ეჭვი არავის ეპარება, რომ მამუკა ხაზარაძის მომავალი საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ძალად ტრანსფორმირდება" />

მამუკა ხაზარაძე – ახალი პოლიტიკოსი?

ეჭვი არავის ეპარება, რომ მამუკა ხაზარაძის მომავალი საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ძალად ტრანსფორმირდება

ფოტო: ინტერპრესნიუსი

საქართველოს ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკის, “თიბისის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

ამის შესახებ მან დღეს საკუთარ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა. როგორც განცხადებაში წერია, ამ პროდასავლური მოძრაობის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა.

იმ ფონზე, როდესაც 2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია,  ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან ღია კონფლიქტში მყოფი ბიზნესმენის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

 პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან

________________________

ბიზნესმენი თავის წერილში აკრიტიკებს ხელისუფლებას და აცხადებს, რომ “ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს”.

მისი თქმით, “სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი”.

ხაზარაძე ამბობს, რომ არსებული სიტუაციის დეესკალაციას ვერც ხელისუფლება და ვერც პოლიტიკური პარტიები ვერ შეძლებენ და ამისთვის აუცილებელი სწორედ საზოგადოების კონსოლიდაციაა.

სექტემბერში ის აპირებს “ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების გაერთიანებას” და ამ გაერთიანებაში ეპატიჟება იმ ადამიანებს, რომლებიც  “საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეას” იზიარებენ.

ხაზარაძე ამბობს, რომ მოძრაობას თავის “მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად” დააფუძნებს. განცხადებაში არ წერია, კონკრეტულად ვის გულისხმობს ბიზნესმენი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხაზარაძის მოძრაობაში მისი ბიზნეს-პარტნიორი და მეგობარი ბადრი ჯაფარიძე იქნება.

ხაზარაძე ამბობს, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ 20 ივნისის ღამემ უბიძგა. ამ დღეს ის “წყალგამყოფს” უწოდებს და მომიტინგეებს თანაუგრძნობს.  [20-21 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა აქცია რუსთაველის გამზირზე_JAMnews] .

•  როგორ ცდილობენ თბილისში  აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას. ვიდეო

“ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ” – წერს ხაზარაძე. 

[პარლამენტთან მიმდინარე პროცესებსა ხაზარაძე მანამდეც გამოეხმაურა ფეისბუკ-სტატუსით.

20 ივნისს, როდესაც პარლამენტთან სერგეი გავრილოვის საწინააღმდეგო ანტიოკუპაციური მიტინგი მიმდინარეობდა, მან დაწერა:

“გაუმარჯოს ერთად დგომას ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში!”

 ვინ არის მართლმადიდებელი კომუნისტი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია

ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეაჩერა, მამუკა ხაზარაძემ ქართული ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, გამოთქვა მზადყოფნა დააფინანსოს “აირზენას” ათი ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით.

ხაზარაძის დაპირისპირება ხელისუფლებასთან 

საქართველოს ყველაზე მსხვილი ბანკის გარშემო სკანდალი გასული წლის ზაფხულში დაიწყო.

მთავარი პროკურატურა თიბისი ბანკში 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას იძიებს, რომელშიც ბანკის აწ უკვე ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებენ და რომელიც, პროკურატურის განცხადებით, ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავს. როგორც პროკურატურა ამბობს, საუბარია 17 მილიონი დოლარის გათეთრებაზე.

გამოძიების დაწყებისთანავე არსებობდა ეჭვი, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ წამოწყებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ამ საქმესთან დაკავშირებით მრავალი ვერსია გამოითქვა.  არავის სჯეროდა, რომ პროკურატურამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტის “შეწუხება” არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე გაბედა.

ექსპერტების ნაწილი მაშინ აცხადებდა, რომ ივანიშვილი ხაზარაძეში პოლიტიკურ კონკურენტს ხედავს და 2020 წლისთვის – საპარლამენტო არჩევნებისთვის გზას ითავისუფლებს;

სხვების აზრით, ხაზარაძე იმის გამო დაისაჯა, რომ ყოფილი პრემიერის, ერთ დროს ივანიშვილის ფავორიტის და შემდეგ მის მიერ მოძულებული და თანამდებობიდან გათავისუფლებული გიორგი კვირიკაშვილის მეგობარია.

ივანიშვილთან გაფუჭებული ურთიერთობის დალაგებას და საკუთარი ლოიალობის დამტკიცებას მამუკა ხაზარაძე გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეეცადა (სპეციალურ განცხადებაში ბანკმა თავის თანამშრომლებს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერისკენაც კი მოუწოდა), როდესაც მხარი დაუჭირა სახელისუფლებო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.

ვინ იბრძოდა პრეზიდენტის სავარძლისთვის და რით დაგვამახსოვრდა 2018 წლის არჩევნები

თუმცა, ფაქტია, რომ ივანიშვილისთვის ხაზარაძის მცდელობები არასაკმარისი და არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

ბანკის გარშემო მიმდინარე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში სწორედ საკუთარი თავის გადასარჩენად წავიდა.

ხაზარაძის სახელს უკავშირდება ასევე თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი – ანაკლიის პორტი, რომლის მშენებლობაშია ჩართული “თიბისი ჯგუფი”.

ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებები

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში ხშირია საზოგადოებრივი მოძრაობების დაფუძნება და შემდეგ ამ მოძრაობების პოლიტიკურ პარტიებად გარდაქმნა [ბიძინა ივანიშვილმაც თავდაპირველად საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა_JAMnews], ეჭვი არავის ეპარება, რომ მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკური მიზნები აქვს.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ხაზარაძის გააქტიურებას “კანონზომიერს” უწოდებს. ის მიიჩნევს, რომ ხაზარაძეს ამ გადაწყვეტილებისკენ ხელისუფლებამ უბიძგა.

„ფაქტობრივად, ხელისუფლებამ თავისი უგუნური ქმედებებით სხვა გზა არ დაუტოვა ხაზარაძეს. მისასალმებელია მისი პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენა იმიტომ, რომ მმართველი გუნდი, რომელსაც დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა, ფსონს ჩამოდის რესურსების მონოპოლიზაციაზე. მამუკას სახით კი ჩნდება რესურსების ალტერნატიული ცენტრი და ეს ხელისუფლებისთვის შეიძლება იყოს გადაულახავი პრობლემა”, — აცხადებს გია ხუხაშვილი სააგენტო „კომერსანტთან“ საუბარში.

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი სოფო კილაძეც დარწმუნებულია, რომ ხაზარაძის მოძრაობას პოლიტიკური მიზნები აქვს:

“თუმცა არ მგონია, რომ მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს,” –  ამბობს დეპუტატი.

ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს კარგი სტარტი აქვს პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის, თუმცა მისი აზრით ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის.

დეპუტატის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის გააქტიურება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ “ერთი ოლიგარქი მეორემ ჩაანაცვლოს”.

“ხაზარაძე, როგორც დიდი ფინანსური კაპიტალის მქონე ადამიანი არ უნდა იყოს ასოცირებული, როგორც ბიზნეს-წრეების ლობისტი. პირიქით, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ფულიანების დომინანტ მდგომარეობაში ყოფნა,” – ამბობს გოცირიძე.

ვინ იქნება მამუკა ხაზარაძის გვერდით ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია. სხვადასხვა წყაროებში ჩნდება ინფორმაცია, რომ ხაზარაძის გუნდში შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყოს.


ასევე წაიკითხეთ