აქციაზე შეკრებილები ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწის ნაკვეთების 1 ლარად გადაეცემას აპროტესტებენ" />

ორი ადამიანი დააკავეს თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციის აქციაზე

აქციაზე შეკრებილები ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწის ნაკვეთების 1 ლარად გადაეცემას აპროტესტებენ

ფოტო: ტაბულა

პოლიციასა და ოპოზიციას შორის ხელჩართულ ბრძოლასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა დღეს თბილისის საკრებულოსთან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილი აქცია.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან კავშირის მქონე კომპანიებისთვის თბილისის ცენტრში არსებული მიწის ორი ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას.

თბილისი საკრებულო დღეს აპირებდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, რომლის თანახმად, ივანიშვილთან კავშირში მყოფ კომპანიებს აღნიშნული მიწები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემოდა.

საკრებულოს შენობას პოლიციის გაძლიერებული რაზმი იცავს. შენობის შიგნით არ უშვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატებს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებულია აქციის ორი მონაწილე. მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” კოტე იოსელიანი.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცდილობს მიზანმიმართული დებოში და დესტრუქცია მოაწყოს.

“ოპოზიცია ცდილობს მიზანმიმართული დებოში და დესტრუქცია მოაწყოს”

„ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თბილისელების სასარგებლოდ. შესაბამისად, არავის აქვს უფლება მოაწყოს დესტრუქცია. ეს არის თვითმმართველობის წარმომადგენლობის მთავარი ორგანო“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მერიამ უკვე დაამტკიცა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწების გადაცემა. ახლა იგივე თბილისის საკრებულომ უნდა გააკეთოს.

საქმე ეხება ორ ნაკვეთს – თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა პარკინგისთვის 1900 მ2-ის ფართობის მიწას და თაბორის მთაზე 4433 2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს.

ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწის გადაცემის ფაქტს მხოლოდ ოპოზიცია არ აპროტესტებს. საკრებულოს შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე მწვანე მოძრაობის “პარტიზანული მებაღეობის” წევრები იმყოფებიან.

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია, რაც კიდევ უფრო დაძაბულს ხდის თბილისის მერიასა და საკრებულოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს.


ასევე წაიკითხეთ