ვლადისლავ სურკოვი ცხინვალში იმყოფებოდა" />

კრემლის წარმომადგენელი კმაყოფილია იმით, სამხრეთი ოსეთი რუსულ ფულს როგორ ხარჯავს

ვლადისლავ სურკოვი ცხინვალში იმყოფებოდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი  ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შეხვდა და  ბავშვთა საავადმყოფოსა და თეატრის შენობები დაათვალიერა, რომლებიც მალე ექსპლუატაციაში შევა.

სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას სურკოვმა მის მიერ გატარებული პოლიტიკა და ქმედებები ცალსახად დადებითად შეაფასა.

„მე ვნახე ის მემკვიდრეობა, რაც თქვენ წინა ხელისუფლებისგან დაგრჩათ, გაოგნებული ვიყავი იმ უპასუხისმგებლობითა და არაპროფესიონალიზმით, რაც აქ სუფევდა“, – თქვა სურკოვმა, რომელსაც  მხედველობაში ჰქონდა ედუარდ კოკოითის პრეზიდენტობის პერიოდი (2001 -2011). კოკოითიმ 2017 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.

სურკოვის აზრით, დღეს სიტუაცია კარდინალურად არის შეცვლილი და რუსეთში კამაყოფილები არიან იმით, რომ სამხრეთი ოსეთისთვის გამოყოფილი სახსრები „სათანადოდ იხარჯება და ადამიანების დახმარებას, მათი ცხოვრების გაუმჯობესებას ხმარდება“ და რომ რესპუბლიკის ხელისუფლება „ფულის არავის აფლანგინებს“.

„მძიმე ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად (რუსეთში-რედ),  სამხრეთი ოსეთისთვის დაშვებულია გამონაკლისი და რუსეთის მხრიდან რესპუბლიკისთვის გამოყოფილი დახმარება მატულობს“, – თქვა ვლადისლავ სურკოვმა.

JAMnews-ის კომენტარი

  • ბევრი ექსპერტის აზრით, მოქმედი პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის საჯარო შექება და ედუარდ კოკოითის კრიტიკა მომავალ, 2017 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლის მხრიდან თიბილოვის კანდიდატურის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას ნიშნავს. მოქმედი პრეზიდენტის გარდა, საკუთარი კანდიდატურების წარდგენას აპირებენ პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი.
  •  ვლადისლავ სურკოვი რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ვეტერანია და, ბევრი ექსპერტის აზრით, მოსკოვის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რიცხვშია.  2013 წელს ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა და  აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებზე, მათ შორის – ფინანსურ დახმარებაზე აგებს პასუხს.
  • ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სურკოვი ასევე არაოფიციალურად კურირებს რუსულ პოლიტიკას უკრაინასთან, აგრეთვე – დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან მიმართებაში.

ევროკავშირის მიერ სურკოვი იმ პირთა რიცხვშია შეყვანილი, რომლებსაც, როგორც უკრაინის კრიზისის თანამონაწილე პოლიტიკოსებს,  ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ.

სტატიაში გადმოცემული აზრები ავტორის ტერმინოლოგიასა და შეხედულებებს გადმოსცემს და აუცილებელი არ არის რედაქციის პოზიციას ასახავდეს.

ასევე წაიკითხეთ