2017 წლის დასაწყისიდან, მთავრობის მიერ დაანონსებული „ლარიზაციის“ პროგრამა ძალაში შევიდა. რა იცვლება?" />

ლარი vs დოლარი

2017 წლის დასაწყისიდან, მთავრობის მიერ დაანონსებული „ლარიზაციის“ პროგრამა ძალაში შევიდა. რა იცვლება?

რა არის ლარიზაცია?

ეს არის პროცესი, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის როლი ეკონომიკაში. პირველ რიგში – ეს კრედიტებზე აისახება. ბანკები კრედიტებს უმეტესწილად მხოლოდ ლარში გასცემენ.

რისთვის გვჭირდება ლარიზაცია?

ხელისუფლების არგუმენტი ასეთია: უცხოური ვალურტის კურსი მუდმივად იცვლება. იმისთვის, რომ რისკები შემცირდეს და არ ვიყოთ დამოკიდებული ვალუტის კურსის ცვალებადობაზე და მუდმივად არ ვიწუწუნოთ, რომ მომავალ თვეს ბანკში მეტი ფული გვაქვს მისატანი. აქედან გამომდინარე, სესხი ლარში გაცილებით ურისკო და პროგნოზირებადი უნდა იყოს, ვიდრე დოლარში.

როგორ აპირებს ხელისუფლება ეროვნული ვალუტის როლის გაძლიერებას?

  • მოხდება დოლარში გაცემული სესხების ლარში გადაყვანა (გალარება) და იპოთეკური სესხების სუფსიდირება
  • შეზღუდვები დაწესდება უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე
  • კანონის თანახმად, გასაყიდ პროდუქციასა და სერვისებზე ფასების მხოლოდ ლარში გამოქვეყნდება.

ეს არის ის ნაბიჯები, რომელთა განხორციელებასაც ხელისუფლება აპირებს. თანმიმდევრობით მივყვეთ:

სესხების გალარება და იპოთეკური სესხების სუფსიდირება რას ნიშნავს?

2017 წლის 17 იანვრიდან, მთავრობამ იპოთეკური სესხების ერთჯერადი სუბსიდრების პროგრამა დაიწყო. ანუ ხდება შემდეგი: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხას იხდის, რომ ადამიანებს სესხის დაფარვაში დაეხმაროს. თუმცა, საიმისოდ, რომ სუბსიდირება შეგეხოთ, თქვენ გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

თუ თქვენი ხართ კერძო პირი და თქვენი იპოთეკური სესხი: ა) არ აღემატება 40 ათას აშშ დოლარს; ბ) სესხი აღებული გაქვთ 2015 წლის 1 იანვრამდე; გ) თქვენი წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი არ არის (2015 წლის მდგომარეობით), თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ბანკს და მთავრობის ამ ბენეფიტით ისარგებლოთ.

მე ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ ანუ ბიუჯეტიდან ფულს მომცემენ სესხის ნაწილის დასაფარად?! რა მაგარია!

კარგით, რა, რეების გჯერათ?! ფულს თქვენ პირდაპირ არავინ არ მოგცემთ. მოხდება შემდეგი – თქვენს სესხს, რომელიც თავის დროზე დოლარში გაქვთ აღებული, ლარში გადაგიანგარიშებენ, ოღონდ შეღავათიანი კურსით. მაგალითად, თუ თქვენ სესხის გალარებას, სიტყვაზე, 10 თებერვალს გადაწყვეტს და იმ დღეს დოლარის კურსი 2.60 იქნება, თქვენთვის ამ კურსს 20 თეთრი დააკლდება, ანუ სესხი 2.40-იანი მაჩვენებლით დაგიკონვერტირდებათ. იმ 20 თეთრიან სხვაობას კი ბანკს სახელმწიფო ბიუჯეტი გადაუხდის.

და პროცენტი იგივე დარჩება? ანუ თუ მე 2014 წელს ბანკიდან 30 ათასი დოლარი 7 პროცენტში გამოვიტანე, გალარების შემთხვევაშიც იგივე საპროცენტო განაკვეთი დარჩება?

