აღმოვაჩინე, რომ ქართველებისთვის მოსკოვის დედაქალაქობა სამუდამო დავიწყებას მიეცა" />

კომენტარი: თბილისს ცამეტწლიანი პაუზის შემდეგ ვეწვიე

აღმოვაჩინე, რომ ქართველებისთვის მოსკოვის დედაქალაქობა სამუდამო დავიწყებას მიეცა

თბილისს ცამეტწლიანი პაუზის შემდეგ ვეწვიე. აქედან შევარდნაძის დროს წავედი და მარგველაშვილის დროს ჩამოვედი. სააკაშვილმა და ივანიშვილმა გვერდი ამიარეს.

აეროპორტშივე მივხვდი, რამდენი რამ გამოვტოვე. შეკითხვაზე, თუ სად შეიძლება ვიზის აღება, მესაზღვრე გოგონამ (რომელიც არც ისე თავისუფლად საუბრობდა რუსულად და ამიტომ გადაწყვიტა, ლაკონური ყოფილიყო) მიპასუხა: “არა”. რას ჰქვია, არა? რატომ არა? “არა”, – დაბეჯითებით გაიმეორა გოგონამ. მეგონა, რომ პირადად ჩემი საწინააღმდეგო ჰქონდა რაიმე, მაგრამ მისმა კოლეგებმა ამიხსნეს, რომ რუსებისთვის ვიზები, დიდი ხანია, გაუქმებულია. თავი დინოზავრად ვიგრძენი.

2003 წელს, ბოლოს აქ რომ ვიყავი, სიტყვა “ტურიზმი” თბილისში, ცოტა არ იყოს, ეგზოტიკურად ჟღერდა. ანუ სიტყვა არსებობდა, მაგრამ თავად ტურისტები არ იყვნენ. ახლა კი რუსთაველის პროსპექტზე აქაური კაცი იშვიათად შეგხვდება. ჩინელები უფრო ხშირად გხვდებიან, რუსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

  ჩემი აზრით, რუსები ამ ქალაქის ცალკე ღირსშესანიშნაობაა. ისინი საკმაოდ მრავლად არიან და, თან – რაღაც სხვანაირი რუსები. დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რა სჭირდათ, მაგრამ ბოლოს გამინათდა გონება. დავაკვირდი, რომ არ იგინებიან. არა, განა საერთოდ არ იციან ის ხუთი სიტყვა, მაგრამ ყველა ზმნის, არსებითის და ნაცვალსახელის მაგივრად არ ხმარობენ – ეს მოსაწყენი, ყოველდღიური, ბინძური გინება თბილისში ჩამოსული რუსებისთვის მშობლიური სამეტყველო ენა არ არის; რასაც კავკასიონის ქედის გადაღმა ქალაქების ქუჩებზე ვერ ვიტყოდი.   

ვითომ თბილისს განსკუთრებული რუსები სტუმრობენ? ან იქნებ მართლაც გარემო უბიძგებთ დახვეწილი ჩვევებისკენ?

თბილისი მართლაც ისეთი ინტელიგენტური ადგილი გახდა, რომ ვერსად გადააფურთხებ – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რაც მის სტუმრებს კარგად მოქცევას აიძულებს. მეორე მხრივ კი, დიახ, საქართველოში ტურისტულად ჩასული რუსები  რაღაცით ნამდვილად განსხვავდებიან იმ თანამემამულეებისგან, რომლებიც სოჭსა და ყირიმში დასვენებას ამჯობინებენ.

 ოღონდ, რა თქმა უნდა, თბილისში მაინც დარჩა რაღაც უცვლელი და  ხელშეუხებელი. მაგალითად, ქართველისა და შიდაწვის ძრავის ურთიერთობა ძველებურად წარუშლელ ეფექტს ახდენს. თბილისში თუ მოხვდებით, ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებთ – ნუ ეტყვით ტაქსის მძღოლს, რომ საუცხოოდ მართავს მანქანას. ქათინაური რომ ესიამოვნა, ამას არ შეიმჩნევს, მაგრამ შეეცდება გიჩვენოთ, რომ რაც აქამდე იყო, ის არაფერია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში შეუძლია, და ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება… ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გზებზე ქალი მძღოლი იმდენივეა, რამდენიც მამაკაცი, მაგრამ ჩვეულებებზე ეს სულაც არ ისახება.  

  ტურისტის ნებისმიერი შეფასება იმ ქალაქისა და ქვეყნის შესახებ, რომელშიც არ ცხოვრობს, ყოველთვის ზედაპირულია. მის აღფრთოვანებას ადგილობრივები, როგორც წესი, ასე პასუხობენ – “ნეტავ იცოდეთ, ამ საქმეში რამდენია მოპარული…”, და თუ რაიმე პრეტენზია გამოთქვი, გეტყვიან, – “თქვენ ადრე უნდა გენახათ”. თუმცა, ერთი საკითხში მაინც შეიძლება უცხოელი  კომპეტენტური იყოს – ეს არის  უცხოელებისადმი დამოკიდებულება.

შთაბეჭდილებებს მეც გაგიზიარებთ.

