სუბიექტური სია" />

მოსაზრება: 3 კარგი და 3 ცუდი ამბავი აზერბაიჯანიდან 2019 წელს

სუბიექტური სია

2019 წელი აზერბაიჯანი ყველანაირი იყო, მაგრამ არა მოსაწყენი.

ამ მიმოხილვაში ის ახალი ამბებია, რომლებმაც მე და ჩემი მეგობრები გაგვახარა ან დაგვამწუხრა. და ეს რეიტინგი არაა: სიაში პირველი – არ ნიშნავს „ყველაზე მნიშვნელოვანს“.

ცუდი ამბები 

1. ელინა გაჯიევას თვითმკვლელობა და უსამართლო სასამართლო პროცესი. 

სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საკუთარი დამოკიდებულებით მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. გოგონა ფანჯრიდან გადახტა, დირექტორმა კი იგი ორი საათის განმავლობაში გააჩერა სამედიცინო დახმარების გარეშე.

და ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩა. სასამართლომ დირექტორს პირობითი სასჯელი და „შინაპატიმრობა“ მიუსაჯა – რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საღამოს 9 საათზე ის სახლში უნდა იყოს.

ბოლო სასამართლო სხდომის შემდეგ, ეს ქალბატონი დარბაზიდან იქედნური ღიმილით გამოვიდა. ამ ბიზნესში ერთდროულად გამოიკვეთა ორი სახელმწიფო სისტემის მუშაობის ხარისხი – სასამართლოსა და განათლების სისტემის. 

სავინჯ აბასოვი დამნაშავეს ცნეს, მაგრამ ციხეში არ ჩასვეს

2. ბაქოში ჰაერის ხარისხი შეამოწმეს – ცუდი ან ძალიან ცუდი. 

ასეთ დასკვნამდე მივიდა ცოტა ხნის წინ გახსნილი ჰაერის ხარისხის ლაბორატორია. და ყველაზე სამწუხარო ამაში ის არის, რომ ამ ინფორმაციამ არც არავინ გააკვირვა და არც შოკში ჩააგდო.

ფოტო გადაღებულია ბაქოში, 2019 წლის 19 დეკემბერს. ეკოლოგიის სამინისტრო სპეციალური განცხადებით გამოვიდა: „ეს სმოგი არ არის, მხოლოდ ნისლია“

3. ქალის სასტიკი მკვლელობა 

ეს ოჯახური ძალადობის აფეთქებაც კი არ იყო, უფრო – მისადმი ინტერესის ზრდა. შეუძლებელია საუბარი რაიმეს აფეთქებაზე, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები „გენდერული“ მკვლელობების სტატისტიკას არ აწარმოებენ. 

თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როდესაც აღმაშფოთებელი ფაქტების შესახებ ინფორმაცია პრესაში ხვდება. პოლიციას ხანდახან უწევს მსგავსი შემთხვევების შესახებ საუბარი, თავისი მუშაობის დემონსტრირებისათვის. 

ქმარმა ცოლს 25-ჯერ დაარტყა დანა, შვილების თანდასწრებით, ქუჩაში, შუადღისას. მადლობა შედარებით ახალგაზრდა აზერბაიჯანულ ფემინიზმს: აქტივისტებმა საზოგადოება აიძულეს, ეფიქრა და ელაპარაკა ამ თემაზე.

აზერბაიჯანული კანონმდებლობის თანახმად, მამაკაცები და ქალები თანაბარუფლებიანები არიან. მაგრამ, ფაქტობრივად, გენდერული უთანასწორობა – დიდი პრობლემაა

კარგი ამბები 

1. პოლიტპატიმრების შეწყალება

16 მარტს, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების შესახებ ბრძანებას და ციხიდან გაათავისუფლა 399 ადამიანი, მათ შორის, 50 პოლიტპატიმარი, რითაც სამოქალაქო საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. თუმცა, სამადლობელი აქ არაფერია – ამ ადამიანებიდან არც ერთი არ უნდა მოხვედრილიყო ციხეში. 

განსაკუთრებით სასიხარულო იყო თავისუფლებაზე „ძეგლის პატიმრების“ – ბაირამ მამედოვისა და გიას იბრაგიმოვის ხილვა, რომლებსაც 2016 წელს მიუსაჯეს 10 წლით პატიმრობა ჰეიდარ ალიევის ძეგლზე უხამსი წარწერის გაკეთების გამო.

მარცხნიდან მარჯვნივ: მეჰმან ჰუსეინოვი, ბაირამ მამედოვი და გიას იბრაგიმოვი

2. ფემინისტების მსვლელობა: მათ ეს მაინც მოახერხეს 

2019-მა წელმა აზერბაიჯანში ფემინიზმის ნიშნის ქვეშ ჩაიარა. ეს შედარებით ახალი მოძრაობა სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ: 1) ფემინისტებს არ ჰყავთ ლიდერი და ეს რისკების შემცირების გააზრებული სტრატეგიაა; ბ) საკმაოდ „სტიქიური“ ორგანიზებით ისინი უკეთ აღწევენ დასახულ მიზნებს, ვიდრე იგივე ოპოზიცია. 

მაგალითად, ოქტომბერში, მათ ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს, რომელსაც სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა პოლიცია, მაგრამ საბოლოოდ აქტივისტებმა მაინც თავისი გაიტანეს.

ფემინისტები ბაქოში 20 ოქტომბრის მსვლელობაზე

3. ციხიდან გამოვიდა მეჰმან ჰუსეინოვი 

2019 წლის იანვარში, ციხიდან გამოვიდა ცნობილი ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი, რომელმაც იქ ორი წელი გაატარა. 

გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, მას ახალი ბრალდება წარუდგინეს – დაცვის თანამშრომლის ცემა და ისე ჩანდა, რომ ახალ სასჯელს მიუსჯიდნენ. მეჰმანმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. დაიწყო წინააღმდეგობის კამპანია: სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა, მრავალათასიანი მიტინგები და ევროპარლამენტისთვის მიმართვები.

2019 წლის 19 იანვარი, პოლიტპატიმრების მხარდამჭერი მიტინგი ბაქოში

როგორც ეს ჩვენთან ხშირად ხდება ხოლმე, აბსურდების გარეშეც არ გამოვიდა. 

მაგალითად, შიმშილობა აზერბაიჯანულად – მხოლოდ მანამდე გრძელდება, სანამ ადამიანებს მუცელი არ ასტკივდებათ. 

ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის თავგანწირვის განზრახვა, შეიძლება ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობით შეიცვალოს და პირიქით.

ოპოზიცია იმდენადვე აზვიადებს აქციაზე მისული ადამიანების რიცხვს, რამდენადაც – ხელისუფლება ამცირებს.

ამის მიუხედავად, მეჰმანის საქმემ დაანგრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ საზოგადოებას აზერბაიჯანში ციხეში მოხვედრილი ადამიანის გათავისუფლება არ შეუძლია.

აზერბაიჯანული საპროტესტო მოძრაობა, მართალია ნელა, მაგრამ სწავლობს მიზნების დასახვასა და მათ მიღწევას. შეიძლება იმედიც კი ვიქონიოთ, რომ შემდეგი ათწლეული გარდამტეხი აღმოჩნდება აზერბაიჯანის ისტორიაში.

“>


ასევე წაიკითხეთ