სესხის გალარებისას საპროცენტო განაკვეთი დიდი ალბათობით მოიმატებს. თუ რამდენით, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ბანკსა და მსესხებელზეც. დღევანდელი მდგომარეობით, დოლარში გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია. გალარების შემთხვევაში უფრო მაღალი განაკვეთი იქნება. JAMnews-ი ესაუბრა რამდენიმე ადამიანს, ვისაც მთავრობის სუბსიდირების პროგრამა შეეხო. ზოგმა გვითხრა, რომ ლარში გადაყვანილი სესხი უფრო ძვირი გამოდიოდა და ამიტომ ამ პროგრამით სარგებლობაზე უარი თქვეს.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას თქმით, პროგრამის დაწყების პირველ დღეს, პოტენციური ბენეფიციარების 8 პროცენტმა ამ სერვსით უკვე ისარგებლა. აღნიშნული სუბსიდია დაახლოებით 33,000 -მდე სესხს შეეხება და მისი გამოყენება 2 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. გამოიყენებთ თუ არა ამ პროგრამას, თქვენი გადასაწყვეტია.

ბანკისგან მივიღე მესიჯი: “ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 25 იანვრიდან გაიზარდა 0.25 ერთეულით. გთხოვთ გაითვალისწინოთ”. რას ნიშნავს ეს და რა უნდა გავითვალისწინო?

ეს თქვენთვის არც თუ ისე კარგი ინფორმაციაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ლარში გაცემული სესხების ნაწილი გაძვირდება. თუ თქვენი სესხი “ცვლად პროცენტიანია” ანუ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, მაშინ მეტის გადახდა მოგიწევთ.

რეფინანსირების განაკვეთი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ეროვნული ბანკი აკვირდება ვითარებას და როდესაც დაინახავს, რომ ინფლაციის მაღალი რისკია, რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, რომ ეს რისკი შეამციროს.

დიდი ალბათობთ, რეფინანსირების განაკვეთი უახლოეს მომავალში (სავარაუდოთ მარტში) კიდევ 0.25% პუნქტით გაიზრდება და 7%-ს მიაღწევს.

და უცხოურ ვალუტაში სესხის აღების შეზღუდვა რას ნიშნავს? ანუ დოლარში სესხს ვეღარ ავიღებ?

ვერა. ვერც დოლარში, ვერც ევროში და ვერც კუვეიტურ დინარში. თუ, რა თქმა უნდა, 100 ათას ლარზე მეტის სესხებას არ აპირებთ – ასეთ შემთხვევაში სესხი უცხოურ ვალუტაში ისევ გაიცემა.

ამასწინად ტელევიზორში ექსპერტი რომ ამბობდა, ანაბრის შენახვა ლარში ჯობიაო. ჭკვიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ალბათ უნდა დავუჯეროთ.

ეჭვიც არ გვეპარება, რომ ჭკვიანი იყო, თუმცა, ჯობია ლოგიკას ენდოთ. ელემენტარული ჭეშმარიტებაა: ის ფული უნდა შეინახო, რომელიც უფრო სანდოა. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების გრძელვადიანი დეპოზიტების 90 პროცენტზე მეტი აშშ დოლარსა და ევროშია განთავსებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა მოსახლეობაში ნდობის ძალზე დაბალი კოეფიციენტით სარგებლობს.

და ანაბარი და დანაზოგი, რომლიც უკვე უცხოურ ვალუტაში მაქვს, ლარში დამიკონვერტირდება?

არა, რა თქმა უნდა. თუ თქვენ ეს არ გინდათ, არაფერი ავტომატურად და იძულებით არ დაგიკონვერტირდებათ.

ფასების ლარში გამოქვეყნება რას ნიშნავს? ფასები ხომ ისედაც ლარშია

კი, დღეს საქართველოში სავაჭრო ობიექტებში ყიდვა-გაყიდვა ლარში ხდება. დოლარში თქვენ მაღაზიაში კარაქს და პურს ვერც აქამდე ყიდულობდით და ვერც მომავალში იყიდით. თუმცა, როდესაც საქმე ეხება უძრავ- მოძრავ ქონებას და სხვა ძვირადღირებულ ნივთებს, იშვიათ გამონაკლისების გარდა, ფასი დოლარში ან ევროშია მითითებული. ყიდვა-გაყიდვების საიტზე რომ შეხვიდეთ, ბინის გაქირავებიდან დაწყებული, ძველი ანტიკვარული კომოდით დამთავრებული ყველა ფასი დოლარშია მითითებული. მათ შორის სხვადასხვა სერვისების და მომსახურებების გაწევაზეც. ჰოდა, სწორედ ეს აიკრძალება ახალი რეგულაციით – აქამდე აპრობირებული მეთოდი, უძრავი ან მოძრავი ქონების გაყიდვისას ფასის დოლარში მითითება სულ მალე კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ჩაითვლება. ეს რეგულაცია 2017 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში.

