მსხვერპლი, ბანდიტი და რობინ ჰუდი - ერთდროულად. 9 წელი თბილისის საპატიმროში გაატარა. ახლა ცხინვალშია დაკავებული ისევ გამომძალველობისთვის " />

მარიკ დუდაევი – ოსები და ქართველები

მსხვერპლი, ბანდიტი და რობინ ჰუდი - ერთდროულად. 9 წელი თბილისის საპატიმროში გაატარა. ახლა ცხინვალშია დაკავებული ისევ გამომძალველობისთვის 

ამ ამბის გმირი მარიკ დუდაევია – ერთ-ერთი ყველაზე  წინააღმდეგობრივი ფიგურა სამხრეთი ოსეთის უახლეს ისტორიაში. საქართველო-სამხრეთოსეთის ომის დროს, 90-იანების დასწყისში ის მოზარდი იყო და უმოწყალო სისატიკის მსხვერპლი გახდა. ყმაწვილკაცობაში ეროვნული შურისმაძიებლის გზა აირჩია და სამხრეთ ოსეთში ქართული შეიარაღებული დაჯგუფებებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის ორგანიზება შეძლო; თანაც, ამბობდნენ, რომ რეკეტობდა კიდეც და ადგილობრივ მეწარმეებს “მფარველობდა”. რამდენიმე წლის წინათ, ბანდიტიზმის ბრალდებით, საქართველოს ციხეში აღმოჩნდა და სამხრეთი ოსეთის საზოგადოებისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა. სამი წლის წინათ ცხინვალში დაბრუნდა როგორც ეროვნული გმირი და, გავრცელებული ხმების თანახმად, თითქმის მაშინვე ადგილობრივი ფერმერების ძარცვას მიჰყო ხელი. 

მიმდინარე წლის ზაფხულში ბევრად უფრო მარტივი გახდა იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის მარიკ დუდაევი. მას ორივე (როგორც სამხრეთოსურმა, ისე ქართულმა) მხარემ დამნაშავე უწოდა.

 19 ივნისი

20 ივნისს, ცხინვალელი ძალოვანების მიერ განხორციელებული  სპეცოპერაციის შედეგად მარიკ დუდაევი ლენინგორში დააკავეს. ამჟამად ის ცხინვალის შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორში იმყოფება და ბრალად გამომძალველობა ედება.

დუდაევს ცხინვალში “კრიმინალურ ავტორიტეტად” მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მარიკი რეკეტსა და კონტრაბანდულ საქმიანობაშია გარეული. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გავრცელებულა. დუდაევის დაკავების საქმეს გვერდს უვლიან როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები, ისე ექსპერტები.

რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ JAMnews-ს  აუწყა, რომ “დუდაევის საქმე” პროკურატურას გადაეცა და “შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს საკითხი არ ეხება”. გარდა ამისა, იმავე წყაროს გაუჭირდა იმის განმარტება, თუ კონკრეტულად რომელი ორგანო იკვლევს ამ საქმეს – გენერალური პროკურატურა, თუ ლენინგორის რაიონული პროკურატურა.

დუდაევი  დააკავეს ტარიელ ბაშარულთან – ადგილობრივ ბიზნესმენთან უსიამოვნების შემდეგ. ბაშარულს ადგილობრივების ნაწილი მსხვილ კონტრაბანდისტად მოიხსენიებს, რომელიც ლენინგორის რაიონს განაგებს. დაპირისპირების შემდეგ დუდაევი ცხინვალის შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლებმა შეიპყრეს და სასტიკად სცემეს თავად მარიკსა და მის თანმხლებ პირებს.

სამხრეთი ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორის უფროსმა, ოთარ მარგიევმა JAMnews-ს განუცხადა, რომ მარიკ დუდაევი საერთო კამერაშია მოთავსებული. “თავს კარგად გრძნობს, დათრგუნული არ არის. ჩვენთან პროფესიონალი ექიმები და მედდა მუშაობენ. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კარგადაა. თავად ჩვენთან იმყოფება, მაგრამ მის საქმეს პროკურატურა იძიებს. მისთვის წაყენებულ ბრალზე ვერაფერს ვიტყვი, ეს საკითხი პროკურატურის პრეროგატივაა.”

