მოთხოვნის თანახმად, ძირითად კანონში ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უნდა იყოს მოხსენიებული" />

ოპოზიცია და არასამთავრობოები კონსტიტუციაში საგარეო კურსის მიმართულების შეტანას ითხოვენ

მოთხოვნის თანახმად, ძირითად კანონში ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უნდა იყოს მოხსენიებული

ოპოზიცია კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითხოვს.

„პრეამბულაში იმის დაფიქსირება, რომ ჩვენ ვართ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ანუ ევროკავშირის და ნატოს წევრობა გვინდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება მსოფლიოსთვის, ყველასთვის ჩვენება, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული, ურყევი ამოცანა და ამის საერთაშორისო პრაქტიკაც არსებობს და არ არის უნიკალური მოთხოვნა,“   – განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.

იგივე პოზიციაზეა რესპუბლიკური პარტიაც. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ რესპუბლიკელებს აღნიშული ინიციატივა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ჰქონდათ.

ოპოზიციის მოთხოვნას არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ საქართველო დასავლური ორიენტაციის არის იმის გამო, რომ ის პატივს სცემს დასავლურ ღირებულებებს და არა იმიტომ, რომ გეოგრაფიულად სხვაგან ვერ ხედავს საქართველოს განვითარების შესაძლებლობას.

კონსტიტუციის პრეამბულაში ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას  ეწინააღმდეგება პატრიოტთა ალიანსიც . განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ გააკეთა. მისი თქმით, ჩანაწერის გაკეთება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში წევრობის შესახებ დაუშვებელია.

დღესვე კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით  კოალიციამ ევროატლანტიკური საქართველოსთვის, 23 წამყვანი არასამთავრობო ორგანზიაციის ხელმოწერით, საგანგებო განცხადება გაავრცელა. კოალიცია საკონსტიტუციო კომისიას ჩანაწერის ფორმულირებას სთავაზობს, რომელშიც ქვეყნის  ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის მოხსენიებული.


ასევე წაიკითხეთ