იმ ჩიხიდან გამოსავლის შესახებ, რომელშიც ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეს აკონტროლებს - პრეზიდენტი კი არსად წასვლას არ აპირებს " />

მოსაზრება: როდის დასრულდება აფხაზეთში პრეზიდენტების ჩამოგდება

იმ ჩიხიდან გამოსავლის შესახებ, რომელშიც ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეს აკონტროლებს - პრეზიდენტი კი არსად წასვლას არ აპირებს

 9 იანვრიდან მოყოლებული, აფხაზეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ოპოზიციის მომხრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.               

ოპოზიციის მთავარი არგუმენტი – პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ არჩევნების მეორე ტურში, ხმათა მხოლოდ 47 პროცენტი დააგროვა, იმ დროს, როდესაც, კანონით, გამარჯვებულის გამოსავლენად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 50 პროცენტს +1 ხმა. ამიტომ ოპოზიცია ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. პროტესტის მონაწილეებს მხარი პარლამენტმაც დაუჭირა და მოქმედ პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.

თუმცა, პრეზიდენტი პოსტის დატოვებაზე უარს აცხადებს. პროტესტის მონაწილეები კი, თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დატოვებაზე ამბობენ უარს.

____________________________________________________________________________________________

 

 

ინალ ხაშიგი,

აფხაზეთში JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი და რედაქტორი

 

 

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მომხრეებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას სასახლე, შეიძლება ითქვას, ბუმერანგი დაბრუნდა, რომელიც ხაჯიმბამ თვითონ გაუშვა 2014 წლის მაისში – როდესაც ზუსტად ასეთივე მეთოდით, პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა და ხელისუფლებაში მოვიდა.

•ეს მაინც გადატრიალება იყო აფხაზეთში

სატისფაქცია მოხდა. თუმცა, ახლა აფხაზეთში, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ფაქტობრივად აღარ დარჩა „უდანაშაულო“, რომელსაც შეუძლია ოპონენტს ზიზღით დაუძახოს: „პუტჩისტი!“.

თუმცა, ალექსანდრ ანქვაბმა, პრეზიდენტის პოსტზე რაულ ხაჯიმბას წინამორბედმა, მაშინ, 2014 წელს, ხელისუფლებაში დარჩენის საკუთარი შანსები დათვალა და გადაწყვიტა, თანამდებობიდან თავისი ნებით წასულიყო. ხაჯიმბა კი ახლა ყოჩაღად აცხადებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს, მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არსად წასვლას არ აპირებს.

ამავდროულად, არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი, რომ მას სტატუს-კვოს აღდგენის იმედი ჰქონდეს.

პირველი – თავდაცვის მინისტრი, მირაბ ქიშმარია აცხადებს, რომ არმია შიდა გარჩევებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მეორე – ჯერჯერობით ისევ არაფერი განუცხადებია შინაგან საქმეთა სამინისტროს. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხაჯიმბას პრეზიდენტობის პერიოდში, არც ერთი ადამიანი არ დაუსჯიათ მილიციონერის ცემისთვის, ასეთი ისტორიები კი ათობით გროვდება. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ მოიქცევიან ჩვეულებრივ დაპირისპირებაში მილიციის უბრალო თანამშრომლები.

ერთადერთი ძალოვანი სტრუქტურა, რომელსაც პრეზიდენტის მხარეს შეუძლია დადგეს – მისი პირადი დაცვაა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ პრეზიდენტის დაცვის ცალკეული თანამშრომლების კრიმინალთან კავშირი გახდა მიმდინარე მოვლენებისთვის სტიმულის მიმცემი.

დიახ, ოპოზიციამ არ აღიარა 2019 წლის სექტემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბას გამარჯვება. მაგრამ, რომც ეღიარებინა – ის მაინც ვერ მოახერხებდა მომდევნო ხუთი წლის საპრეზიდენტო სავარძელში გატარებას, თუკი არაფერს შეცვლიდა.

და აქ საქმე თავად ხაჯიმბაშიც არაა. ნებისმიერი, ვინც პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდება, მაშინვე უნდა შეუდგეს სისტემის კარდინარულ ცვლილებებს. სხვაგვარად ის განწირულია იმისათვის, რომ მალე იხილოს მომიტინგეების ტალღები საპრეზიდენტო სასახლის ფანჯრებქვეშ.

ახლა ყველა შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის ძიებაშია – ოპოზიცია საპრეზიდენტო სასახლეს აკონტროლებს, პრეზიდენტი კი არსად წასვლას არ აპირებს.

ბევრი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება, სადაც ჯერ ისევ განიხილება ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელი, არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადების შესახებ.  და დიახ – სასამართლო, ალბათ, გააუქმებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც ხაჯიმბა გამარჯვებულად გამოაცხადა და ახალ არჩევნებს დანიშნავს.

მაგრამ რას იძლევა ეს პერსპექტივაში?

ჩვენ განწირული ვართ ჩიხში დარჩენისთვის და იმისთვის, რომ პერიოდულად ვუყუროთ, როგორ აგდებს ერთი ჯგუფი მეორეს პრეზიდენტის სასახლიდან და შემდეგ, იგივე მეორდება, ოღონდ პირიქით. და ეს გაგრძელდება უსასრულოდ – სანამ, არ დავიწყებთ ცხოვრებას მთელი საზოგადოების და არა ცალკეული ინდივიდების ინტერესების შესაბამისად.

 
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