მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ დაუშვებს ლგბტ პირების მსვლელობას და ამის შესახებ ამერიკის ელჩსაც ელაპარაკა " />

ლგბტ პირების მსვლელობის დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა “ტრადიციული ფასეულობების” მხარდამჭერი აქცია დანიშნა

მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ დაუშვებს ლგბტ პირების მსვლელობას და ამის შესახებ ამერიკის ელჩსაც ელაპარაკა

მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი 21 მაისს დაგეგმილი ლგბტ პირებისადმი სოლიდარობის გამომხატველი მსვლელობის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ამ დღეს კიშინიოვის მთავარ მოედანზე „ტრადიციული ფასეულობების“ მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

როგორც პრეზიდენტის  Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამის შესახებ მან აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

“გამოვხატავ ჩემს კატეგორიულ პოზიციას ლგბტ პირების მხარდამჭერი მსვლელობის ჩატარების მიმართ. მოლდოვაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯეიმს პეტიტი საქმის კურსში ჩავაყენე იმის თაობაზე, რომ ეს არამხოლოდ ჩემი პირადი, არამედ მოლდოვის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის პოზიციაა. ელჩთან საუბრისას მკაფიოდ აღვნიშნე, რომ ამგვარი ქმედებები  ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, მართლმადიდებლიურ რწმენასა და მორალს ეწინააღმდეგება. ეს ქმედებები არ შეიძლება მისაღები გახდეს, და არც გახდება არც პირადად ჩემთვის, და არც მთელი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა დოდონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აპირებს პირადად „ორგანიზება გაუწიოს ტრადიციული ოჯახური ფასეულობების მხარდაჭერისა და განვითრებისთვის გამიზნულ მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც კვირას 11 საათზე, დიდი ეროვნული კრების მოედანზე დაიწყება“.

როგორც მოლდოვური გამოცემა, Ziarul de Gardă იუწყება, წელს მოლდოვაში ლგბტ პირთა მხარდასაჭერი მე-16 ფესტივალი „მოლდოვა პრაიდი“ ტარდება. ეს ღონისძიება 21 მაისს კიშინიოვის ცენტრში სოლიდარობის მსვლელობით დასრულდება. ამ კამპანიის ფარგლებში 18 მაისს კიშინიოვში უკვე გაიმართა ლგბტ პირთა მხარდამჭერი აქცია. ორგანიზაცია ГЕНДЕРДОК-М-ის წარმომადგენლებმა კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე ყინულის კედელი აღმართეს, რომელიც შიშის სიმბოლოს წარმოადგენდა, და რომელიც დამსწრეთა თვალწინ დადნა.

ფოტო: Ziarul de Gardă

2016 წელს მოლდოვაში სოციალური კამპანია „Fără frică-2017“ (“შიშის გარეშე”) ამოქმედდა.  კამპანიის ორგანიზატორია საინფორმაციო ცენტრი  ГЕНДЕРДОК-М-ი, მოლდოვის პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელიც ლგბტ პირების უფლებებს იცავს.

  • იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი გასული წლის ნოემბერში გახდა. წინაასარჩევნო კამპანიის დროს ის რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ მოლდოვამ ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას უნდა გადახედოს. დოდონის თქმით, მოლდოვის მოქალაქეთა უმრავლესობა ქვეყნის ევრაზიულ კავშირში (ეკონომიკური კავშირი, რომლის წევრები არიან რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთი) გაწევრიანების მომხრეა.
  • ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოლდოვამ 2014 ივნისში წელს მოაწერა ხელი. ამავე წლის აპრილიდან მოლდოვის მოქალაქეები ევროპასთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.

ასევე წაიკითხეთ