ჩეჩენი ლიდერის “სტუმართმოყვარეობა” სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეგვიპტელი ფეხბურთელის ინგლისურ კარიერას " />

მოჰამედ სალაჰის ჩეჩნური თავგადასავალი. სელფები კადიროვთან, საზეიმო ვახშმები და სხვა

ჩეჩენი ლიდერის “სტუმართმოყვარეობა” სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეგვიპტელი ფეხბურთელის ინგლისურ კარიერას

REUTERS/Darren Staples

ეგვიპტის პარლამენტმა დაიწყო გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტის ნაკრების “დამამცირებელი მარცხის” მიზეზი. ამის შესახებ ტელეკომპანია “ალ არაბია” იუწყება.

გამოძიებას ეგვიპტის პარლამენტის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტი ჩაატარებს. მთავარი კითხვები, რომლებიც დეპუტატებს აქვთ, ჩეჩნეთს და მის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს უკავშირდება.

ეგვიპტის ნაკრები ისე გამოეთიშა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რომ სამივე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

ეგვიპტელ დეპუტატებს აინტერესებთ, რატომ აირჩია მათი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებმა საწვრთნელ ბაზად გროზნოს სტადიონი მაშინ, როდესაც ნაკრების ყველა მატჩი ამ ქალაქიდან ძალიან შორს იყო.

ასევე დეპუტატები სვამენ კითხვას – რა ხდებოდა ჩეჩნეთში? რატომ აღმოჩნდნენ ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელები ჩართულები პოლიტიკაში? რატომ ესწრებოდა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ეგვიპტის ნაკრების ვარჯიშებს? რატომ მიიღო ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელმა, ინგლისური “ლივერპულის” ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდება პირადად კადიროვისგან? როგორ აღმოჩნდა მოჰამედ სალაჰი და ეგვიპტის ნაკრები გროზნოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ვახშამზე?

“ამით ეგვიპტის ნაკრების მესვეურებმა დარტყმის ქვეშ დააყენეს სალაჰის კარიერა ინგლისში და მისი რეპუტაცია”, – ციტირებს ეგვიპტელი დეპუტატის სიტყვებს “ალ არაბია”.

ბრიტანული კლუბის “ლივერპულის” 26 წლის თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი, რომელიც გასულ სეზონზე ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ლეგენდარული ფიგურაა თავის სამშობლოში. ამდენად, სკანდალი, რომელშიც ეს ფეხბურთელი აღმოჩნდა ჩართული, ეგვიპტეში მნიშვნელოვან თემად იქცა.

ეგვიპტელი პოლიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ გუნდის მწვრთნელმა ჰექტორ კუპერმა, გუნდის სხვა მესვეურებმა და ასევე ფეხბურთელებმა პასუხი უნდა აგონ ეგვიპტის ნაკრების “დამამცირებელ გამოსვლასა” და  “საეჭვო ქცევებზე”.

სალაჰი ეგვიპტის ნაკრებს ტოვებს?

24 ივნისს ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა სალაჰის ახლო გარემოცვაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ სალაჰი მზადაა დატოვოს ეგვიპტის ნაკრები,  რადგან ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენების გამო თავს  პოლიტიკურ პროცესებში ჩართულად გრძნობს.

იგივე ინფორმაცია, სალაჰის გარემოცვიდან ორ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა სააგენტო Associated Press-მაც.

სალაჰის ნაკრებიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია BBC-ის ეგვიპტურმა სამსახურმა ფეხბურთელის ადვოკატთან გადაამოწმა. ადვოკატმა უთხრა BBC-ის, რომ არ არის მზად ამ სიტუაციის კომენტირებისთვის, თუმცა მისი უარყოფა არ უცდია.

როგორ მოხვდა სალაჰი გროზნოში?

ყველა ქვეყნის ნაკრები, რომელიც რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს, ერთ კონკრეტულ სტადიონზეა მიმაგრებული, სადაც ვარჯიშობს და მატჩებისთვის ემზადება.

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ თავისი ნაკრების საწვრთნელ ბაზად ჩეჩნეთის დედაქალაქის – გროზნოს სტადიონი “აჰმედ-არენა” აირჩია.

