ერთი შეხედვით შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილი სრულიად განსხვავებული ტიპის ლიდერები არიან. თუმცა, არის რაღაც, რაც სამივეს აერთიანებს" />

მზეჭაბუკი და დრაკონი. დავით ზურაბიშვილის ბლოგი

ერთი შეხედვით შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილი სრულიად განსხვავებული ტიპის ლიდერები არიან. თუმცა, არის რაღაც, რაც სამივეს აერთიანებს

“ეს ხომ ნანახი მაქვს!”
ხევსურის რეპლიკა ფეხბურთის მატჩის დროს
ქართლოს კასრაძის ძველი იუმორესკადან

რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ქვეყანა მზეჭაბუკის და დრაკონის ცნობილი მითის წრეზე ტრიალებს: არის ბოროტი დრაკონი, რომელსაც უზურპირებული აქვს ძალაუფლება, ქვეყანა სტაგნაციაშია და მიიწევს დეგრადაციისკენ,  ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ დემორალიზებული, და ამ დროს ჩნდება ვინმე მზეჭაბუკი, რომელიც ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, უპირისპირდება დრაკონს, ამარცხებს მას და მოდის ხელისუფლების სათავეში. თუმცა, მერე გამარჯვებული მზეჭაბუკი ხარბდება ძალაუფლებას, ახდენს მის უზურპირებას, თავადვე იქცევა დრაკონად და არის ასე, ახალი მზეჭაბუკის გამოჩენამდე.

თითქმის მეოთხედი საუკუნეა რაც ამას ვუყურებთ. იცვლებიან თაობები, გამოცდილებაც გროვდება, ქვეყანაც ასე თუ ისე ვითარდება, მაგრამ პოლიტიკური პროცესი საქართველოში ვერაფრით ახერხებს ამ მანკიერი წრიდან გამოსვლას.

ასე მოუვიდა შევარდნაძეს, რომელმაც შემუსრა შეიარაღებული საძმოები და მაშველთა კორპუსად გაფორმებული მხედრიონი, ვითარცა ბოროტი დრაკონი, მაგრამ მერე თავადვე გარდაიქმნა უშუქობით, უფულობით და კრიმინალით ტანჯულ სახელმწიფოზე მომჯდარ დრაკონად.

ასე მოუვიდა სააკაშვილსაც, რომელიც ქვეყანას შევარდნაძის დახავსებული მმართველობისგან მხსნელ მზეჭაბუკად მოევლინა, მაგრამ პირველი წარმატებული ნაბიჯების შემდეგ, თვითონვე იქცა მოქალაქეთა უმრავლესობისთვის საძულველ დრაკონად.

და ბოლოს, აშკარად ამავე გზას ადგას ბიძინა ივანიშვილიც: ვერშესრულებული დაპირებები, გაცრუებული იმედები, ხელისუფლების არაკომპეტენტურობისა და არაკვალიფიციურობის ხარისხი სახიფათოდ უახლოვდება 90-იანების დასაწყისს, ცხოვრება ძვირდება, უკეთესობა არ ჩანს, უკმაყოფილება იზრდება და საერთოდ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ხელისუფლებას არანაირი სტრატეგიული ხედვა არა აქვს და უბრალოდ რუტინაშია გადავარდნილი, ალაგ-ალაგ ახლობლების დასაქმებით.

არადა ერთი შეხედვით შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილი  სრულიად განსხვავებული ტიპის ლიდერები არიან: განსხვავებული განათლებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით და შეხედულებებით. თუმცა, მთავარი სხვაა: არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც სამივე ლიდერს აერთიანებს.  კერძოდ:

ა) სამივე ლიდერმა თავის გარშემო შემოიკრიბა  სრულიად განსხვავებული მენტალობის და ღირებულებების მქონე ადამიანები. თანაც ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭა უპირატესობა. სააკაშვილისთვის ასეთი მიდგომა შედარებით ნაკლებად იყო დამახასიათებელი და უფრო შეკრული გუნდი ჰყავდა, თუმცა სხვადასხვა ბანაკები და კულუარული დაპირისპირებები მისი გუნდის შიგნითაც იყო.

ბ) სამივე ლიდერისთვის დამახასიათებელია ქვეყნის ოპერატიული მართვა ძალოვანი სტრუქტურების, უშიშროებისა და პოლიციის მეშვეობით. აქ მართლაც შესაშურად პრინციპული მემკვიდრეობითობაა – უბრალოდ აზრადაც არ მოსდის არავის რამე სხვა სცადოს.

