ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლზე უარის თქმა - ორი ქვეყნის დაზვერვისთვის საუკეთესო დროა " />

მოსაზრება: რა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს შეიარაღების ახალი რბოლა?

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლზე უარის თქმა - ორი ქვეყნის დაზვერვისთვის საუკეთესო დროა

რუსეთი და აშშ უარს ამბობენ ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმებაზე. რა საფრთხეს უქმნის ეს მთელ მსოფლიოს, პორტალ „ღია მედიაზე“ მოგვითხრობს ავტორიტეტული სამხედრო ექსპერტი, ალექსანდრ გოლცი.

ახალი რეალობა? 

ამ შეთანხმებების მოწინააღმდეგეებს, რამდენიმე არგუმენტი მოჰყავთ. პირველ რიგში, ისინი ამტკიცებენ, რომ ეს შეთანხმებები არ ითვალისწინებს უკანასკნელი ათწლეულების სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებს. კერძოდ, ისინი არ აწესებენ კონტროლს კიბერსივრცეზე. მეორეც, მსოფლიო ახლა მრავალპოლუსიანია. ძირითადი შეთანხმებები კი – ორმხრივია, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გაფორმებული. მაგალითად, ეს შეთანხმებები არ ითვალისწინებს ჩინეთს თავისი მზარდი სამხედრო ძალით.

ამ განხილვებში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. მართლაც არსებობს სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების ახალი სფეროები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მოქმედ შეთანხმებებში. მართლაც იზრდება ჩინეთისა და მთელი რიგი სხვა ქვეყნების სამხედრო ძალა.

რატომ გავანადგუროთ ძველი? 

მაგრამ ამავე განხილვებში არის საკმაო თვალთმაქცობაც. იმისათვის, რომ დაიწყოს ურთულესი მოლაპარაკებები სამხედრო დაპირისპირების ახალი სფეროების კონტროლთან დაკავშირებით, არ არის აუცილებელი მოქმედი შეთანხმებების განადგურება. დიახ, აუცილებელია მცდელობა, რომ ჩინეთიც ჩაერთოს შეთანხმებების სისტემაში. მაგრამ, ამავდროულად, მსოფლიოში დაგროვებული ბირთვული შეიარაღების 90%-ზე მეტი რუსეთსა და ამერიკაზე მოდის. სინამდვილეში, ბირთვული დაპირისპირების გარეშე ოც წელზე მეტის ცხოვრების განმავლობაში, დავიწყებულია საყოველთაო განადგურების შიში. გამოჩნდნენ ლიდერები, რომლებსაც სურთ ერთმანეთს დაატოლონ ბირთვული კუნთები. და გამოჩნდნენ ანალიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კაცობრიობას შეუძლია შეზღუდული ბირთვული ომი გადაიტანოს.

ვის აწყობს შეიარაღების ახალი რბოლა? 

და ახლა, მიიღეს რა ძალაუფლება, მათ დაიწყეს შეიარაღების კონტროლის მოქმედი სისტემის განადგურება. მას მტანჯველი ხანგრძლივი გზით 6 ათეული წლის განმავლობაში ქმნიდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ოდესღაც კარიბის კრიზისმა გამოაფხიზლა.

ახლა ბირთვული შეიარაღება ისევ დაიწყებს გაზრდას. ამასთან, აცნობიერებს რა საკუთარ სისტემურ ჩამორჩენას, მოსკოვი პერიოდულად შეეცდება შექმნას რაიმე „სუპერიარაღი“ რაიმე ფანტასტიკური გამოგონების დამსახურებით. ეს კი სავსეა ახალი კატასტროფებით, რომლის შედეგებიც შესაძლოა ძალიან სერიოზული იყოს.

ამას გარდა, განადგურდება ურთიერთკონტროლის რთული მექანიზმები. მხარეები უკვე არ იქნებიან ვალდებული, ერთმანეთს მიაწოდონ ცნობები რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით და მოუწყონ ექსპერტებს თავიანთი ახალი შეიარაღების სპეციალური ჩვენებები.

ხელშეკრულებების არსებობის წლების განმავლობაში, ძალები, რომლებიც შეადგენდნენ  ორივე ქვეყნის „სტრატეგიულ ტრიადებს“, სრულიად საიდუმლოებიდან, ყველაზე გახსნილებში გადავიდნენ. ახლა ისინი ისევ გარშემორტყმული იქნებიან საიდუმლოების მკვრივი ფარდით. მეორე მხარის განზრახვების შეფასებისთვის რუსეთი და აშშ განწირული იქნებიან, მთლიანად დაეყრდნონ საკუთარი დაზვერვის მონაცემებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია შესაძლებლიდან ყველაზე ცუდ სცენარზე ორიენტირება.


ასევე წაიკითხეთ