უცხოურ საიტებზე, მაგალითად airbnb-ზეც (ბინების გაქირავების საერთაშორისო ვებ-გვერდი) ლარში უნდა დავწერო ფასი? თუ არადა დამიჭერენ?

 

დაჭერით არ დაგიჭერენ. მაგრამ ჯარიმები კი საკმაოდ სოლიდურია – ფიზიკური პირები 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 2000 ლარით დაჯარიმდებიან. სანქციები ქონების რეალიზაციისა და სერვისის გაწევის რეკლამირების დარღვევის შემთხვევაშიც ამოქმედდება.

შეცვლილი კანონი დათქმებს არ ითვალისწინებს და დღევანდელი ფორმულირებით დატოვების შემთხვევაში, მისი მოქმედება უცხოურ საიტებზეც გავრცელდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა უნდა ქნას ადამიანმა მაშინ, როდესაც ვეგ-გვერდზე ფასის ლარში განთავსების ოფცია არ არსებობს, ასეთი შემთხვევა კი საკმაოდ ხშირია. ვალუტების ფართო არჩევანის მიუხედავად, Airbnb-ის ქართული ლარის „იდენტიფიკაცია“ ამ დრომდე არ შეუძლია, შესაბამისად ფასი გამოქვეყნება უცხოურ ვალუტაში ხდება. დღევანდელი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ივლისიდან აღნიშნული ქმედება კანონდარღვევად ჩაითვლება. ცხადია ეს დილემა მხოლოდ Airbnb-ის შემთხვევაში არ დგას და ის პოტენციურად გაცილებით უფრო ფართო პრობლემას წარმოადგენს.

მთავრობის მიერ მიღებული ეს დადგენილება მოქმედებას 5 თვის შემდეგ დაიწყებს, შესაბამისად იმედი ვიქონიოთ, რომ ამ დროის განმავლობაში სიტუაცია უფრო მეტად გახდება ცხადი. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია მსგავსი ტიპის საქმიანობა საგარეო ვაჭრობად ჩაითვალოს და მასზე გარკვეული სახის წახალისება გავრცელდეს, რაც აღნიშნულ პრობლემასა დღის წესრიგიდან მოხსნის.

ჰმ. დისკომფორტს კი შემიქმნის ეს ყველაფერი, მაგრამ თუკი ლარს და ეკონომიკას ასე სჭირდება, რა გაეწყობა, მოვითმენ. ნამდვილად უშველის, ხო?

აბა, რა გითხრათ. ხელისუფლება და ლარიზაციის მომხრე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ პროგრამის განხორციელებით, მოსახლეობა ვალუტის კურსის რყევით გამოწვეული რისკებისგან იქნება დაცული. ასევე, მათი აზრით, ლარიზაციის პროცესი ეროვნულ ვალუტას გააძლიერებს – გაიზრდება ლარზე მოთხოვნა და ხალხი ნაკლებად დამოკიდებული იქნება დოლარზე.

ამ ოპტიმისტურ პროგნოზებს არ იზიარებს ეკონომისტების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი. მათი აზრით, ეკონომიკაში ნებისმიერი ხელოვნური ჩარევა ყოველთვის სახიფათოა და უკუეფექტი მოაქვს. ისინი ფიქრობენ, რომ დოლარის კურსის ხელოვნურად „დაჭერა“ და მოქალაქეების იძულება აიღონ სესხი ლარში, არაეფექტური იქნება და უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. სესხების დოლარში აღება ბუნებრივი პროცესია, ფიქრობენ ხელისუფლების ოპონენტები, რადგან ხალხი ენდობა მყარ ვალუტას, ლარი კი ასეთი არ არის.

ეკონომისტების ნაწილი ასევე უსამართლოდ მიიჩნევს იმ ამბავს, რომ ხელისუფლების ინიციატივით იპოთეკური სესხების სუბსიდირება მოხდება და გადასახდის გადამხდელები ზოგიერთ მოქალაქეს სესხის დაფარვაში უნდა დაეხმარონ. ამ სისტემით გამოდის, რომ დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქე, რომელსაც არასდროს აუღია სესხი და შესაძლოა, ბინაც კი არ აქვს, დაეხმარება ადამიანს, რომელსაც აქვს აღებული სესხი, მაგალითად, ქალაქის ცეტრში ძვირადღირებული ბინის შესაძენად.


ასევე წაიკითხეთ