გ) სამივე ლიდერი გამოირჩევა სურვილით აკონტროლოს არა მხოლოდ მისი საკუთარი პოლიტიკური გუნდი და მოკავშირეები, არამედ ოპოზიცური სპექტრიც. კონტროლის ადმინისტრირება ხორციელდება ასევე უშიშროებისა და პოლიციის მეშვეობით (იხ. პუნქტი “ბ”)

დ) ცდილობს აკონტროლოს სასამართლო, ბიზნესი და მედია. მართალია, სააკაშვილის მხრიდან კონტროლი უფრო ყოვლისმომცველი იყო, ვიდრე ახლა და შევარდნაძის დროს ასეთი კონტროლი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად იგრძნობოდა, თუმცა, ეს განსხვავებები მხოლოდ რაოდენობრივი ხასიათისაა და არა თვისებრივი. მიზანი ყველას ერთი აქვს.

ე) სისტემატურად აპელირებს მტრის ხატზე. ესეც მნიშვნელოვანი საერთო მახასიათებელია. ყველა  ხელისუფლებას ჰყავდა ერთგვარი ბუა, რომლის შიშით საზოგადოებას ისევ შეჩვეული ჭირი უნდა ერჩია.  შევარდნაძისთვის ეს იყო ასლან აბაშიძე, სააკაშვილისთვის რუსეთი, ივანიშვილისთვის კი სააკაშვილი და ნაცმოძრაობა. მართალია, რაღაც დროის მერე ეს ხატი ძველებურად ვეღარ ჭრის, მაგრამ თავიდან საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს.

შესაძლოა ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ძალაუფლების ტექნოლოგიიდან გამომდინარე ლიდერი ასეც უნდა იქცეოდეს, რაც, პრინციპში სწორია, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტებით: ეს სწორია იმ შემთხვევაში, თუ მიზანი დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმია. ხოლო თუ მიზანი ინსტიტუციური დემოკრატია და ევროპული ტიპის სახელმწიფოა, მაშინ ასეთი მიდგომები სრულიად გაუმართლებელია. მართლაცდა, რანაირად უნდა აშენო დემოკრატია დიქტატურის გზით? ეს რაღაც დოსტოევსკისეულ შიგალევშჩინას უფრო ჰგავს ან ორუელის ანტიუტოპიის ლოზუნგებს, მშვიდობა რომ ომია და თავისუფლება კი მონობა.

ყველა ზემოჩამოთვლილი მახასიათებელი მთლიანობაში  ერთ მიზანს – ძალაუფლების კონცენტრაციას ემსახურება და  პრობლემის თავი და თავიც ეს არის. დემოკრატია უცილობლად გულისხმობს ძალაუფლების გადანაწილებას და არა მის კონცენტრაციას ერთი პიროვნების ან თუნდაც ერთი გუნდის ხელში. ერთპიროვნული ძალაუფლება და დემოკრატია შეუთავსებელი ცნებებია.

შეიძლება ვინმემ იკითხოს: ვინ აძალებს ამ მზეჭაბუკებს დემოკრატიას? ხომ შეიძლება კარგი გემრიელი დიქტატურა დაამყარონ და აღარ იქნება პრობლემებიო, მაგრამ საქმეც ისაა, რომ საქართველოში ეს შეუძლებელია. ამის უპირველესი მიზეზი კი ისაა, რომ დიქტატურა საგარეო მხარდაჭერის გარეშე ვერ იქნება, ხოლო დასავლეთი ღია დიქტატურას არასდროს დაუჭერს მხარს. თუმცა, ეს სხვა თემაა და ალბათ ცალკე სტატიასაც იმსახურებს.

როდესაც ძალაუფლების გადანაწილებაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია ორი მომენტი:

პირველი, ესაა ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა, აღჭურვილი ფართო უფლებამოსილებებით და ფინანსური უზრუნველყოფით. ამის გარეშე  ინსტიტუციური დემოკრატიის დამკვიდრება შეუძლებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობა ის სტრუქტურული რგოლია, სადაც  საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საკითხების უმრავლესობა წყდება, რაც სხვა სიკეთესთან ერთად ამ საკითხების პოლიტიზირების და მმართველი ძალის მხრიდან სპეკულაციების შესაძლებლობასაც ამცირებს.

