სკანდალებით აღსავსე ბრაზილიის ოლიმპიადა დასრულდა" />

ოცდაერთობანას თამაში

 სკანდალებით აღსავსე ბრაზილიის ოლიმპიადა დასრულდა

რიოს ოლიმპიადა ისტორიის ნაწილი გახდა. უკვე ტრადიციად იქცა, რომ თამაშების დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტკბილ სიტყვებს არ იშურებს ოლიმპიადის მასპინძლების მიმართ და ყოველთვის აღნიშნავს, რომ “ეს ოლიმპიური თამაშები საუკეთესო იყო ისტორიაში.”

იმის გამო, რომ ტრანსლაცია გვიან იწყებოდა, ბევრმა ევროპელმა ვერ ნახა ეს ღონისძიება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ თუკი თომას ბახმა ეს სიტყვები წარმოთქვა, მას დიდი შინაგანი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდებოდა, რადგან რეალურად, ბრაზილიაში ჩატარებულ თამაშებს გაჭირვებითაც ვერ უწოდებ საუკეთესოს.

თავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი კი, რომელიც   მსოფლიოს მთავარი სპორტული ფუნქციონერის რანგში პირველად შეხვდა ოლიმპიადას, ალბათ ამჯობინებს, რომ რიოში გამართული თამაშები მალე მიეცეს დავიწყებას.

ამ ოლიმპიადაზე დიდებულმა მოცურავემ, მაიკლ ფელპსმა ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლების რიცხვი 24-მდე გაზარდა, უსეინ ბოლტმა კი ფანტასტიკური “ჰეთთრიკი” შეასრულა და უკვე ზედიზედ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე მოახერხა ორ სპრინტერულ დისტანციასა და ესტაფეტაზე გამარჯვების მოპოვება. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაფარავს იმ უარყოფით განწყობას, რაც ბრაზილიურ ოლიმპიადას სდევდა თან.  

ერთ დროს ლეგენდარული მოფარიკავის ზურგსუკან დამუნათებას და მისთვის არაგულწრფელობის დაბრალებას არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებდი, რადგან რეალურად, სწორედ ბახის წყალობით გადაურჩა ოლიმპიადა დოპინგთან დაკავშირებულ გამანადგურებელ სკანდალს, რომელშიც რუსეთი თავფეხიანად გაეხვია.

იგი არ დაემორჩილა პოლიტიკოსების, დოპინგის საწინააღმდეგო მსოფლიო სააგენტოსა და ჟურნალისტების უზარმაზარ ზეწოლას და, მიუხედავად იმისა, რომ  შეურაცხყოფილი სპორტსმენები მას სატისფაქციას სთხოვდნენ, მაინც შეძლო ოლიმპიური თამაშების, როგორც მთლიანი ორგანიზმისა და მსოფლიოს საუკეთესო ათლეტების ასპარეზობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, საიმიჯო დანაკარგებიც განიცადა, მაგრამ მაინც შეინარჩუნა.

რუსეთის თუნდაც შესამჩნევად შეკვეცილი გუნდის ოლიმპიადაზე დაშვებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მიმდინარე ოლიმპიადა და, იქნებ მომდევნო თამაშებიც, იმ სიტუაციის გამეორებას ააცილა, რაც ოთხმოციანი წლების დასაწყისში შეიქმნა.

მაშინ ორად გაყოფილ მსოფლიოში ორი ოლიმპიადა ჩატარდა, რომლებზეც მხარეებმა ერთმანეთს ბოიკოტი გამოუცხადეს. თავიდან მოსკოვის ოლიმპიადას იგნორირება გაუკეთეს შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთი ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ; ოთხი წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა და მისმა მოკავშირე სოციალისტური ბანაკის ქვეყნაბმა  მათ “რევერანსითვე” უპასუხეს და თავიანთი ათლეტების ლოს-ანჯელესში გაგზავნაზე უარი განაცხადეს.

“ცივი ომის” მთავარ სპორტულ ტურნირზე გავრცობით პოლიტიკოსებმა მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ ათლეტების მიერ მოპოვებულ მედლებს ცუდი გემო დაჰკრავდა.

გარეგნულად და ოფიციალური სტატუსით ეს ჯილდოები სხვა ოლიმპიადებზე მოპოვებული მედლებისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ აზრი, რომ ისინი არაოპტიმალურ კონკურენტულ გარემოშია მოპოვებული, მათ ბრწყინვალებას აუფერულებდა – პირველ რიგში, თავად ათლეტების თვალში.

