ტანვარჯიში აზერბაიჯანში ნომერ პირველი სპორტია. მას პირველი ლედი პატრონობს" />

300 ტანმოვარჯიშე 61 ქვეყნიდან – ბაქოში ტანვარჯიშის ჩემპიონატი ტარდება

ტანვარჯიში აზერბაიჯანში ნომერ პირველი სპორტია. მას პირველი ლედი პატრონობს

ფოტო: Azertag

ბაქოში ტანვარჯიშში მსოფლიოს 37-ე ჩემპიონატი ტარდება. მისი გამარჯვებულები ზაფხულის ოლიმპიური თამაშების „ტოკიო 2020“-ის საგზურებს მიიღებენ. ჩემპიონატი აზერბაიჯანში 14 წლის განმავლობაში პირველად ტარდება და მიუხედავად ამისა, ამას საზოგადოებაში არანაირი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია.

დღესასწაული, რომელიც ყურადღების მიღმა დარჩა

ჩემპიონატში 61 ქვეყნიდან ჩამოსული 300-ზე მეტი ტანმოვარჯიშე მონაწილეობს. აზერბაიჯანს ცხრა სპორტსმენი ქალი წარადგენდა.

გახსნის ცერემონიაზე ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის რამდენიმე ვარსკვლავი გამოვიდა, პრეზიდენტ ალიევის ყოფილი სიძის, მომღერალ ემინ აგალაროვის ჩათვლით, რომელიც ახლა იკეთებს მსოფლიო კარიერას.

ჩემპიონატის გახსნაზე ასევე უჩვენეს აღმოსავლური ზღაპრის მოტივებზე შექმნილი თეატრალური დადგმა.

გახსნის ცერემონიის აღწერისას რამდენიმე ვებ-გვერდი მაღალფარდოვან ეპითეტებს არ იშურებდა, სხვები კი ფაქტების მშრალი კონსტატაციით დაკმაყოფილდნენ. საზოგადოება ჩემპიონატის მიმართ ჯერჯერობით არავითარ ინტერესს არ იჩენს. სოციალურ ქსელებში ეს თემა არც კი უხსენებიათ – ის უკანა პლანზე გადაწია სასწავლო წლის დაწყებამ, ამასთან დაკავშირებულმა გზებზე შექმნილმა საცობებმა და ტრანსპორტში არსებულმა ჭყლეტამ.

პრივილეგირებული სპორტი

აზერბაიჯანში ტანვარჯიში – სპორტის პრივილეგირებული სახეობაა. ტანვარჯიშის ფედერაციას პირველი ლედი და ქვეყნის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა ხელმძღვანელობს, და სპორტის ამ სახეობისთვის საჭირო სახსრებს არ იშურებენ.

ეს „სპორტული ინფრასტრუქტურის“ შენებით (სტადიონები, საწვრთნელი ბაზები) და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრის ჩატარებით (მაგალითად, ევროპის ჩემპიონატი) ვლინდება.

2016 წელს მეჰრიბან ალიევა ევროპაში სპორტის განვითარებაში განსაკუთრებული დამსახურებისა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების „უმაღლესი ორდენით“ დააჯილდოვეს.

აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშე ქალები (რომელთა ნაწილი რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსული ლეგიონერია) შეჯიბრებებზე ხშირად საპრიზო ადგილებს იკავებენ. ყველაზე „ახალთახალი“ მედლები – ვერცხლი და ბრინჯაო, აგვისტოს ბოლოს რუმინეთიდან ჩამოიტანეს, სადაც ტურნირი World Challenge Cup ტარდებოდა.

მაგრამ საზოგადოების ფართო წრის სპორტის ამ სახეობით დაინტერესება არ გამოდის.

საზოგადოება ფეხბურთის ყურებას აგრძელებს და სკანდალური დაღესტნელი მოჭიდავის, ჰაბიბ ნურმაგომედოვის თავგადასავლებს ადევნებს თვალ-ყურს.

ერთი ისაა, რომ მშობლებს პატარა გოგონები ტანვარჯიშის სექციაზე ახლა უფრო ხშირად შეჰყავთ. 


ასევე წაიკითხეთ