მეორე მნიშვნელოვანი  მომენტია პოლიტიკური პარტიები. განვითარებულ დემოკრატიაში ქვეყნის მართვა პარტიული წარმომადგენლობებით ხდება, და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალაუფლება არ არის მარტო მმართველი პარტიის, ან კოალიციის ხელში – გარკვეულ ბერკეტებს ოპოზიციაც ფლობს. წარმომადგენლობით ორგანოებში ოპოზიცია ისევე წარმოადგენს ძალაუფლების ნაწილს, როგორც მმართველი ძალა. ამიტომაც, დემოკრატიის პირობებში, ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასვლა და პირიქით, ჩვეულებრივი ამბავია და არა პოლიტიკური აპოკალიფისი.

სასამართლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფალ  მედიაზე აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ, იმდენად ცხადია მათი მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისთვის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ მზეჭაბუკს სურს ინსტიტუციური დემოკრატია, ამისთვის ძალაუფლების კონცენტრაცია კი არ უნდა მოახდინოს, არამედ პირიქით,  ეს ძალაუფლება გასცეს და სხვადასხვა სეგმენტებზე გადაანაწილოს: გააძლიეროს თვითმმართველობა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა პროცესებში, ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიის, სასამართლოს და ბიზნესის განვითარებას და ა. შ.

სწორედ აქ მივადგებით ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ბიწიერი წრებრუნვის მთავარ მიზეზს. საქმეც ისაა, რომ ძალაუფლების გაცემა და გადანაწილება დღემდე არცერთ ხელისუფლებას აზრადაც არ მოსვლია, რაც ნიშნავს, რომ რეალურად არცერთ მათგანს არ უცდია ინსტიტუციური დემოკრატია დაემკვიდრებინა საქართველოში.

ამის ნაცვლად, ყველა ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს და ძალაუფლების კონცენტრაციის გზას ირჩევს. თან ამ დროს, როგორც წესი, საკუთარ თავს აიმედებენ ხოლმე, რომ კიდევაც დაიზრდებიან კვალიფიციური კადრები, რომელთათვისაც ძალაუფლების გადაბარება პრობლემა აღარ იქნება. მაგრამ დრო მიდის, პრობლემები მატულობს, ალგეთს ლეკვები მგლისანი კი არ ჩანან. ამასობაში მმართველს იმდენი შეცდომა-გადაცდომები უგროვდება, რომ ხელისუფლების დათმობა უკვე უსაფრთხოც აღარ ეჩვენება და პასუხისგებაში მიცემის შიშით საკუთარი ძალაუფლების მძევალი ხდება. ასე გადაიქცევა მორიგი მზეჭაბუკი მორიგ დრაკონად.

აი, ესა გვჭირს, სხვა კი არაფერი.

ბოლოთქმა

შანსი იმისა, რომ ივანიშვილმა ერთპიროვნული ძალაუფლება დათმოს და დეცენტრალიზაცია და დემოკრატიზაცია დაიწყოს, თეორიულადაც კი მიზერულია. რეალობა ისაა, რომ ეს ხელისუფლებაც წინამორბედთა გზას ადგას. როგორც ჩანს, მზეჭაბუკად მოვლენილ ბიძინა ივანიშვილსაც ისევე არ აცდება დრაკონად გადაქცევა, როგორც შევარდნაძეს და სააკაშვილს. ხოლო სადაც დრაკონია, იქ მზეჭაბუკიც აუცილებლად გამოჩნდება.

მე არ ვიცი ვინ იქნება ის მზეჭაბუკი – კაცი, ქალი, ნაცი, ქოცი, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი, რომელიმე ოპოზიციონერი თუ საერთოდ უცხო მოყმე ვინმე, მაგრამ აქვე შემიძლია წინასწარ მივცე მილიონ დოლარად ღირებული რჩევა:

თუ გინდა რომ შენც დრაკონად არ გადაიქცე და მზეჭაბუკად დარჩე მარად, როდესაც ხელისუფლებაში მოხვალ და იმხელა ძალაუფლება მოგეცემა თვითონაც რომ არ ელი, აუცილებლად გაიხსენე სიბრძნე დიდი რუსთველისა “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია” და დაანაწილე და გაეცი ეს დედააფეთქებული ძალაუფლება – პარტიებზე, თვითმმართველობებზე, სასამართლოებზე, სამოქალაქო სექტორზე, ბიზნესზე და ა.შ.,

გაეცი, გაეცი, გაეცი, გაეცი, ამინ!

დავით ზურაბიშვილი –  ქართველი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი.

 

 

 


ასევე წაიკითხეთ