გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ მოსამართლისადმი ყურადღება რობერტ კოჩარიანს არანაირად არ უკავშირდება" />

მოსამართლე, რომელმაც კოჩარიანი გაათავისუფლა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული

გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ მოსამართლისადმი ყურადღება რობერტ კოჩარიანს არანაირად არ უკავშირდება

დავიდ გრიგორიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი, როგორც მოსამართლის უფლებამოსილება დროებით შეჩერებულია.

რამდენიმე თვის წინათ მან სომხეთის ექს-პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. სომხეთის მეორე პრეზიდენტს ბრალად საკონსტიტუციო წყობის დამხობა ედება, და ის მოსამართლე გრიგორიანის გადაწყვეტილებით გათავისუფლების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, ისევ ციხეში მოხვდა.

პროკურატურა საგანგებოდ განმარტავს, რომ გრიგორიანისადმი ყურადღება კოჩარიანის საქმეს არანაირად არ უკავშირდება.

 • სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი ისევ დაპატიმრებულია

•  სომხეთის მეორე პრეზიდენტს ახალი ბრალდება წაუყენეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება

რა ედება ბრალად მოსამართლეს

სომხეთის უზენაესი სასამართლოს საბჭომ მოსამართლე დავიდ გრიგორიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწყვეტილება მიიღო. ის ეჭვმიტანილად ცნეს სამსახურებრივი გაყალბების საქმეში.

2019 წლის 18 თებერვალს ვინმე სერგო პანოსიანმა გრიგორიანის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა. გენერალური პროკურატურიდან იუწყებიან, რომ  „მოქალაქემ განცხადება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული  აშკარა სამსახურებრივი გაყალბების თაობაზე ინფორმაციის გადამოწმების“  შესახებ დაწერა.

მაგრამ მაშინ წინასწარი გამოძიების ორგანოს ამ შტყობინების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავს. საკითხს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, 22 მაისს გადახედეს. საბოლოოდ საქმე გამოძიების მიერ ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე აღძრეს.

პარალელურად, სომხეთის მედიაში გაჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია, რომლებშიც ჟურნალისტებიც და ექსპერტებიც გენერალური პროკურატურის ქმედებებს უკავშირებდნენ კოჩარიანის საქმეს, რომელსაც ეს მოსამართლე აწარმოებდა.

ამის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გრიგორიანისადმი ყურადღება ექს-პრეზიდენტის საქმეს არანაირად არ უკავშირდება.

ჩხრეკა მოსამართლის კაბინეტში

საგანგებო საგამოძიებო სამსახურმა 16 ივლისს მოსამართლის კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შემდეგ მოსამართლის კაბინეტი დალუქეს.

გამოცემა Politik.am-მა  დაწერა , რომ მოსამართლესა და მის ადვოკატს კაბინეტში შესვლა აუკრძალეს:

 „საგანგებო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ოთახის დალუქვა მოითხოვა, და ეს იმით ახსნა, რომ ეს დანაშაულის ადგილი იყო. თუ რა არის ეს დანაშაული, ჯერჯერობით უცნობია. შვებულებიდან დაბრუნებული მოსამართლე გრიგორიანი მომხდარით გაოცებული იყო“.

ჩხრეკის შემდეგ მოსამართლე გრიგორიანმა განაცხადა, რომ მისი კაბინეტიდან სამუშაო კომპიუტერი ამოიღეს.

შეკითხვას, ხედავს თუ არა ის ამ ჩხრეკაში დევნის ელემენტებს, მოსამართლემ ასე უპასუხა:

 „ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. როდესაც ამის დრო მოვა, საკუთარ პოზიციას გამოვთქვამ“.

მოსამართლეზე ზეწოლა?

ზოგიერთ ექსპერტს, ასევე – თავად მოსამართლისა და ექს-პრეზიდენტის ადვოკატებსაც მიაჩნიათ, რომ გრიგორიანსა და მთლიანად სომხეთის სასამართლო სისტემაზე ზეწოლა ხორციელდება.

მოსამართლის ადვოკატმა – გეორგი მელიკიანმა – საგამოძიებო ორგანო იმაში დაადანაშაულა, რომ მოსამართლის ოფისში ჩხრეკის ჩატარების, ასევე დოკუმენტებისა და ინფორმაციის მატარებლების კონფისკაციის დროს უხეში დარღვევები დაუშვეს.

ამ ინციდენტის მიღმა არც ექს-პრეზიდენტის ადვოკატი, აიკ ალუმიანი დარჩენილა. მოსამართლის სამუშაო კაბინეტში ჩატარებული ჩხრეკა მან „დევნად და მასზე ზეწოლის პრიმიტიულ მეთოდად დაახასიათა“.

მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საგანგებო საგამოძიებო ჯგუფმა და პროკურატურამ ექს-პრეზიდენტის საქმე ჩააგდეს. მათ კოჩარიანის მიმართ წაყენებული ბრალდების დასაბუთება ვერ შეძლეს. და ახლა ეს სტრუქტურები ყველა მექანიზმს იყენებენ, რათა კოჩარიანი ციხის საკანში დატოვონ.

მთიანი ყარაბაღის ყოფილმა ომბუდსმენმა, სომხეთის იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ რუბენ მელიქიანმა განაცხადა, რომ მოსამართლე დავიდ გრიგორიანის მიერ კოჩარიანის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეში ნებისმიერი სახელმწიფოებრივი ჩარევა აპრიორი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფად უნდა განიხილებოდეს.

 „ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობა საგამოძიებო საიდუმლოზე მაღლა დგას“, –  დაწერა   რუბენ მელიქიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

რატომ აკავშირებენ გრიგორიანის საქმეს კოჩარიანის საქმესთან

18 მაისს გრიგორიანმა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი, რომელსაც ბრალად საკონსტიტუციო წყობის დამხობა ედება, მთიანი ყარაბაღის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების – ბაკო სააკიანისა და არკადი გუსაკიანის პირადი თავდებით გაათავისუფლა.

გარდა ამისა, გრიგორიანმა საკონსტიტუციო წყობის დამხობის შესახებ იმ მუხლის კონსტიტუციურობის საკითხის გასარკვევად, რომლის მიხედვითაც კოჩარიანს ბრალი ედებოდა, საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნა. მან საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ასევე დააყენა საკითხი ხელშეუხებლობის ინსტიტუტის თაობაზე, რომელსაც, ქვეყნის მთავარი კანონის მიხედვით, სომხეთის ექს-პრეზიდენტები ფლობენ.

კოჩარიანის საქმის ყველა წვრილმანი

2018 წლის ივნისში რობერტ კოჩარიანს 2008 წლის 1 მარტის საქმეზე საკონსტიტუციო წყობის დამხობისთვის ბრალი წარედგინა.

საუბარია მოვლენებზე, რაც 2008 წლის 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. როდესაც სომხეთის ოპოზიციამ, პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მეთაურობით, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატი იყო, საპროტესტო აქციები გამართა. ოპოზიციონერები ტერ-პეტროსიანის გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ და არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა.

დემონსტრაციის დაშლის დროს გამოიყენეს საბრძოლო იარაღი, დაიღუპნენ ადამიანები. იმ მომენტისთვის ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით არჩეულ სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. ამიტომ, ახლა საკონსტიტუციო წყობის დამხობასა და დემონსტრაციის მკაცრად დარბევაში ბრალდებულია კოჩარიანი.

2018 წლის „ხავერდოვან“ რევოლუციამდე „1 მარტის“ საქმეზე გამოძიება ადგილიდან არ იძვროდა. ახალი ხელისუფლება, რევოლუციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, ამ საქმის გამოძიებას  მაშინვე შეუდგა.

2018 წლის 28 ივლისს ექს-პრეზიდენტი ამ საქმეზე პირველად დააპატიმრეს. თუმცა, ის ორ კვირაში გაათავისუფლეს. სააპელაციო სასამართლომ მისი დაკავების შესახებ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. ამის საფუძვლად კონსტიტუციის ის მუხლი იქცა, რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ხელშეუხებლობას ეხება.

2018 წლის აგვისტოში კოჩარიანის გათავისუფლების შემდეგ, 15 ნოემბერს საკასაციო სასამართლომ საქმე ხელახალი გამოძიებისთვის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა. და 2018 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ექს-პრეზიდენტის ხელახალი დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა. იმ დღიდან სომხეთის მეორე პრეზიდენტი 2019 წლის 18 მაისამდე ისევ ციხეში იმყოფებოდა; სწორედ იმ დღემდე, როდესაც დავიდ გრიგორიანმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოიტანა.

ამის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ ამ გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა. და 25 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გრიგორიანის გადაწყვეტილება გააუქმა. საბოლოოდ, სომხეთის ექს-პრეზიდენტი ისევ დააპატიმრეს.

2019 წლის თებერვლიდან კოჩარიანს კიდევ ერთი ბრალდება აქვს წაყენებული – 927 მილიონი დრამის [დაახლოებით $3 მილიონი] ოდენობის ქრთამის აღება. ეს ბრალდება  2018 წლის ნოემბერში მეწარმე სილვა ამბარცუმიანის მიერ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

ექს-პრეზიდენტი მის წინააღდეგ წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს, და ეს ბრალდებები ახლანდელი ხელისუფლების  – უფრო სწორედ, ყოფილი ოპოზიციონერისა და ახლანდელი პრემიერის ფაშინიანის მხრიდან მის წინააღმდეგ ვენდეტად და პოლიტიკურ დაკვეთად მიაჩნია.


ასევე წაიკითხეთ