პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და ნიკა მელიას სადეპუტატო საკითხზე მსჯელობს" />

ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირება განაახლა. დაკავებულია 12 ადამიანი

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და ნიკა მელიას სადეპუტატო საკითხზე მსჯელობს

აქციის მონაწილეები და პოლიციელები პარლამენტის რკინის მესერთან

12 ადამიანი დააკავეს დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციის ლიდერი, პარტია “ახალი საქართველოს ლიდერი” გიორგი ვაშაძე, ასევე  ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ალიკა კუპრავა და სხვა სამოქალაქო აქტივისტები.

დაკავებულებს ხულიგნობასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

დაკავებები პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა გადაწყვიტეს.

• საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. სად არის გამოსავალი? ექსპერტების მოსაზრებები

• “ერთად ერთის წინააღმდეგ”. ნოემბრის პროტესტის ისტორია სამ წუთში 

დღეს პარლამენტში ორი მნიშვნელოვანი საკითხი იხილება, რის გამოც ოპოზიციამ აქციები განაახლა.

პირველი საკითხია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14-სს დაუჭირეს, მათ შორის გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს.

იურიდიული კომიტეტის რეკომენდაციის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უკვე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

კომიტეტის ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააპროტესტეს. მათი მოთხოვნა იყო, რომ მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაეჭირათ, რადგან მათივე შეფასებით, მხარდაჭერილი მოსამართლეები პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები და უკანონო გადაწყვეტილებების მიმღებნი არიან.

ასევე დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციონერი დეპუტატის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა. კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას.

მელიასთვის მანდატის შეჩერების მიზეზია განაჩენი, რომელიც პოლიტიკოსს თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა წლის წინანდელ საქმეზე გამოუტანა. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ბანკის “ქართუს” გაკოტრების საქმეს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო.

მელიას საკითხიც საპარლამენტო სესიაზე კენჭისყრით საბოლოოდ უნდა გადაწყდეს.

აქცია პარლამენტთან დღეს დილის შვიდი საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტში შესასვლელებთან განლაგდნენ და შენობის პიკეტირებას ცდილობდნენ. მათი მიზანი იყო ხელი შეეშალათ ამ ორი საკითხის განხილვისთვის.

ოპოზიციის აზრით, (და ამ აზრს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იზიარებენ) მოსამართლეობის ის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უნდა დაამტკიცოს, მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” დაკვეთის შემსრულებლები არიან.

 


ასევე წაიკითხეთ