აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს " />

კონდოლიზა რაისი: სააკაშვილს ვეუბნებოდით, რომ რუსები შეეცდებიან შემოიჭრნენ, მაგრამ არ უნდა უპასუხოთ

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს

REUTERS/David Mdzinarishvili

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, JAMnews-ის პარტნიორ  ჰრომადსკოესთვის  მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებებს იხსენებს, მათ შორის თავის ვიზიტს საქართველოში 2008 წლის ივლისში.

“მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილს ვეუბნებოდით: რუსები შეეცდებიან შემოიჭრნენ თქვენს ქვეყანაში, არ უპასუხოთ, იმიტომ რომ ვერავინ დაგიცავთ. სამწუხაროდ, მაშინ სამშვიდობო ძალებს შორის სროლა მოხდა, რაც რუსებმა მათი ქმედების გასამართლებლად გამოიყენეს”,  – თქვა კონდოლიზა რაისმა.

მისი თქმით, ქართველები “ყაზარმებში უნდა დარჩენილიყვნენ“.

“ქართველებს მომხდარში არ ვადანაშაულებ, მაგრამ შეერთებულ შტატებს არაფრის გაკეთება შეეძლო იმის თავიდან ასაცილებლად, რაც მოხდა. მაგრამ, როდესაც ყველაფერი უკვე მოხდა, აშშ იმდენად სწრაფად მოქმედებდა, როგორც შეეძლო, მათ შორის საქართველოსთვის მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფით”,  – თქვა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

მან ასევე რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გაიხსენა, რომლის დროს საბრძოლო მოქმედებების პირობებს განიხილავდნენ. რაისის თქმით, სხვა მოთხოვნებთან ერთად – ქართული ჯარის ყაზარმებში დაბრუნება და ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რუსეთი მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა.

“მე ვუთხარი: სერგეი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეუძლიათ აწარმოონ მოლაპარაკება ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის დამხობის შესახებ. ამიტომ დღეს გაერო-ში ჩვენი წარმომადგენელი ამ ინფორმაციას უშიშროების საბჭოს წინაშე გაასაჯაროებს, რომ ომის შეწყვეტის პირობები მათთვის (რუსეთისთვის) არის სააკაშვილის გადადგომა,  – ჰყვება რაისი, – მან მითხრა: შენ ამას ვერ გააკეთებ, მე ვუთხარი, რომ გავაკეთებ, მოვუყვები სიმართლეს ყველას – ბრიტანელებს, ფრანგებს, პოლონელებს, ჩეხებს,  და ასეც გავაკეთე”.

კონდოლიზა რაისს აშშ სახელმწიფო მდივნის თანამდებობა 2005-დან 2008 წლამდე, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს ეკავა.


ასევე წაიკითხეთ