 რუსებისადმი დამოკიდებულება საქართველოში ზუსტად ისეთივეა, როგორიც დანარჩენების მიმართ. და სწორედ ეს არის არსებითი სიახლე. არც მტრული განწყობა, არც მადლიერება. არც სიბრაზე და არც გამორჩეული სტუმართმოყვარეობა. არც ღვარძლი, არც თანაგრძნობა; და არც საერთო წარსულისადმი ნოსტალგია.  2016 წელს თბილისელები რუსების მიმართ არავითარ ძლიერ გრძნობებს არ განიცდიან. საერთო თემებიც კი აღარ დარჩა თითქმის. მოსკოვში ისევ მეგულება ადამიანები, ვისთან ერთადაც თბილისში 1989 წლის აპრილში მომხდარ მოვლენებზე შემიძლია ვიმსჯელო, თბილისში კი – აღარ: ეს აღარავის აინტერესებს, რაღა სალაპარაკოა, ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა.  

არა, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არავის დავიწყებია, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც რვა წლის წინ მომხდარ ამბებს უძღოდა წინ; მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს პრობლემა სწრაფად და მკვეთრად ვერ მოგვარდება და, შესაბამისად, ამაზე არც ყოველდღიურად ნერვიულობა ღირს.

ამჟამად რუსებსა და ქართველებს შორის საქმიანი ურთიერთობები ყალიბდება. ტურისტი ხარ? – კეთილი იყოს შენი მობრძანება! უძრავ ქონების შეძენას აპირებ? – შემოთავაზებები ნამდვილად გვაქვს (მათ შორის გადაფორმების სიმარტივე, დაბალი გადასახადები და ბინადრობის მოწმობა), ინვესტორი ხარ? – ახლავე დაიწყე!

მაგრამ მოსკოვის დედაქალაქობა ქართველებისთვის სამუდამო დავიწყებას მიეცა. ეს პროცესი დიდი ხანია, ვითარდება – მთელი ოცდახუთი წლის განმავლობაში! ანუ, რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს; და  ეს შედეგი რომ დამენახა, საკმარისი აღმოჩნდა, ამ ოცდახუთიდან ცამეტი წელი გამეცდინა.

ჩვენ, რუსეთი და მოსკოვი – საქართველოში აღარავის ვაინტერესებთ. არანაირად – არც ჩვენი პოლიტიკა, არც ეკონომიკა. არც ჩვენი ვნებები, და არც ჭორები. არც ჩვენი ნახშირწყალბადები აღელვებთ – იქვე მეზობლად  ნაკლებად ჭირვეული აზერბაიჯანია. არც ჩვენი სერიალები უნდათ, თავისი ნაგავიც ჰყოფნთ. ის ავტორები, რომლებსაც მთელი მოსკოვი კითხულობს, თბილისში გაგონილიც არ ჰყავთ. რუსული კინო? პასუხად – თავაზიანად (მაგრამ როგორღაც უხერხულად) მხრებს იჩეჩავენ. არც პუტინი აინტერესებთ და არც ხოდორკოვსკი.

საქმე ისაა, რომ ქართველებს რუსეთთან და მოსკოვთან უკვე აღარაფერი აკავშირებთ – არც განათლება, არც კარიერა, არც ბიზნესი. ახლა მათ სხვა ქალაქებისა და ქვეყნების ახალი ამბები უფრო აღელვებთ – პირველ რიგში რუსთავის, ზუგდიდის, ბათუმისა და ქუთაისის ამბები; ასევე ბრიუსელის, ლონდონის, ნიუ-იორკის სიახლეები – ეს მათი ახლანდელი დედაქალაქებია.

რუსული ენა? დიახ, რა თქმა უნდა, თბილისი ღრმად რუსულენოვანი ქალაქია, მაგრამ ეს ენა უბრალოდ კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა. დავუშვათ, “სკაიპი” გაქვთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ არც “ვაიბერი” გაწყენდათ. ასეა რუსული ენის საქმეც. რუსეთში მეგობრები მხოლოდ უფროს თაობას შემორჩა. ახალგაზრდა ქართველებს რუსი მეგობრები აბა, საიდან უნდა ჰყავდეთ? 

როგორც ჩანს, იგივე პროცესი – ყოფილი მეტროპოლიისადმი პრაქტიკული ინტერესის გაქრობა –  მიმდინარეობს ბაქოსა და ერევანში. ასევე კიევში, ასტანაში, კიშინიოვსა და მინსკში. ეს ცოტა უფრო ადრე მოხდა ტალინში, რიგასა და ვილნიუსში.

ალბათ სწორედ ასე იშლება იმპერიები – არა ტიტანური ორთაბრძოლებით, არამედ საკუთარი უსარგებლობისგან გამოწვეული ნელი კვდომით. იმისგან, რომ ოდესღაც მათდამი ზიზღის განცდა მოწყენილობამ შეცვალა.

ჰოდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ!

და თუ ეს მართალია, მაშინ ვიცი, სადაც შეიძლება, რომ მოსკოველმა თავი სასურველ, მაგრამ მაინც სტუმრად იგრძნოს – გროზნოსა და მაჰაჭყალაში, ყაზანსა და კალინინგრადში. ვითომ ფსკოვამდე, ხაბაროვსკამდე და იაკუტსკამდეც მივა საქმე? ვნახოთ. სულ რაღაც ცამეტი წლის წინათ – ისტორიისთვის მართლაც  სასაცილო მონაკვეთში – საქართველოში მოვლენების ამგვარად განვითარებასაც  ვერავინ წარმოიდგენდა.

  მიხაილ შეველიოვი, ჟურნალისტი, მოსკოვი

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