ლენინგორში JAMnew-ის წყარომ დუდაევისა და ბაშარულის კონფლიქტის ნიუანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დუდაევმა ხარკი დააკისრა იმ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ცხინვალის ბაზარში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი დუდაევს მორჩილად უხდიდნენ ხარკს, და მარიკმა გადაწყვიტა, გავლენის სფერო გაეფართოვებინა და შეეცადა, იმ იმ ლენინგორელი ქართველებისთვისაც გამოერთმია ფული, რომლებსაც საქონელი საქართველოს საზღვრის გავლით შემოჰქონდათ.

მაგრამ, ჯემნიუსის წყაროს ცნობით, მათ  ბევრად უფრო სერიოზული “მფარველი” აღმოაჩნდათ ტარიელ ბაშარულის სახით. გავრცელებულ ჭორებს თუ ვენდობით, ბაშარულს  როგორც ქართველი მებაჟეები, ისე გავლენიანი ოსი ჩინოვნიკებიც მფარველობენ. თუმცა ამ ბრალდებებს ბაშარული უარყოფს.

მოკლედ რომ ითქვას, მარიკმა საკუთარი ძალები და საშუალებები ვერ გათვალა და ახლა მას პატიმრობა უკვე თავის ისტორიულ სამშობლოში ელის.

“ოთხმოცდაათიანებში ჩარჩა. დროშია დაკარგული. ჰგონია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია თავდასხმებით საქმეების მოგვარება. ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე.

“ზვიადისტების” მსხვერპლი

1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებული ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტი მარიკ დუდაევის ოჯახისთვის სისხლიან ტრაგედიად იქცა. მაშინ ის 16 წლის იყო. ალბათ, მისი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა, მაგრამ ეს კონფლიქტის დასაწყისი იყო. საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდიას ახალი პოლიტიკური პროექტი ლოზუნგით “საქართველო ქართველებისთვის”. ქართული შეიარაღებული დაჯგუფებები დუდაევის მშობლიურ სოფელ არცევში იჭრებოდნენ ხოლმე. ამ სოფელში ოსები და ქართველები ოდითგანვე ერთად ცხოვრობდნენ.

არცევის მოსახლეობა სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას მისდევდა. თუმცა, გლეხებმა მშვიდობიანი ცხოვრების წესი ვერ შეინარჩუნეს. შეიარაღებული ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას სულ უფრო ხშირად ძარცვავდნენ. ერთხელ დუდაევების სახლში შეიჭრნენ. იმ დღეს ოჯახი საგვარეულო დღეობისთვის ემზადებოდა და ღმერთისთვის ხბოს შეწირვას აპირებდა. თავდამსხმელებმა მარიკის მამას ავტომატების კონდახებით სცემეს და ქვაბიდან მდუღარე წყალი გადაასხეს. ვლადიმირ დუდაევი იმ დღეს მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

დუდაევების უბედურება ამით არ დასრულებულა. რამდენიმე ხანში ქართველი ბოევიკები დაბრუნდნენ, მარიკის დედას სცემეს და ქალი მაგიდაზე მიაბეს, შემდეგ კი თვალწინ ქალიშვილი გაუუპატიურეს.

შემდეგ ჯერზე მაროდიორები დუდაევების ქონების წასაღებად მოვიდნენ. მთელი ნივთები სატვირთო მანქანაზე დააწყვეს, სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს.

შედეგად, მარიკი და მისი უმცროსი ძმა, ერიკი ქუჩაში დარჩნენ. მცირე ხნის შემდეგ ძმები ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებმა ნათესავებმა შეიკედლეს.

მარიკ დუდაევი მშობლიურ არცევში ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა. შეეცადა, თავიდან დაეწყო ცხოვრება და ფერმის შენებას შეუდგა. თუმცა, ქართული შეიარაღებული დაჯგუფებები სოფლის დატერორებას აგრძელებდნენ. ყველა მოსახლისგან ხარკს იღებდნენ და გოგონებს აუპატიურებდნენ.

 მარიკმა აქტიური წინააღმდეგობის გაწევა დაუწყო ბოევიკებს. თავდაცვის საკითხები მან საკმაოდ მოხერხებულად მოაგვარა. ადამიანები მას სულ უფრო ხშირად მიართავდნენ დაცვისთვის და ის ბანდიტებისთვის სერიოზული მოწინააღმდეგე გახდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დუდაევმა ბესიკ თენაძე მოკლა – იმ ბანდის მეთაური, რომელიც სოფელს ატერორებდა

 ქართული ციხე

2004 წლის 16 მარტს ქართულმა სპეცსამსახურებმა მარიკ დუდაევი სპეცოპერაციის შედეგად არცევში, მისი სახლის წინ დაიჭირეს. დაკავებისას დუდაევმა ფილტვების არეში სამი გამჭოლი ჭრილობა მიიღო. ერთი ტყვია გულის არეში მოხვდა, ერთიც – მარცხენა მხარში, მაგრამ დაკავებული გადარჩა.

