სტატისტიკამ სოციალურ ქსელებში სკანდალი გამოიწვია, მაგრამ პროკურატურის წარმომადგენლებს არ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში სუიციდების საგანგაშო ტენდენციაა" />

ორ თვეში 12 თვითმკვლელობა აფხაზეთში

სტატისტიკამ სოციალურ ქსელებში სკანდალი გამოიწვია, მაგრამ პროკურატურის წარმომადგენლებს არ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში სუიციდების საგანგაშო ტენდენციაა

აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა რაულ ლოლუამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე აფხაზეთში სუციდების დონის საგანგაშო სტატისტიკა გამოაქვეყნა:

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში (2018 წლის მაისი და ივნისი) – 12 თვითმკვლელობა და სუიციდის 4 მცდელობა

Facebook-ზე საკუთარი ჩანაწერი ლოლუამ ასე დაასათაურა: „ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზიაში არაფერს იტყვიან“.

„პარლამენტის დეპუტატამდე ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია აღწევს. და მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები, მოვლენები და ვითარებები ჩემს ამომრჩეველს გავუზიარო, და – არამხოლოდ ინფორმაციის გაცვლის მიზნით. მე ადამიანების აზრი და ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულება მაინტერესებს“, – წერს დეპუტატი.

ინციდენტები გაგრის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში მოხდა, ასევე – სოხუმშიც.

ოფიციალურ კრიმინალურ ცნობებში ეს ინფორმაცია არ არის. მაგრამ აფხაზეთის პროკურატურის წარმომადგენელმა დაურ ამიჩბამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ოპერატიული ცნობები დახურულ ინფორმაციას არ წარმოადგენს. მისი თქმით, მთლიანობაში ტრაგედიების ფაქტები დადასტურდა – მაგრამ ლოლუას მიერ მოყვანილი ინციდენტებიდან ამ ცნობებში სამი არ აღმოჩნდა.

ამიჩბამ ასევე განაცხადა, რომ ამ სტატისტიკის სუიციდების ტალღად მიჩნევის საფუძველი არ არსებობს.

აფხაზეთის სოციალურ ქსელებში ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დისკუსია მიმდინარეობს და ადამიანები მოყვანილ  ციფრებს, ძირითადად, „შემაშფოთებელს“ უწოდებენ. რამდენიმე სახასიათო კომენტარი:

„ჩვენი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ეს არის დამღუპველი სტატისტიკა“;

„სიღატაკე, გამოუვალი მდგომარეობა, უმუშევრობა, სულიერი და ზნეობრივი კრიზისი. მიზეზი ბევრია, მაგრამ ნუთუ ეს ვინმეს აინტერესებს?  თვითიზოლირებულად ვცხოვრობთ, ყველა თავ-თავის ნაჭუჭში. ისე გავერთეთ, რომ უკვე საკუთარი გამორჩეულობის თავადაც გვჯერა – ღმერთის და ადამიანების წინაშეც“;

„საშინელებაა, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ აქ წავიკითხავთ და ყველაფერი ამით დასრულდება. როგორ მოვძებნოთ გამოსავალი? ამ ადამიანებს ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროებოდათ, უფრო ხშირად კი – ფსიქიატრის. ყველამ ვიცით, რომ ჩვენში ამ გამოვლინებების მიჩქმალვას ამჯობინებენ, და არა მკურნალობას, ეს ხომ სირცხვილია, ხალხი რას იტყვის“.

სოციალურ ქსელებში ასევე წერენ, რომ 2018 წლის 27 ივნისს გულრიფშში აფხაზმა რეპატრიანტმა – ოთხი შვილის მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად შეფასდება.


ასევე წაიკითხეთ