რუსეთი ნატო-ს აქტიურობითაა უკმაყოფილო. თბილისი კონფლიქტის ზონებში საქართველოს მოქალაქეთა დაღუპვის გამოძიებას მოითხოვს " />

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა

რუსეთი ნატო-ს აქტიურობითაა უკმაყოფილო. თბილისი კონფლიქტის ზონებში საქართველოს მოქალაქეთა დაღუპვის გამოძიებას მოითხოვს

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 2-3 აპრილს გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა.

უთანხმოების მთავარი საკითხები ამჯერად კონფლიქტის ზონებში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვა და ნატო-ს აქტიურობა გახდა.

ჟენევის დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. ეს  ერთადერთი ფორმატია, რომლის მეშვეობით რუსეთი და საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით. დისკუსიების თანათავმჯდმარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და აშშ-ის წარმომადგენლები.

• ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება – თბილისის ხედვა

• ნატო-ს საბრძოლო ხომალდები საქართველოშია

საქართველოს პოზიცია

ჟენევის შეხვედრაზე თბილისის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, უკანონო დაკავებასა და ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე მის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე გააკეთეს.

“კვლავ მწვავედ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ამასთანავე, თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალების გამო. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს დეტალური ინფორმაციის გაზიარება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დადგენის მიზნით”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

განსაკუთრებული ყურადღება ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხს დაუთმო. მათ შორის, დააყენა “გამალებული მილიტარიზაციისა და მუდმივი სამხედრო წვრთნების” საკითხი.

საუბარი ასევე შეეხო რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკას, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების  აღმართვის გაგრძელებას, რასაც თან ახლავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა საკუთარ მიწის ნაკვეთებზე.

თბილისი მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედებები ადგილზე დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას იწვევს.

როგორც მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ლაშა დარსალიამ განაცხადა, მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ისევ ზეწოლისა და მუქარის გზას ირჩევს.

„ნებისმიერ მცდელობას, პოლიტიკური საკითხები იყოს გამიჯნული თუნდაც ჰუმანიტარული საკითხებისგან და გარკვეული წინსვლა გვქონდეს ადამიანების მდგომარების შემსუბუქების მხრივ, რუსეთი პასუხობს მხოლოდ საკითხის პოლიტიზებით და მცდელობით, რომ მიაღწიოს პოლიტიკურ მიზნებს, სწორედ ადამიანის უფლებების საკითხებზე ზეწოლის გზით“, – განაცხადა დარსალიამ.

რუსეთის პოზიცია

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებამ, მორიგი რაუნდის შედეგების კომენტირებისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში ნატო-ს აქტიურობაზე გაამახვილა.

“რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ნატო-სა და  აშშ-ის სამხედრო აქტიურობა საქართველოში დღეისთვის მთავარი საფრთხეა რეგიონული უსაფრთხოებისთვის,” – აღნიშნავს უწყება.

მოსკოვის უკმაყოფილება ასევე გამოიწვია მოთხოვნამ, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანის თაობაზე.

“ქართველებმა და ამერიკელებმა ისევ დააბრუნეს დისკუსია ათი წლის წინანდელ პოზიციებზე და მაგალითად, მოითხოვეს რუსეთის ჯარების გაყვანა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დადასტურება 2008 წლამდე საზღვრებში და ა. შ. “, — განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა.

“ამას სიტუაცია ჩიხში შეჰყავს. გასაგებია, რომ ამაზე ვერც ჩვენ, ვერც ჩვენი მოკავშირეები წავლენ. ამგვარად, მუშაობა ერთობლივ განცხადებაზე (ძალის არგამოყენების შესახებ) ფაქტობრივად დაბლოკილია”, — აღნიშნა მან.

ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 ივლისს გაიმართება.


ასევე წაიკითხეთ