გამოძიება ამტკიცებდა, რომ განსასჯელი მცხეთისა და თბილისის დამაკავშირებელი სარკინიზო ხაზის აფეთქების მცდელობისას დააკავეს, თუმცა საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლომ დუდაევს ოცდასამწლიანი პატიმრობა, არა ტერორიზმისა და დივერსიის, არამედ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის, ყაჩაღობის, ძარცვის, პოლიციის მიმართ ძალადობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდების საფუძველზე მიუსაჯა.

ეს  იმ დანაშაულებისა და სამართალდარღვევების არასრული სიაა, რომლებიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, მარიკ დუდაევმა 1995 წლიდან 2002 წლამდე პერიოდში ჩაიდინა. ბრალდების 16 პუნქტიდან ერთ-ერთი იყო, “იარაღის მითვისების მიზნით, ბესიკ თენაძის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა.” 

დუდაევის ყოფილმა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა JAMnews-ს განუცხადა, რომ წაყენებული ბრალდებებიდან დუდაევმა მხოლოდ თენაძის მკვლელობა აღიარა, რომელიც, მისი თქმით, შურისძიების მიზნით ჩაიდინა. განსასჯელმა აღნიშნა, რომ მისთვის წაყენებული სხვა ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.

“მარიკ დუდაევი ნამდვილად მონაწილეობდა ბესიკ თენაძის მკვლელობაში, მაგრამ სხვა ყველაფერი – ის, რომ იგი კრიმინალური ავტორიტეტი და ქართველოფობია, სიმართლეს არ შეესაბამება.”

ოსმა უფლებადამცველმა ლირა კოზაევამ, რომელმაც დუდაევის ბიოგრაფია შეისწავლა და მისი დაცვითა და გათავისუფლებით იყო დაკავებული, მასმედიასა და სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამოაქვეყნა სტატიები და მიმართვები, რომლებშიც ირწმუნებოდა, რომ თენაძის მკვლელობის დროს დუდაევი თავს იცავდა და ის დუდაევს განზრახ არ მოუკლავს.

სამხრეთი ოსეთის მხარე აღნიშნავდა, რომ დუდაევისთვის წაყენებული ბრალდება ხელოვნურად იყო შეთითხნილი და ყველა მოლაპარაკებაზე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა.

ქართველი და ოსი უფლებადამცველები რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ დუდაევის საქმეზე. უფლებადამცველ ლირა კოზაევას მიერ წარმოდგენილ დასკვნაში აღნიშნულია დუდაევის უფლებების შელახვის უამრავი ფაქტი, რამაც ბევრი გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის ყურადღება მიიპყრო.

ციხეში ყოფნისას დუდაევი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა.

 განთავისუფლება

მარიკ დუდაევის ცხოვრებაში (რომელიც საპატიმროში 2027 წლამდე უნდა ყოფილიყო) გარდამტეხ მომენტად 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იქცა, რომელსაც ამნისტია და საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვა.

2012 წელს დუდაევს საყოველთაო ამნისტიაში შეეხო და მისი პატიმრობის ვადა 10 წლამდე შემცირდა. 2013 წელს კი სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში (რომელიც დასჯის პრინციპებს განსაზღვრავს) ცვლილებები შევიდა, და ამ საკანონმდებლო რეფორმის საფუძველზე, დუდაევი იმავე წელს გათავისუფლდა.

გათავისუფლებამდე დუდაევი სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მოინახულა. იგი მაშინ ოსი და ქართველი პატიმრების გაცვლის იდეით გამოვიდა, და  ეს გაცვლა უნდა მომხდარიყო პრინციპით “ყველა ყველაზე”.

“მარიკ დუდაევმა პატიმრობის 9 წელი უკვე მოიხადა და ვფიქრობ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ეს სასჯელი საკმარისია. ეს პროცესი მოლაპარაკებების დაწყებასა და ქართულ-ოსური დიალოგის გაღრმავებაში დაგვეხმარება,” – განაცხადა მაშინ უჩა ნანუაშვილმა.

2013 წლის 7 ივნისს, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიკ დუდაევი პატიმრობიდან გათავისუფლდა და სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებას გადაეცა. დუდაევს ცხინვალში ისე დახვდნენ, როგორც ეროვნულ გმირს. იგი პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მიიღო.