ალბათ, ასევე იქნება აღქმული ბერძენი ეკატერინა სტეფანიდის მიერ  მოგებული ოქროს მედალი, რომელიც მან რიოს ოლიმპიადაზე ჭოკით მხტომელთა სექტორში მოიპოვა. რა თქმა უნდა, სტეფანიდის ბრალი არ არის, რომ მისი მთავარი კონკურენტი, დიდებული ელენა ისინბაევა, ყველა სხვა რუს მძლეოსანთან ერთად, შეჯიბრებებზე არ დაუშვეს.

ხანგრძლივი კარიერისა და სუფთა რეპუტაციის მქონე სპორტსმენმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა დოპინგის “გაჩარხვაზე”, სამწუხაროდ, კოლექტიური პასუხისმგებლობა გაიზიარა. ამ ვერდიქტის შემდეგ ელენა ისინბაევამ წარმოთქვა გულშიჩაწვდომი ფრაზა: “ჩემი არყოფნისას ვინც არ უნდა გაიმარჯვოს რიოს ოლიმპიადაზე, ის მაინც მეორე ადგილზე გავა”.  სტეფანიდისთვის ისინბაევას ეს ნათქვამი ყოველთვის მუნათად დარჩება.

შესაძლოა, ისინბაევას შეფასებები ასეთი დაუნდობელი არც ყოფილიყო, რომ არა კიდევ ერთი გარემოება. თავად  ათლეტის თქმით, მის არდაშვებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მან მხტომელთა სექტორის კოლეგებს დაუგზავნა SMS შეტყობინება, რომელშიც იგი კოლეგებს თანადგომასა და მხარდაჭერას სთხოვდა. თუმცა, მის ამ თხოვნას არავინ გამოხმაურებია.

თუმცა, მსგავსი რეაქცია გასაოცარი არ არის. დიდი ხანია, რაც კეთილშობილება ოლიმპიადაზე რარიტეტად იქცა. სხვა შემთხვევაში, დოპინგთან დაკავშირებული ამბები არ მოხდებოდა.

ბრძოლა მიმდინარეობს არამხოლოდ იმისთვის, რომ უფრო მაღალი სისწრაფე განავითარონ, არამედ იმისთვისაც, რომ სხვებზე უკეთესად შენიღბონ დოპინგი. ყველა “სუფთა სპორტსმენი” რეალურად სუფთა არ აღმოჩნდება ხოლმე და ეს ყოველ ოლიპიადაზე სულ უფრო აშკარა ხდება. ზოგიერთის თაღლითობას ცხელ კვალზე ავლენენ, სხვების დანაშაულს წლების შემდეგ ხდიან ფარდას, ზოგიერთის ბრალეულობა კი, როგორც ჩანს, არასდროს გამოაშკარავდება.

ზოგიერთი სუპერგმირის მხილებას თავად მოგებიან ბიზნესად ქცეული ოლიმპიური მოძრაობა ეწინააღმდეგება – იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დოპინგის აღმოჩენის ტექნოლოგიური დონე ამის საშუალებას იძლევა. ამ ბიზნესის საიმიჯო სახეებს ალბათ არავინ გაწირავს.

ამიტომ შეუძლებელია, ყველა ამ რეკორდულ წამს, კილოგრამსა და ქულას სიფრთხილით არ მოვეკიდოთ.

მიუხედავად ამისა, მინდა, რომ  “რიო 2016” კარგი მომენტებით დამამახსოვრდეს; ისეთი შემთხვევებით, რომელთა გამოც, საუკუნეზე მეტი ხის წინათ ბარონმა პიერ დე კუბერტენმა ოლიმპიური თამაშები ააღორძინა. რიოში გამართული ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, ხუთი ათასმეტრიანი დისტანციის შესარჩევი გარბენის დროს, ახალზელანდიელი  ნიკი ჰემბლინი და ამერიკელ ები დ’აგოსტინო ერთმანეთს შეეჯახნენ და დაზიანებები მიიღეს.

ახალი ზელანდიის წარმომადგენელი  ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა ამერიკელ მორბენალს, რომელმაც მასზე უფრო სერიოზული ტრავმა მიიღო. ორივე ათლეტმა გამოსვლა კოჭლობით დაასრულა. და, მიუხედავად იმისა, რომ მათი გვარები ტურნირის პროტოკოლის ბოლოს ეწერა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გოგონები ვინმემ დამარცხებულებად მიიჩნიოს.

გამოქვეყნდა: 22.08.2016 


ასევე წაიკითხეთ