საქართველოში დღეს გლოვის დღეა" />

ოთხი დაღუპული – თბილისში საცხოვრებელ კორპუსში გაზი აფეთქდა

საქართველოში დღეს გლოვის დღეა

ფოტო: “რადიო თავისუფლება”

თბილისში,  საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. მათ შორის ერთი ოთხი წლის ბავშვია.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

სხვადასხვა დაზიანებებით თბილისის საავადმყოფოებში მკურნალობას 8 ადამიანი გადის.

ტრაგედიის შედეგად ყველაზე მეტი პაციენტი იაშვილის ბავშვთა კლინიკამ მიიღო – ხუთი ბავშვი, რომლებსაც მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ, უკვე გაწერილია სახლში.

საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ოპერაციის შემდგომი დაკვირვების ქვეშ 4 წლისა და 6 თვის გოგონა რჩება. მას ოპერაცია თავზე ჩაუტარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პატარა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გუშინ ღამევე მოხდა კორპუსის დაცლა. ყველა მაცხოვრებელი ევაკუირებულია. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ კორპუსში ცხოვრების გაგრძელება. კორპუსის მდგრადობის შესწავლას ექსპერტები უკვე დილიდან შეუდგნენ.

რამ გამოიწვია ტრაგედია?

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა # 8 კორპუსში აფეთქების ხმა დაახლოებით 20:00 საათზე გაისმა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლები ფეისბუკზე წერდნენ, რომ მიწისძვრა ეგონათ.

ბუნებრივი აირი, სავარაუდოდ, მეექვსე სართულზე აფეთქდა. კონკრეტულად, სად იყო გაჟონვა და რამ გამოიწვია გაუმართაობა, ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი სცემდათ. დარეკეს “ყაზტრანსგაზშიც”, კომპანიაში, რომელიც თბილისის გაზმომარაგებაზეა პასუხისმგებელი. კომპანიამ ვითარების შესასწავლად სპეციალისტების ბრიგადა გამოუშვა. მათ დაათვალიერეს სახლი, თუმცა დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს, მაცხოვრებლებს კი უთხრეს, რომ საგანგაშო არაფერი იყო.

მათი წასვლიდან რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით.

სამართალდამცავებმა გუშინვე დაკითხეს “ყაზტრანსგაზის” იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სახლი დაათვალიერეს. ჯერჯერობით რაიმე სხვა დეტალები უცნობია.

ცხელი ხაზი

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ ცხელი ხაზი აამოქმედა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ ან მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება სურთ, შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 237 45 31.

საქართველოში გლოვის დღეა

გუშინ ღამე ჯანდაცვის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად, ტრაგედიის ადგილას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მივიდნენ.

პრემიერის გადაწყვეტილებით, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი გუშინ მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