 მან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, პირობა დადო, რომ კენჭს იყრიდა ადგილობრივ პარლამენტში და საქართველოს ციხეებში მყოფი თანამემამულეების გათავისუფლებაში მიიღებდა მონაწილეობას.

თუმცა, მარიკი მაინც ვერ იქცა კანონმორჩილ მოქალაქედ. მალე ის სამხრეთი ოსეთის ძალოვანებმა, მისივე ცოლის საჩივრის საფუძველზე, დააკავეს. მარიკის მეუღლემ მილიციას მისგან დაცვის თხოვნით მიმართა. ცოლის განცხადებით, მარიკი მას სცემდა და მასზე ძალადობდა.

მარიკ დუდაევი და მისი ცოლი მართა ვაზაგოვა

მაშინ მარიკ დუდაევი დააკავეს, მაგრამ – მცირე ხნით. იმ პერიოდში მარიკსა და სამხრეთოსურ მართლმსაჯულებას შორის წარმოშობილ კონფლიქტებს მისი გავლენიანი ძმა, ერიკი წყვეტდა.

ერიკ დუდაევი1990-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის აქტიური მონაწილე იყო და 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა. სამხრეთი ოსეთის მეხუთე მოწვევის პარლამენტში უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, შემდეგ მეექვსე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მანდატიც მოიპოვა, სამხრეთი ოსეთის ყოფილ პრეზიდენტთან, ედუარდ კოკოითისთან მეგობრობდა და მოქმედ პრეზიდენტთან, ლეონიდ თიბილოვთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ერიკ დუდაევი ამბობდა, რომ ქართულ სპეცსამსახურებს არაერთხელ უცდიათ მისი მოკვლა.

2015 წელს იგი ჯავიდან ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მარიკ დუდაევი მარტო დარჩა. 

ახალი ბრალდებები ბანდიტიზმთან დაკავშირებით და ძველი მტკიცება, რომ ეს ბრალდებები ფალსიფიცირებულია

ამჟამად მარიკ დუდაევი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და მისგან კომენტარის მიღება შეუძლებელია. მისმა ადვოკატმა, ალან ბაზაევმა კი JAMnews-თან საკმაოდ ლაკონურად ისაუბრა.

“დუდაევს წაუყენეს ბრალდება “გამომძალველობის” მუხლით. ეს არის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის  163-ე მუხლი. მოკვლევას სამხრეთი ოსეთის ლენინგორის რაიონის პროკურატურა ახორციელებს. ეს  ბრალდება ჯერ უნდა დამტკიცდეს. საუბარი იმაზე, რომ დუდაევმა ვიღაც დახარკა და კიდევ სხვა ჭორები, რომლებსაც ავრცელებენ, უსაქმურობის დროს მოგონილი ზღაპრებია. მარიკისგან სიცილიური მაფიის ბოსი შექმნეს…” – განუცხადა JAMnews-ს დუდაევის ადვოკატმა.

შოთა უტიაშვილმა, რომელიც 2004 წელს, ქართული სპეცსამსახურების მიერ მარიკ დუდაევის დაკავების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, JAMnews-ს განუცხადა, რომ “დუდაევის გათავისუფლება სერიოზული შეცდომაა.”

“მარიკ დუდაევს მთელი არცევი ჰყავდა დამონებული. იმ ბრალდებების გარდა, რომლებიც სასამართლოზე წაუყენეს, მას მრავალი სხვა სამართალდარღვევაც აქვს ჩადენილი. ახლანდელმა ხელისუფლებამ კი მისი უბრალოდ განთავისუფლება არ იკმარა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა დუდაევი საკუთარი ავტომობილით ჩაიყვანა არცევში. არ ვიცი, რა მოლოდინი ჰქონდა ხელისუფლებას,” – აღნიშნა უტიაშვილმა.

 JAMnews შეეცადა, უშუალოდ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს, ან მისი აპარატის თანამშრომლებს დაკავშირებოდა, მაგრამ უწყების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მარიკ დუდაევთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ.

საქმის მოკვლევას ესესაა შეუდგნენ. როგორც ჩანს, სამხრეთელი ოსი, სადავო რობინ ჰუდის ბიოგრაფიაში ახალი თავი იწყება.

ქალაქი ლენინგორი (ქართული მხარე ახალგორს უწოდებს) სამხრეთ ოსეთში

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს


ასევე წაიკითხეთ