ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა და ქართველმა ფემინისტებმა 8 მარტი ტრანსგენდერ ქალთა სოლიდარობის აქციით აღნიშნეს" />

“მე ვარ ქალი – აღიარე!” – 8 მარტი თბილისში

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა და ქართველმა ფემინისტებმა 8 მარტი ტრანსგენდერ ქალთა სოლიდარობის აქციით აღნიშნეს

ქალთა საერთაშორისო დღე თბილისში ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავი აქციით აღნიშნეს.

აქცია სახელწოდებით “მე ვარ ქალი – აღიარე!” იუსტიციის სახლთან გაიმართა. დემონსტრანტები პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში სქესის შეცვლის უფლებას ითხოვდნენ. ტრანსგენდერი ქალები მიიჩნევენ, რომ მათი უფლება ირღვევა, როდესაც პასპორტში მათი იდენტობისგან განსხვავებული სქესია მითითებული.

მირანდა ფაღავა, ტრანსგენდერი ქალი, აქტივისტი: 

“ჩემთვის ეს დღე ძალიან კარგ ასოციაციებს იწვევს. ვფიქრობ, რომ ყველა ქალი უნდა აღნიშნავდეს 8 მარტს. დღესაც გვაქვს გეგმები, გოგოები ვიკრიბებით და მეგობრულ წრეში ვაპირებთ, რომ აღვნიშნოთ. უამრავი საჩუქარი მივიღე, ბევრმა ადამიანმა მომილოცა. როგორც ნებისმიერი ქალი, ისევე, დღეს ყურადღების ეპიცენტრში ვარ”.

აია ბერაია, გენდერის მკვლევარი, ფემინისტი აქტივისტი:

“სინამდვილეში, 8 მარტი დღესასწაული კი არა, პატრიარქატში მცხოვრები ქალების ბრძოლის დღეა. მსოფლიოში საზოგადოებების, სახელმწიფოებების, კულტურების უმრავლესობა დღესაც პატრიარქალურია. 8 მარტი არის ერთ-ერთი გამორჩეული დღე, როდესაც ქალები ორგანიზდებიან და აპროტესტებენ  ჩაგვრას”.

ანა სუბელიანი, აქტივისტი: 

“ბავშვობაში, როდესაც არ ვიცოდი ამ დღის მნიშვნელობა, ეს დღე ჩემთვის იების ჩუქებასთან ასოცირდებოდა. რეალურად კი ეს არის დღე, როდესაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ ერთმანეთს, რომ მიუხედავად სიტუაციის შედარებით გაუმჯობესებისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ქალებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ჩაგრული ჯგუფია ტრანსგენდერი ქალები და სწორედ მათდამი სოლიდარობის მიზნით შევიკრიბეთ დღეს. ტრანსგენდერი ქალები ისევე იმსახურებენ სრულფასოვან ცხოვრებას, დასაქმების შესაძლებლობას, ოჯახის შექმნის შესაძლებლობას, როგორც ყველა ადამიანი”.

ბექა გაბადაძე, ლგბტ აქტივისტი: 

“8 მარტი, პირველ რიგში,  ქალთა შრომით უფლებებთან დაკავშირებული დღეა. ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ იმ შრომაზე, რომელსაც ქალები სწევენ შინა მეურნეობაში. დიასახლისების შრომა ითვლება ბუნებრივად და ანაზღაურებადი არ არის. საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა და ქალთა შრომის დაფასება 8 მარტის მთავარი ფოკუსი უნდა იყოს”.

მარი კურტანიძე, აქტივისტი:

“ძალიან მინდა, რომ 8 მარტი ყველა ქალისთვის იყოს იმის შეხსენების დღე, რომ ის უთანასწორობა, რომელში ცხოვრებაც გვიწევს, ჩვენი ბრძოლის გარეშე არ შეიცვლება. ჩემთვის ყოველი დღე ბრძოლის დღეა, მაგრამ 8 მარტს განსაკუთრებით ხმამაღალნი უნდა ვიყოთ ყველა.

წელს ქალთა მოძრაობამ, ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა ტრანსგენდერი ქალების პრობლემებზე აქციის გაკეთება. ტრანსგენდერი ქალების მდგომარეობა იმდენად მძიმეა საქართველში, რომ წლევანდელი 8 მარტი ნამდვილად გამორჩეულია ჩემთვის”.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