კომისია უფლებამოსილია საიდუმლო საბუთების წარმოდგენა მოითხოვოს" />

როგორ რეაგირებდა სომხეთი აზერბაიჯანის ქმედებებზე 2016 წლის ომის დღეებში – ამას საგამოძიებო კომისია შეისწავლის

კომისია უფლებამოსილია საიდუმლო საბუთების წარმოდგენა მოითხოვოს

სომხეთში ეროვნული საკრებულოს საგამოძიებო კომისიამ 2016 წლის აპრილის ომის გარემოებათა შესწავლა დაიწყო.

4 მაისს შედგა კომისიის პირველი სხდომა, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვარაუდობს, რომ საგამოძიებო კომისია ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

სამი წელიწადი ყარაბაღში მომხდარი „აპრილის ომიდან” – რა შეცვალა მან?

სამხრეთ კავკასია: საფრთხეები და მუქარები

საგამოძიებო კომისიის შესახებ

ეროვნული საკრებულოს საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 20 მაისს გახდა ცნობილი. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დადგა დრო, 2016 წლის 2-დან 5 აპრილამდე ყარაბაღში გამყოფ ზოლთან მომხდარი სამხედრო მოქმედებების გარემოებათა შესასწავლად  ეროვნული საკრებულოს კომისია შეიქმნას.

ამ მოვლენებმა „ოთხდღიანი აპრილის ომის“ სახელწოდება მიიღო. ეს 1994 წელს ზავის დადების მომენტიდან ყარაბაღის და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი გამწვავება იყო. ოფიციალური მონაცემებით, ოთხ დღეში ორივე მხრიდან 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

31 მაისს პარლამენტის სპიკერმა არარატ მირზოიანმა განაცხდა, რომ 2016 წლის აპრილის ომის გარემოებების შესასწავლად უკვე შეიქმნა საგამოძიებო კომისია,

მან მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მთელ რიგ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი. კერძოდ, ადამიანები ინტერესდებიან იყო თუ არა  შეიარაღებული ძალები აუცილებელი აღჭურვილობითა  და საკვებით მომარაგებული. საზოგადოება, ასევე, უკვე მესამე წელია, სვამს შეკითხვას შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის თაობაზე.

საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს მთავარსარდლობის გადაწყვეტილებათა ოპერატიულობის დონეც, რომელიც აზერბაიჯანული ჯარის შეტევების აღსაკვეთად იყო მიმართული.

კომისია 11 დეპუტატისგან შედგება. „ეროვნული საკრებულოს რეგლამენტის“ კანონის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებას თავდაცვისა და უშიშროების საკითხების მუდმივი კომისია განახორციელებს. ამ მუდმივი კომისიის თავმჯდომარე – თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მმართველი ფრაქციის „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატი, ანდრანიკ კოჩარიანია.

კომისიაში შედიან ასევე ოპოზიციური პარტიების „აყვავებული სომხეთისა“ და „განათლებული სომხეთის“ დეპუტატები.

კომისიის მუშაობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

სომხეთის პირველი თავდაცვის მინისტრის, საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის, ვაზგენ მანუკიანის აზრით, აპრილის ომთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნა სომხეთის არმიას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

 „მე მისი შექმნა საშიშად და მავნებლად მიმაჩნია. კომისიის შექმნას შეიძლება ისეთი საშიში განვითარება ჰქონდეს, რაც ახლა არც კი მინდა რომ ვახსენო“, – თქვა მანუკიანმა.

მისი თქმით, ჯარის შიდა საქმეებში დეპუტატების შეუზღუდავი ჩარევა, შესაძლოა, შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობისთვის სერიოზულ დარტყმად იქცეს.

საპირისპირო აზრისაა პარტია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატი, ადამიანის უფლებათა მუდმივი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, ნაირა ზოგრაბიანი.

მისი თქმით, პარტია „აყვავებული სომხეთი“ სრულად უჭერს მხარს ამ კომისიის შექმნას და „მიაჩნია, რომ აპრილის ომთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს“.

ვის მიმართ დაიწყება გამოძიება

საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია უმაღლესი მთავარსარდლობისგან ყველა თავის შეკითხვაზე მოითხოვოს პასუხის გაცემა და გრიფით საიდუმლო საბუთების წარმოდგენაც კი მოითხოვოს.

ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების მუდმივი კომისიის წევრი ტიგრან კარაპეტიანი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შესაძლოა, ყოფილი ჩინოვნიკები მიიწვიონ:

„ჩვენ არანაირი შეზღუდვები არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოვიწვიოთ და ვინ არა – იმისგან დამოუკიდებლად, მოქმედი ჩინოვნიკი იქნება ეს, თუ ყოფილი. ჩვენ ყველა პროცესსა და ასპექტს განვიხილავთ, და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სერჟ სარგსიანიც გამოვიძახოთ [სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი 2016 წლის აპრილში – JAMnews]“, – განაცხადა კარაპეტიანმა.

მეტიც, მან თქვა, რომ განმარტებებისთვის კომისიამ, შესაძლოა, მთიანი ყარაბაღის ჩინოვნიკები და სამხედრო მოსამსახურეებიც მიიწვიოს:

 „ვფიქრობ, ჩვენი არცახელი კოლეგები ასევე დაინტერესებულები არიან იმით, რომ აპრილის ომთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი მიიღონ“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