მათ შექმნეს ბლოკი „მოძრაობა“, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები გაწევრიანდნენ" />

მეამბოხე ახალგაზრდობა აზერბაიჯანის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

მათ შექმნეს ბლოკი „მოძრაობა“, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები გაწევრიანდნენ

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა 2020 წლის 9 თებერვლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ბლოკი „მოძრაობა“ შექმნეს. მათ შორის არიან: ყოფილი პოლიტპატიმრები, ოპოზიციონერები, ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები, იურისტები. 

თუკი რეგისტრაციას გაივლიან, ყველა მათგანი სხვადასხვა ოლქიდან აპირებს კენჭის ყრას. მათ შორის ორი – ბლოგერი და ყოფილი პოლიტპატიმარი მეჰმან გუსეინოვი, და გენდერული მოძრაობის აქტივისტი რაბია მამედოვა – 23 დეკემბერს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვეს და ამას გაყალბების შედეგად მიიჩნევენ.

• მოსაზრება: რა ხდება აზერბაიჯანში – რევოლუცია ზემოდან, თუ იმიჯის კორექცია?

ბლოკის წევრები სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებენ.

მათ შორის საერთო ისაა, რომ ისინი, ძირითადად, არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც მთავრობა არ ესიმპათიურებათ და სურთ, რომ „აზერბაიჯანი ისეთ სამართლებრივ ქვეყნად იხილონ, სადაც გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები ფასობს, სამართლიანი არჩევნები ტარდება, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოები მოქმედებს“.

„მოძრაობის“ მთავარი მიზანია – მასების პოლიტიზება, არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად საზოგადოების, კერძოდ კი, ახალგაზრდობის  მიზიდვა, და არა მხოლოდ ამომრჩევლებად, არამედ – დამკვირვებლებადაც.

 „ბლოკი „მოძრაობა“ იმისთვის შევქმენით, რათა ხალხი ავამოძრაოთ“, – ამბობს ბლოკის ერთ-ერთი წევრი აზერ გასიმლი.

 „ერთ-ერთ მთავარ მიზანს არჩევნებზე ადამიანების  მაქსიმალური მიზიდვა წარმოადგენს. ვაპირებთ, ყველა ოლქში მაქსიმალური საარჩევნო აქტიურობა უზრუნველვყოთ. თუმცა, არანაირი ილუზია არ გაგვაჩნია იმის თაობაზე, თუ როგორ მოახდენს ხელისუფლება ამ არჩევნების ორგანიზებას. აქამდე ნორმალურად ორგანიზებული არჩევნები ჯერ არც ერთხელ არ ჩატარებულა“, ამბობს ბლოკის სხვა წევრი ტურღულ გამბარი.  

გარდა ამისა, ბლოკი, ძირითადად, თავისი კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიების ადმინისტრაციულ-ტექნიკური მხარდაჭერით დაკავდება. დანარჩენი თვალსაზრისით, ყველა კანდიდატი დამოუკიდებლად იმოქმედებს.

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც დეკემბრის დასაწყისში ახლანდელმა პარლამენტმა თვითდათხოვნის შესახებ განაცხადა. ინიციატივა მოდიოდა მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანისგან“, რომელმაც ეს იმით ახსნა, რომ პარლამენტი უნდა განახლდეს, რათა პრეზიდენტის მიერ გატარებულ რეფორმებს მხარი დაუჭიროს. 

საარჩევნო ბლოკ „მოძრაობის“ წევრები (facebook) 

„მოძრაობა“ – მეორე საარჩევნო ბლოკია, რომელიც არჩევნების წინ შეიქმნა. პირველში, რომელსაც „რეალური რესპუბლიკელების კავშირი“ ერქვა, დაურეგისტრირებელი პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივას“ წევრები და რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი შევიდნენ.

მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატების სია ჯერ არ წარუდგენია.

ოპოზიციური პარტია „მუსავათი“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.


ასევე წაიკითხეთ