მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას საპარლამენტო კომისია და მოკლული მოზარდის მამა ითხოვდნენ " />

მოწმე ბრალდებულის სტატუსით დააკავეს – გადამწყვეტი მომენტი გახმაურებული მკვლელობის გამოძიებაში

მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას საპარლამენტო კომისია და მოკლული მოზარდის მამა ითხოვდნენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ჩხუბში მონაწილე მიხეილ კალანდია დაკავებულია. იგი აქამდე საქმეში მოწმის სტატუსით გადიოდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, მკვლელობაში კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით გამოძიება აქტიურად მუშაობდა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შსს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობასთან დაკავშირებით”.

• “ტერაბაიტებით მაქვს კომპრომატები” – რაზე საუბრობს მირზა სუბელიანი ციხის ფარულ ჩანაწერში? დეტალურად და გასაგებად

• ძალადობა სკოლებში. სად არის გამოსავალი? – კითხვას პასუხობენ ფსიქოლოგები, მოსწავლეები და ექსპერტები

მკვლელობა და საზოგადოების რეაქცია

მკვლელობა, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, თბილისის  ცენტრში, დღისით, უამრავი მოწმის თვალწინ მოხდა. სკოლაში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ მოზარდების ორმა ჯგუფმა საქმის გარჩევა ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთ ეზოში გააგრძელა. კონფლიქტი მოზარდებს შორის ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც ორი მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს.

ერთი მათგანი  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე ორი მოზარდი დააკავა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ოთხთვიანი სასამართლო განხილვა 2018 წლის 30 მაისს დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, თუმცა დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა. ხოლო მეორე ბრალდებული არა  დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოზარდების მკვლელობიდან ექვსი თვის თავზე  უცნობი იყო, ვინ არის დამნაშავე ერთ-ერთი დაღუპულის – დავით სარალიძის მკვლელობაში.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საზოგადოებას პროტესტისკენ მოუწოდა. თბილისში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირა გაგრძელდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. სამართალდამცველებმა კი პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დააკავეს, რომელიც ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა და მეორეს – მიხეილ კალანდიას, ბიძაა. მას მოკლული მოზარდის მამა დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებდა.

2018 წლის 31 მაისს სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი

3 ივლისს   სააპელაციო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს..- და ..- პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა და ორივე მათგანს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე მათგანმა ჩაიდინა ჯგუფური მკვლელობა, სხვა, დაუდგენელ პირთან ერთად.

მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილება გამოთქვა, თუმცა აღნიშნა რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.  

პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას. ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება ბოლომდე”,  – განაცხადა სარალიძემ.

საპარლამენტო კომისია

ოპოზიციის მოთხოვნით, გახმაურებული მკვლელობის საქმეზე 2018 წლის ივნისში საპარლამენტო დროებითი  საგამოძიებო კომისია შეიქმნა. კომისიამ მკვლელობის გამოძიების მასალები შეისწავლა და საქმეზე მომუშავე გამომძიებლები დაკითხა.

სექტემბერში გამოქვეყნებული კომისიის დასკვნის მიხედვით, გამოძიება დარღვევებით წარიმართა და საგამოძიებო ორგანოები მას ტენდენციურად აწარმოებდნენ.

კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, რომლის მონაწილეობას დანაშაულში  რამდენიმე მოწმის ჩვენება ადასტურებდა.

საპარლამენტო კომისიაში უმრავლესობას ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” წევრები შეადგენდნენ. კომისიაში შემავალი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კომისიის ამ დასკვნას არ დაეთანხმნენ და საკუთარი დასკვნა მოამზადეს, რომლის თანახმადაც გამოძიებაში გამოვლენილ დარღვევებს მის მსვლელობაზე გავლენა არ ჰქონია.

როგორც დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ განაცხადა, კომისია კალანდიას დაკავების საჭიროებაზე ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე საუბრობდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინ ამაზე  რეაქცია არ ჰქონია.

„ იმისთვის, რომ ამ საქმეში სამართალი ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციებიც იყოს შესრულებული, განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომლებიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც მუშაობენ ჯერ კიდევ შსს-ს და პროკურატურის სისტემაში, რომლებმაც ეს საქმე გაამრუდეს და გააყალბეს”,  – განაცხადა კაპანაძემ. 

მისი თქმით, კომისიამ 10-მდე ადამიანი დაასახელა, ვინც საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.  


ასევე წაიკითხეთ