით, პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულები, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილიც,   გაბრიელ ბერის გამზირზე ლიკვიდირებულ პირებთან – ჩატაევთან და მის მეგობრებთან იყვნენ კავშირში – ისინი დაეხმარნენ მათ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასა და ბინის მოძებნაში, ასევე მოამარაგეს იარაღით.

•   მოგვიანებით რამდენიმე ასეულმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა პანკისში საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე შეკრებილები ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. მათი თქმით, მაჩალიკაშვილის მიმართ უშიშროების ძალთა ქმედებებმა „პანკისის ხეობაში დიდი რისხვა გამოიწვია“.

•   ოჯახი მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობას ითხოვდა, თუმცა კლინიკა, რომელიც მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდის მკურნალობას დათანხმდებოდა, ევროპაში ვერ მოიძებნა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