ექსპერტები ერთ საკითხზე შეთანხმდნენ: ქვეყნის მოსახლეობამ საკუთარი უფლებები არ იცის და მათ დაცვას არც კი ცდილობს " />

მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღე სომხეთში მწვავე დისკუსიით აღნიშნეს

ექსპერტები ერთ საკითხზე შეთანხმდნენ: ქვეყნის მოსახლეობამ საკუთარი უფლებები არ იცის და მათ დაცვას არც კი ცდილობს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე სომხეთში მწვავე განხილვების მიზეზად იქცა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სომხეთში პირველ ადგილზეა მეწარმეთა, კომპანიების უფლებები, ხოლო მომხმარებელთა უფლებები უკანა ფონზე ინაცვლებს. ამავდროულად თავად მომხმარებლები თავიანთი უფლებების შესახებ საქმის კურსში არ არიან და მათ დაცვას არც კი ცდილობენ.

„აქამდე ჩვენი მომხმარებელი ხშირად აწყდება უხარისხო ადგილობრივ ან იმპორტულ პროდუქციას, ვადაგასულ კვების პროდუქტებს, ასევე დაბალი ხარისხის მომსახურებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროს ძირეული ცვლილებები ესაჭიროება, და ეს ცვლილებები კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს“, – განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „მომხმარებელთა უფლებების დაცვა“ ხელმძღვანელმა ლუსინე იაგუბიანმა.

მისი თქმით, სფეროს დარეგულირებისთვის აუცილებელია არამხოლოდ კანონის არსებობა და მისი დაცვა, არამედ სახელმწიფოსა, ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის თანამშრომლობა

სომხეთში მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც 2001 წლის 26 იანვარს არის მიღებული.

სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სომხეთში ხშირად ირღვევა კანონის 23-ე მუხლი, რომელიც არასასურველი პროდუქტების დაბრუნებასა და გაცვლას შეეხება.

„ჩვენში ყველაზე ხშირია დარღვევის შემთხვევა, როდესაც ბაზრობაზე ან ბრენდულ მაღაზიაში ადამიანები ძვირფას კაბას, ქურქს ან ფეხსაცმელს ყიდულობენ, სახლში მიაქვთ და აღმოაჩენენ, რომ ეს საქონელი მათთვის რაღაც მიზეზით გამოუსადეგარია – მყიდველებს შენაძენი უკან მაღაზიაში მიაქვთ, მაგრამ მაღაზია საკუთარი საქონლის მიღებაზე უარს აცხადებს“, – ამბობს ლუსინე იაგუბიანი.

მისი აზრით, ადამიანებს უხერხულობას უქმნის მაღაზიებში გამოკრული განცხადებები იმის შესახებ, რომ საქონელი გაცვლასა და დაბრუნებას არ ექვემდებარება, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს.

სომხეთის მომხმხარებელთა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელმა მელიტა აკოპიანმა სხვა პრობლემა წამოჭრა: მომხმარებელთა უფლებები ირღვევა ონლაინ-შეკვეთების შემთხვევაშიც, რაც სომხეთში ფართოდ არის გავრცელებული.

„ადამიანები უკვეთავენ ელექტრონულ ბილეთებს, და ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენი მომხმარებლები საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდებნიან ხოლმე. ისინი აეროპორტში მიდიან და იქ აღმოაჩენენ, რომ ბილეთი არ არის. მომხმარებელთა დამცავი ყველა ორგანიზაცია და სახელმწიფო ორგანოები უნდა გაერთიანდნენ, რათა შესაძლებელი გახდეს მომხმარებლებისთვის სათანადო მომსახურების უზრუნველყოფა“.

ის, რომ სომხეთში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მრავალი პრობლემა დაგროვდა, ამას სომხეთის პრემიერ-მინისტრიც აღიარებს.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა შეუძლებელია ჯაჭვის – სახელმწიფო-ბიზნესი-მომხმარებელი – ამოქმედების გარეშე. საკუთარი უფლებების მიმართ ყურადღებიანი და მომთხოვნი მომხმარებელი სახელმწიფო კონტროლის ყველაზე მთავარი დამხმარეა, და ჩვენ ამ მხრივ ბევრი მოლოდინი გვაქვს.

სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ადამიანებს ხარისხიან და უსაფრთხო მომსახურებას სთავაზობდნენ, დაინტერესებულია, რომ ბიზნესი განვითარდეს, გააქტიურდეს, ინვესტიციები შემოვიდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას – მაგრამ არსებობს ნორმები და შეზღუდვები, რომლებიც არასდროს არ უნდა დაირღვეს“  – თქვა კარაპეტიანმა.

1983 წლიდან მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო დღე. 1961 წლის 15 მარტს აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოვიდა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ოთხი მთავარი დებულება ჩამოაყალიბა: უსაფრთხოების უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, არჩევანის უფლება და იმის უფლება, რომ მთ მოუსმინონ.

მოგვიანებით ამ დებულებებს კიდევ ოთხი დაემატა: ზარალის ანაზღაურების უფლება, სამომხმარებლო განათლების უფლება, მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილების უფლება და ჯანსაღი გარემოს უფლება.


ასევე წაიკითხეთ