ეს საკმაოდ უცნაური არჩევანი იყო, რადგან თამაშები გროზნოში არ ტარდება და ეს ქალაქი მრავალი კილომეტრითაა დაშორებული იმ პუნქტებს, სადაც ეგვიპტის ნაკრებს მატჩები ჰქონდა ჩანიშნული. ეგვიპტის ნაკრების გადაწყვეტილება, საწვრთნველ ბაზად გროზნოს არჩევის შესახებ, თავიდანვე გააკრიტიკეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ ეგვიპტელი სპორტსმენების გამოყენებით კადიროვი თავისი პრესტიჟის ამაღლებას შეეცდება.

ასეც მოხდა. ეგვიპტის ნაკრების გროზნოში დისლოკაცია მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარი აღმოჩნდა ჩეჩნეთის ავტორიტარი პრეზიდენტისთვის.

სალაჰის უცნაური ჩეჩნური თავგადასავალი იმ წუთიდან დაიწყო, რაც ეგვიპტის ნაკრების თვითმფრინავი გროზნოს აეროპორტში დაეშვა.

მეორე დღესვე საერთაშორისო პრესის ფურცლები გადაჭრელდა სალაჰისა და კადიროვის ერთობლივი ფოტოებით.

კადიროვი ესწრებოდა ეგვიპტის ნაკრების ვარჯიშებს “აჰმატ არენაზე” და ეგვიპტელ ფეხბურთელებთან დროსტარების ამსახველ ფოტომასალას  “ინსტაგრამზე” ტვირთავდა. (ზოგადად, “ინსტაგრამი” ჩეჩნეთის ლიდერის საყვარელი სოციალური ქსელია).

როგორც New York Times წერს, ერთ-ერთი ასეთი ფოტოსესიის წინ სალაჰი, რომელიც ხანგრძლივი გადაფრენის შემდეგ სასტუმროში ისვენებდა და იმ დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებდა, გააღვიძეს, საწოლიდან წამოაყენეს და საგანგებოდ მიიყვანეს სტადიონზე კადიროვის პირადი მანქანით, რათა ჩეჩნეთის ლიდერს მასთან ფოტოები გადაეღო.

კიდევ ერთი სიურპრიზი სალაჰს 15 ივნისს, თავის დაბადების დღეზე ელოდა. როდესაც ეგვიპტის ნაკრები ურიგვაისთან მარცხის შემდეგ ეკატერინგურგიდან გროზნოში დაბრუნდა, სასტუმროს ფოიეში სალაჰს ოქროს ბუცით მორთული 100 კილოგრამიანი ტორტი დახვდა.

რუსული ტელეკომპანია НТВ ამტკიცებდა, რომ  ეს უზარმაზარი ტორტი ჩეჩენი გულშემატკივრების საჩუქარი და მათი იდეა იყო.

 

22 ივნისს ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელები გროზნოს ცენტრალურ მეჩეთში წაიყვანეს, სადაც მათ კადიროვთან ერთად პარასკევის ნამაზში მიიღეს მონაწილეობა.  ნამაზის დასრულების შემდეგ კი, კადიროვმა მთელი ნაკრები თავის საპრეზიდენტო სასახლეში დაპატიჟა და იქ საზეიმო ვახშამი დაახვედრა. საღამოს  კულმინაცია იყო მოჰამედ სალაჰისთვის ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდების საზეიმო მინიჭება. როგორც Associated Press-ის წყარო ამბობს, სწორედ ამ ვახშამზე აივსო სალაჰის მოთმინების ფიალა. ფეხბურთელმა გუნდის მესვეურებთან გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

კარიერა ინგლისში

სალაჰს ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი, მართლა აპირებს თუ არა ის ეგვიპტის ნაკრების დატოვებას.

მისი ეს გადაწყვეტილება დიდი დარტყმა იქნებოდა ეგვიპტელი გულშემატკივრისთვის.

მეორე მხრივ, სალაჰს ბრიტანელი გულშემატკივრისთვისაც მოუწევს თავისი ჩეჩნური თავგადასავლების ახსნა.

კადიროვის იმიჯი და მისი ბრძოლის მეთოდები განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების წინააღმდეგ, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს  სალაჰის ინგლისურ კარიერაზე. ბრიტანულმა პრესამ უკვე გაატარა ეგვიპტელი ფეხბურთელი კრიტიკის ქარცეცხლში.


ასევე წაიკითხეთ