როგორ არ უნდა დააავადდე „პარიზული სინდრომით„ - ინსტრუქციები და ფოტოები ნიკა მუსავისგან" />

შვიდი რამ, რაც ბაქოელს პარიზში აოცებს

როგორ არ უნდა დააავადდე „პარიზული სინდრომით„ - ინსტრუქციები და ფოტოები ნიკა მუსავისგან

ლურჯსახურავებიან ქალაქში უსახურავოდ დარჩენა ადვილია

პარიზში ბინის დაქირავება ძალიან ძნელია; ადგილობრივებისთვისაც კი, უცხოელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თქვენ მოგთხოვენ ტონობით საბუთს, საიმედო თავდებს, ანგარიშს იმის შესახებ, თუ რას აკეთებდით წინა ცხოვრებაში, და ოთხმოცგვერდიან ხელშეკრულებაზე ხელს სისხლით მოგაწერინებენ. და თუ ამის შემდეგ მთვარეზე მდებარე ნაკვეთის ფასად ჩიტის ბუდის ზომის ბინას მიიღებთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ძალიან გაგიმართლათ, წახვიდეთ და წმინდა სევერინს მისსავე სახელობის ეკლესიაში სანთელი აუნთოთ.

პარიზის უცნაური მეტრო

წმინდა სევერინის ეკლესიამდე ყველაზე ადვილად მეტროთი მიხვალთ. პარიზის მეტროპოლიტენის შესახებ შიშის მომგვრელი ამბები ვრცელდება – რომ ის საშიში და მოუწესრიგებელია. მაგრამ, მე ის უფრო უცნაურად მომეჩვენა, ვიდრე საშიშად. მაგალითად, აქ არის სადგური სახელად „სტალინგრადი“ [რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ძველი სახელწოდება, რომლის მახლობლადაც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მოხდა – რედ.]. სადგური უამრავია, და ერთმანეთთან იმდენად ახლოს მდებარეობს, რომ მატარებელი ერთი სადგურიდან მეორემდე მისვლისას, 40 წამში სიჩქარის განვითარებასაც ვერ ასწრებს.

წიგნის მაღაზია, რომელშიც ღამის გათენება შეიძლება

პარიზში გაზეთების ჯიხურები – მართლაც გაზეთებისაა (ბაქოში იქ ყველაფერი იყიდება, გაზეთების გარდა). და კიდევ, ამ ქალაქში წიგნის ბევრი მაღაზიაა, რომლებიც ღირსშესანიშნაობად იქცა. მაგალითად, მაღაზია ShakespeareandCompany, რომელიც 1951 წელს ამერიკელმა ჯორჯ უიტმენმა გახსნა (თავიდან ამ მაღაზიას Le Mistоral ერქვა). თავის დროზე ეს პარიზის ბოჰემური ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი იყო, და ნაწილობრივ, ახლაც ასეთად რჩება. ახლა მისი მფლობელი უიტმენის ქალიშვილია. აქ ინგლისურენოვანი წიგნები იყიდება, ტარდება სხვადასხვა ლიტერატურული საღამო და პრეზენტაციები, აქ არის კაფე, და ცხოვრობს კატა. და კიდევ, თუ მწერალი ხართ, აქ გარკვეული დროით ცხოვრებაც შეიძლება.

კომისარ მეგრეს ნაკვალევზე

პარიზში დღემდე შენარჩუნებულია ძველი ყაიდის კაფეები – შიგნით თამბაქოს დახლითა და ტელეფონის ავტომატით. სწორედ ასეთ კაფეებს აღწერდა თავის რომანებში დეტექტივების ცნობილი ავტორი ჟორჟ სიმენონი. მისი გმირი კომისარი მეგრე თავისი გამოძიებების დროს ასეთ კაფეებში შედიოდა – ცოტა კალვადოსის ან ერთი ჭიქა თეთრი ღვინის დასალევად, თავისი ჩიბუხისთვის თამბაქოს საყიდლად, და კომისარიატში დასარეკად, რათა თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი მითითებები მიეცა.

ერთ-ერთი ასეთი ატმოსფეროს მქონე დაწესებულება „კვებეკი“ ბონაპარტის ქუჩაზე მდებარეობს.

