Transparency International-მა მსოფლიოში კორუფციის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა: სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს საამაყო არაფერი აქვთ" />

კორუფციის აღქმის ინდექსი: საქართველო საფრთხეშია, აზერბაიჯანი უკან იხევს, სომხეთი პოზიციებს ინარჩუნებს

Transparency International-მა მსოფლიოში კორუფციის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა: სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს საამაყო არაფერი აქვთ

საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-მა მსოფლიოში კორუფციის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. აი, როგორ გამოიყურებიან მასში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.

100 – ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 0 – უარესი.

_________________

საქართველო

58 ქულით (2017-ში 56) საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ლიდერია.

თუმცა, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისს განიცდის.

ეს უპირველეს ყოვლისა გამოიხატება სამართალდამცავი უწყებების არაანგარიშვალდებულებაში, სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკურ ჩარევასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაში.

ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პირადი გამორჩენისთვის ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას (2013 წელს ასე 12 პროცენტი ფიქრობდა).

სომხეთი

სომხეთი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე მაჩვენებელს – 35 ქულას – აგროვებს.

ანგარიშის ავტორების აზრით, სომხეთი მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელ პრობლემებს ეჯახება.

ეს უპირველეს ყოვლისა გამოიხატება აღმასრულებელსა და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის დისბალანსში, სასამართლო სისტემის სისუსტესა და მოქალაქეების მხრიდან საზოგადოებრივი ინსტიტუტების ღირებულებების ვერგაგებაში.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანმა რეიტინგში 6 პუნქტი დაკარგა: 31 – 2017-ში და 25 – 2018-ში.

ანგარიშის ავტორები ამას იმ შეტევას უკავშირებენ, რომელსაც რესპუბლიკის ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებსა (მათ შორის Transparency International-ის ადგილობრივ განყოფილებაზე) და დამოუკიდებელ მედიაზე ახორციელებს.

„ურთულებს რა სამოქალაქო საზოგადოებას საერთაშორისო ფინანსებთან წვდომას, აზერბაიჯანის ხელისუფლება მოქალაქეებს დამოუკიდებელი კონტროლისა და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას ართმევს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე აღინიშნება, რომ 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა საერთაშორისო გამოძიების მასალები, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გაიტანა და უკანონოდ გაათეთრა დაახლოებით 2.9 მილიარდი დოლარი. ამ თანხის ნაწილი საზღვარგარეთ ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესებას მოხმარდა.

 


ასევე წაიკითხეთ