როგორი იყო 2017 წელი დემოკრატიისთვის? EIU-ს ანგარიში " />

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მსოფლიო დემოკრატიების რეიტინგში

როგორი იყო 2017 წელი დემოკრატიისთვის? EIU-ს ანგარიში

ორგანიზაცია Economist Intelligence Unit (EIU), რომელიც გლობალური ბიზნეს-კვლევებითაა დაკავებული, ყოველ წელს აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიო დემოკრატიების მდგომარეობის შესახებ.

მკვლევარები სხვადასხვა ქვეყნის დემოკრატიებს 60 კრიტერიუმით აფასებენ. ეს კრიტერიუმები 5 კატეგორიადაა დაყოფილი: „არჩევნები და პლურალიზმი“, „სამოქალაქო თავისუფლებები“, „მთავრობის საქმიანობა“, „მოსახლეობის პოლიტიკური ჩართულობა“ და „პოლიტიკური კულტურა“.

Democracy index 2017-ის მთავარი დასკვნა   ისაა, რომ დემოკრატია მთელ მსოფლიოში კრიზისს განიცდის.

მოხსენების თანახმად, 2017 წელს, სიტყვის თავისუფლება ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. “სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა“, – ნათქვამია კვლევაში.

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ყველაზე განვითარებული დემოკრატიები, ისევე როგორც გასულ წელს, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებია – ნორვეგია, ისლანდია და შვედეთი.

„სრულფასოვანი დემოკრატია“  მხოლოდ 19 ქვეყანაში აღინიშნა, რაც, გასულ წელთან შედარებით, პრაქტიკულად, ორჯერ ნაკლებია.

საქართველო

სამხრეთი კავკასიის ყველა დემოკრატიას შორის ქართული დემოკრატია – ყველაზე განვითარებულია. EIU-ს მიაჩნია, რომ საქართველოში ჰიბრიდული რეჟიმი მოქმედებს (დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ავტორიტარული ხელისუფლების შერწყმა), რაც ძალიან ახლოს დგას „ნაწილობრივ დემოკრატიასთან“.

საქართველო მსოფლიოში 79-ე ადგილს იკავებს, ევროპაში კი მე-15-ს.  ამავე დროს, კატეგორიაში „არჩევნები და პლურალიზმი“ ბევრ უფრო განვითარებულ დემოკრატიას უსწრებს. კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე პრობლემური ასპექტია “მთავრობის საქმიანობის ეფექტურობა”. ეს მაჩვენებელი ქვეყანაში ათქულიან შკალაზე ხუთსაც ვერ აღწევს.

სომხეთი

მოხსენების შემდგენთა აზრით, პოლიტიკური რეჟიმი სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში – ჰიბრიდულია. თუმცა, სომხეთში ის უფრო მეტად უახლოვდება ავტორიტარულს.

EIU-ს მიერ გაანალიზებული ხუთი მაჩვენებლიდან სომხეთში ყველაზე ცუდად არის განვითარებული „პოლიტიკური კულტურა“. ქვეყანაში არსებულ სამოქალაქო თავისუფლებებს კი, მოხსენების ავტორები საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევენ.

სომხური დემოკრატია მსოფლიოში 111-ე ადგილს იკავებს, ევროპაში კი – 21-ს.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის მოქალაქეებს  ოპტიმიზმის მიზეზი პრაქტიკულად არ აქვთ. ეს ქვეყანა საქართველოსაც და სომხეთსაც თითქმის ყველა მაჩვენებლით ჩამორჩება. კატეგორიაში „არჩევნები და პლურალიზმი“ ქვეყანამ შესაძლო ათი ქულიდან მხოლოდ ნახევარი ქულა მიიღო.

თუმცა, EIU-ს ანალიტიკოსების აზრით, პოლიტიკური კულტურა აზერბაიჯანში სომხეთზე ორჯერ მეტად არის განვითარებული.

აზერბაიჯანი მსოფლიო რეიტინგშიც ბოლო ადგილზეა (148) და ევროპის მასშტაბითაც (25).

EIU მსოფლიო დემოკრატიული სიტუაციის შესახებ მოხსენებებს 2006 წლიდან აქვეყნებს. ამ დროის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის განვითარების დონე ერთ ქულაზე მეტით გაიზარდა (ახლა ის 10-დან 5,93 ქულას შეადგენს), სომხეთში ეს მაჩვენებელი იგივე დარჩა  (4,11), აზერბაიჯანში კი 3,31-დან 2, 65-მდე დაეცა.


ასევე წაიკითხეთ