საქართველოში “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის” დასჯას ითხოვენ" />

მართლმადიდებლური ხალიფატი?

საქართველოში “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის” დასჯას ითხოვენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2 თებერვალს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება.

კანონპროექტის მიხედვით,  რელიგიური სიწმინდეების , რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა; ასევე რელიგიური შენობების რაიმე სახით დაზიანება დაჯარიმდება 300-დან – 1000 ლარამდე (დაახლოებით 120-დან 400 დოლარამდე).

კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ბოლო დროს საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიისა თუ სხვა ტრადიციული რელიგიების პირდაპირი თუ ირიბი შეურაცხყოფის შემთხვევები გახშირდა, ხოლო სოციალურ ქსელებში “მომრავლდა გვერდები, რომელთა მიზანი რელიგიაზე და პატრიარქზე ქილიკია.

 

 

 კანონპროექტის მხარდამჭერები,მართალია, დასაცავთა შორის სხვა რელიგიებსაც ახსენებენ, თუმცა, მათი აზრით, დაცვა პირველ რიგში სწორედ მართლმადიდებლურ ეკლესიას სჭირდება, რადგან მისი მიზანმიმართული შევიწროვება ხდება.

“არა, ვერ გავიგე _თუკი ლგბტ-ების ლანძღვა არის დასჯადი, პატრიარქი უფრო ნაკლები უფლების მატარებელია? ლგბტ-ები უნდა დავიცვათ მარტო საქართველოში? ქვეყანა და კანონმდებლობა მათ უნდა მოვარგოთ? ზედმეტი შეურაცხყოფისგან უნდა დავიცვათ, რომელიც არა იმდენად პატრიარქის შეურაცხყოფაა, არამედ იმ მრევლის, რომელიც მას პატივს სცემს, _ ამბობს უმრავლესობის წევრი, კანონპროექტის მხარდამჭერი თამაზ მეჭიაური.

კანონპროექტის მხარდამჭერების აზრით, მორწმუნეების “რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს ზოგიერთი ფეისბუკ-პოსტი, სადაც “პატრიარქის ზღვარგადასული ლანძღვაა, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორებული “მიზანმიმართული კამპანია; ასევე, ზოგიერთი თანამედროვე ქართველი მხატვრისა თუ პოეტის შემოქმედებაც კი.

მაგალითად, გასული წლის ბოლოს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტში გამოფენილ ქართველი მხატვრის ლია უკლებას ნამუშევარს “თვითმკვლელი ღვთისმშობელი. ლია უკლებას “ანტირელიგიურ შემოქმედებას სპეციალური განცხადება საპატრიარქომაც მიუძღვნა და ილიას უნივერსიტეტს უკლებას გამოფენისთვის პასუხი მოსთხოვა.

 

ლია უკლება. “თვითმკვლელი ღვთისმშობელი

ის, რაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის “რელიგიური გრძნობების დაცვაა სამოქალაქო სახოგადოების ნაწილისთვის ანტიკონსტიტუციური კანონია, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

ბევრისთვის გაურკვეველია ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც რელიგიური შეურაცხყოფა უნდა შეფასდეს.

იურისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია და პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია, ამ კანონმდებლობის საშუალებით კიდევ უფრო გაიმყარებს თავის პოზიციებს.

ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ კანონპროექტი რელიგიურ უმცირესობებს კი არ დაიცავს, არამედ ისედაც ძლევამოსილ ეკლესიას კრიტიკოსებს აარიდებს.

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პატრიარქსა და სამღვდელოების წარმომადგენლებს საკუთარ ბლოგებსა თუ ფეისბუკზე ხშირად აკრიტიკებს.

ფეისბუკზე მისმა ერთ-ერთმა ბოლო პოსტმა, სადაც მან პატრიარქი ზედმეტად მდიდრულ სახლში ცხოვრების გამო გააკრიტიკა, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ელექტრონულ მისამართზე თუ ფეისბუკში იგი მუქარის წერილებს იღებს, სადაც მას, პატრიარქის შეურაცხყოფის გამო, ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი ემუქრებიან.

ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ “რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტი კიდევ უფრო მეტად წააქეზებს ასეთ ადამიანებს. 

“შეურაცხყოფა სიტყვა თავისთავად ისეთი ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია, ამ ერთ სიტყვაზე იყოს აგებული მთელი კანონი. ეს კანონპროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და სიტყვის თავისუფლებასთან, _ აცხადებს იგი.

კანონპროექტის მიღებას ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევს მწერალი ლაშა ბუღაძე.

“ ჩემი აზრით, რელიგიის და რწმენის შეურაცხყოფაა, როდესაც სასულიერო პირი მანქანას აკურთხებს. ვიღაც ბნელი და გაუნათლებელი დეპუტატი თვლის, რომ რელიგიის შეურაცხყოფაა, მაგალითად, რომელიმე მხატვრის ნახატი, რომელიც მან თავისი კონცეფციით დახატა. ვინც ამ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, ისინი არიან სამარცხვინო დეპუტატები. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის გზა სიბნელისა და ფანატიზმისკენ .

ფილოსოფოსი ზაალ ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ რელიგიური გრძნობები ძალიან ბუნდოვანი და სახიფათო ტერმინია. “სხვა ქვეყნებში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის მეტნაკლებად მკაცრად განმარტებული იურიდიული კატეგორია, სადაც ლაპარაკია რაღაცა სიწმინდეების უშუალო შებღალვაზე.მაგალითად,საქართველოში ერთ-ერთი მეჩეთის კედელზე ღორის თავის დამაგრება იყო მორწმუნის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. თუმცა, ამაზე ვერანაირი რეაქცია ვერ გავიგონეთ ვერც საპატრიარქოსგან და ვერც რელიგიური გრძნობების გამო აღელვებული ადამიანებისგან. არანაირ გრძნობებზე რეალურად ლაპარაკი არც არის. ეს არის მხოლოდ საბაბი სხვა რაღაცებისთვის. ეს სხვა რაღაც კი არის უბრალოდ მეტი ძალაუფლებისთვის, მეტი გავლენისთვის ბრძოლა და სხვისი თავისუფლების შეზღუდვა, _ ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.

 

ქობულეთში მშენებარე მუსლიმურ მედრესეს ღორის თავი მიამაგრეს

ამ კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია, რომელიც მას “ფუნდამენტალისტურს უწოდებს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.
ზოგიერთი ექსპერტი ამ კანონპროექტის ინიცირებაში პოლიტიკასაც ხედავს და მიიჩნევს, რომ იგი პოპულისტური და ამომრჩეველზე გათვლილია.

ადამიანის უფლებათა კომიტეტში მხარდაჭერის შემდეგ კანონპრექტი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებმაც უნდა მოისმინონ. ამის შემდგომ იგი უკვე განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.


ასევე წაიკითხეთ