სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციით მიმართავს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს" />

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციით მიმართავს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველმა მთავრობას “ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების რეკომენდაციებით მიმართა”.

უჩა ნანუაშვილმა სხვადასხვა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მათ ჯანდაცვის სფეროში ექმნებათ.

ომბუდსმენის თქმით, პრობლემურია “ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმის საკითხი. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს არ მიუწვდებათ ხელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში მომსახურების მიღებაზე და ვერ ახერხებენ რიგ რეფერალურ პროგრამებში ჩართვას”. თუკი პირს არ აქვს ნეიტრალური პირადობის მოწმობა, მათ არ შეუძლიათ სხვადასხვა სამედიცინო პროგრამაში ჩართვა. სახალხო დამცველის ანგარიშში არის იმ პირთა მაგალითები, რომლებიც ვერ სარგებლობენ ცე ჰეპატიტის პროგრამით.

სახალხო დამცველმა მთავრობას და კონკრეტულად, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პრობლემების გადასაჭრელად შემდეგი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე საავადმყოფოში უნდა მოეწყოს ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება და რეგიონს უნდა გადაეცეს ბავშვთა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსულ ბავშვებსაც მოემსახურება.
  • უნდა გამოიყოს დამატებითი რესურსები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ფინანსური და მატერიალური დახმარებისა და მათი პროფესიული გადამზადებისათვის. იქ მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები კი სათანადოდ უნდა აღიჭურვოს.
  • გალის სოფელ საბერიოს სასწრაფო დახმარების ცენტრს უნდა გადაეცეს სასწრაფო დახმარების მანქანა
  • მთავრობა უნდა დაეხმაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლებს ეხმარებიან.
  • ზუგდიდში უნდა გაიხსნას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ პირებსაც მოემსახურება.
  • უნდა შეიქმნას მექანიზმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისათვის, რეფერალურ პროგრამაში ჩართვის თაობაზე. აუცილებელია ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში „რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“.

მთავრობა რეკომენდაციების დიდ ნაწილს იზიარებს.

ტერმინოლოგია, რომელიც გამოყენებულია სტატიაში, ყოველთვის არ გამოხატავს რედაქციის პოზიციას

ასევე წაიკითხეთ