ერთხელ იქ ღამით შევედი, დაკეტვამდე ცოტა ხნით ადრე, და იქაური მუდმივი მიმსვლელების მიერ მოწყობილ მთვრალ დებოშს შევესწარი. თავი კინოში მეგონა: თამბაქოს გამყიდველი ქალი საწყობში იმალება და ყვირილით ემუდარება: „ჟან-ჟაკ, გთხოვ, არ გინდა!“, მასიური ჟან-ჟაკი ბარს ანგრევს, ბარმენი კი პოლიციის გამოსაძახებლად გარბის. და გამოძახებაზე სხვა ვინ უნდა მოვიდეს, თუ არა – კომისარი მეგრე.

სიცოცხლის დამადასტურებელი სასაფლაო

ცნობილი სასაფლაო პერ ლაშეზი – საკმაოდ მხიარული ადგილია. ყოველ შემთხვევაში, კვირა დღეს აქ სიცოცხლე ჩქეფს. წვერიანი ბიძია ექსკურსიას ცნობილი მუსიკოსების საფლავებისკენ მიუძღვება, ვიღაც სკამზე წიგნს კითხულობს. ეს სასაფლაო უფრო პარკს მოგაგონებთ. მხოლოდ ლიმონათიანი კიოსკები და ბამბის ნაყინი აკლია. და კიდევ, პერ ლაშეზის დიდებულებაზე რაოდენ ბევრიც უნდა გქონდეთ გაგებული, ის მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.

დიდი და პატარა კოშკები

ეიფელის კოშკის ქვემო და მისი მიმდებარე სენაზე გადებული ხიდის მონაკვეთი – ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო, გაუგებარი და სიმყუდროვეს მოკლებული ადგილია. ის სელფის ჯოხებგადაჯვარედინებული ტურისტებით და მდარე ხარისხის ჩინური სუვენირებით (ძირითადად, ეს არის ყველა ზომის, ფერის და მასალის კოშკების ასლები) არის გადატენილი.

და მაინც, პარიზი არსებობს

არსებობს ფსიქიკური აშლილობის ასეთი ტიპი – „პარიზული სინდრომი“. ეს არის საფრანგეთის დედაქალაქში მოგზაურობის შემდეგ მიღებული მწვავე იმედგაცრუება, როდესაც ის სულაც არ აღმოჩნდება ისეთი, როგორიც ღია ბარათებზეა.

პარიზზე გული რომ არ აგიცრუვდეთ, ჯობს, თავიდანვე არ მოიხიბლოთ და ილუზია არ გქონდეთ, არამედ თავიდანვე უარესისთვის განეწყოთ; იმისთვის, რომ ეს სულაც არ არის სიყვარულისა და ხელოვნების იდეალური ქალაქი, სადაც წაბლი მთელი წლის განმავლობაში ყვავის, და ირგვლივ აკორდეონის ჰანგები გაისმის.

და თუ იქ ამ განწყობით ჩახვალთ, აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

დიახ, რასაკვირველია, მონმარტრი, უკვე დიდი ხანია, ბოჰემის ნავსაყუდელი აღარაა, ხოლო ლათინური კვარტალი ფილოსოფიურად განწყობილმა სტუდენტებმა სამუდამოდ მიატოვეს. მეტროს სადგურ LaChapelle-ის მახლობლად ბიჭუნა კონტრაბანდული „მალბოროთი“ ვაჭრობს, ხოლო პეგალის სადგურის უბანში შებინდების შემდეგ ჯობს, საერთოდ არ გაიაროთ (თუმცა, იქ ყოველთვის ასე იყო).

მაგრამ ამავდროულად, მონმარტრის გრაკიდან ქვემოთ დაშვებული კიბეები მაინც ლამაზია, წაბლის ხეებს ყვითელი ფოთლები სცვივა და ტროტუარებზეა მოფენილი, ხანდახან კი აკორდეონის ჰანგებსაც გაიგონებთ.

ერთი სიტყვით, „აი, ის“ პარიზი მაინც არსებობს – ხმაურიან ქუჩებსა და თანამედროვე მეგაპოლისის გრაფიტით აჭრელებულ კედლებს შორის ჩამალული.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