ქართულ საზოგადოებაში უნიკალური სიტუაცია ჩამოყალიბდა" />

კომენტარი: სამშობლო წმინდა სიტყვაა, მაგრამ მისი ჯარი – არა. ქართული პატრიოტიზმის თავისებურებები

ქართულ საზოგადოებაში უნიკალური სიტუაცია ჩამოყალიბდა

ფოტო: blogger Blumgardt

ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა, რომ ქართველი მამაკაცების უმრავლესობა თავს მეომრად მიიჩნევს, მაგრამ ამავდროულად სამხედრო სამსახურს რაღაც დამამცირებელ, უაზრო და მხოლოდ იმათთვის შესაფერის საქმიანობად აღიქვამს, ვისაც სხვა არაფრის კეთება არ შეუძლია.

ბევრ ჩემს ნაცნობ ქართველს დიდი ძალისხმევა აქვს გაწეული სამხედრო სამსახურის თავიდან ასაცილებლად – უნივერსიტეტის ბოლო კურსის დაუსრულებლად გავლით, თუ ექიმების დარწმუნებით (გასული წლების გამოცდილებით – ქრთამის მიცემით), რომ ამ საქმისთვის არ გამოდგებიან.

ყველას, ვინც ქართულ სუფრას დასწრებია, გაგონილი აქვს საქართველოს სადღეგრძელო; სამშობლოსი და ერის, რომელიც ამდენჯერ დააქციეს დამპყრობლებმა, მაგრამ მან მაინც შეძლო იდენტობის შენარჩუნება, და თურქეთთან, სპარსელებთან და რუსებთან ასიმილაციას გადაურჩა.

შუა საუკუნეების ქართველი მეომრებიდან მოყოლებული, რომლებმაც თურქ-სელჩუკები დაამარცხეს, ხაზი იმ მეომრებამდე მიდის, რომლებიც უთანასწორო ბრძოლით ცდილობდნენ 1920 წლის საბჭოთა ოკუპაციის შეკავებას.

ეჭვი არ არის, რომ ეს წარსულის გმირები მართლაც იმსახურებენ იმ კომპლიმენტებს, რომლებსაც მათ აწმყოში უძღვნიან.

მაგრამ დავუბრუნდეთ კითხვას – მაინც რა შეიცვალა ეროვნულ ხასიათში?

შუა საუკუნეების ქართველი თავადი, რომელიც დიდგორის ბრძოლაში უიმედო მდგომარეობაში იმყოფებოდა, და ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელიც 1920 წელს საბჭოთა შეტევის წინ გარდაუვალ სიკვდილს სახეში შესცქეროდა, ალბათ ნაკლებად ფიქრობდნენ იმ ჯარისკაცულ სიძნელეებზე, რაც თანამედროვე მამაკაცს ელოდა ერთწლიანი სამხედრო სამსახურის გავლისას.

წარსულის გმირებმა თანამედროვე ქართველებისგან ქება დაიმსახურეს. მაგრამ ისევ ჩნდება კითხვა: რა შეიცვალა ეროვნულ ხასიათში?

წინაპრები ალბათ სიამოვნებით შეახსენებდნენ თავიანთ ქეიფის მოყვარულ მემკვიდრეებს, რომ რუსული საფრთხის სიტუაციაში, მათ თავისუფლად შეეძლოთ მოენდომებინათ და ერთი წლით ჩაეცვათ სამხედრო ფორმები. ორ დღეში ერთხელ სახელმწიფო შენობების დაცვა, და მესამე დღეს – სწავლება, რასაკვირველია, დამღლელია, მაგრამ ალბათ უფრო ადვილია, ვიდრე შუა საუკუნეების ისლამურ არმიებთან ან წითელ საფრთხესთან დაპირისპირება.

ბევრგან არ შემხვედრია ისეთი პატრიოტიზმი, როგორიც საქართველოშია. მაგრამ რა ფასი აქვს მას, თუკი ქვეყნის სადღეგრძელოს შესმისთანავე სადღეგრძელოს ავტორი უკვე სიცილით უარყოფს სამხედრო სამსახურის იდეას? ქართველი-მეომარი – უმრავლესობისთვის ეს შთაგონების წყაროა, მაგრამ არა კონკრეტიკა.

საქართველოში ჯარში გაწვევა თითქმის ასი წლის განმავლობაში არსებობდა. გასაგებია, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ სამსახური არავის სურს. მთელი ტომებია იმაზე დაწერილი, თუ როგორ მაღლდება ჯარის ხარისხი, როდესაც მასში ნებაყოფლობით მსახურობენ.

მე ვესაუბრე რამდენიმე მამაკაცს, რომლებიც 2008 წელს იყვნენ გაწვეულები: ერთმა, რომელიც მზად იყო ემსახურა, მიამბო, თუ როგორ მისცეს მას ავტომატი ტყვია-წამლის გარეშე, მეორემ კი გამიმხილა, თუ როგორ გარბოდა ძმასთან და მეგობართან ერთად სომხეთში. ქვეყნის სამსახურში დგომის იდეის მიმართ დიდ ენთუზიაზმს არც სხვები გამოხატავდნენ.

რუსულ ტანკთან პირისპირ შეხვედრის სურვილის არქონა ჩემთვისაც გასაგებია: პირადად ჩემი სამხედრო გამოცდილებაც ნაკლებად სასიამოვნოა. მაგრამ იმის გაგება მიჭირს, თუ როგორ ესადაგება სქართველოსადმი თითქმის ფანატიკური სიყვარული მისი დაცვის სურვილის სრულ უქონლობას.

ახლანდელ თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, როგორც ჩანს, ყველა ქართველი მამაკაცი მეომრად დაბადებული ჰგონია, რადგან მან, მისი წინამორბედის თინათინ ხიდაშელის შემდეგ, ჯარში გაწვევის აღდგენა სცადა.

ჩემ ნაცნობ საკადრო ოფიცერს ამ გადაწყვეტილების ეშინია. ის ამბობს, რომ პროფესიონალმა ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთი წლის განმავლობაში თავი კარგად გამოავლინეს ავღანეთში, ხოლო გაწვევის აღდგენა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ მიზნიდან, რომელიც ნატოს სტანდარტების მიხედვით შექმნილ ჯარს გულისხმობს.

იზორია ირწმუნება, რომ გაწვევის ახალი პროგრამა წარუმატებელ  წინა პროექტს არ ემსგავსება. მას განახორციელებენ საკადრო სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ახალწვეულებს რეალური საომარი პირობებისთვის მოამზადებენ.

მაგრამ პროგრამა ხომ სამ თვეზეა გათვლილი! ნებისმიერი ჯარისკაცი გეტყვით, რომ თანამედროვე ომის საფრთხეებისთვის მოსამზადებლად ეს არასაკმარისი დროა.

თავდაცვის სამინისტრო იმ ფაქტის იგნორირებას ახდენს, რომ წარსულში გაწვევამ უკვე დაამტკიცა თავისი არაეფექტურობა. მხოლოდ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში რეალური სამსახურის შესაძლო პერსპექტივა ძნელად თუ გადააქცევს მოქეიფე პატრიოტს იმ ადამიანად, რომელიც მზად იქნება უთენია ადგეს, წვიმაში დიდხანს იაროს ან ავტომატით ხელში ტალახში იწვეს.

შესაძლოა, მინისტრი იმაზე უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ გადააქციოს ჯარი კარიერისთვის მიმზიდველ ადგილად. ამის გაკეთება უაზრო გაწვევაზე დაზოგილი ფულითაც კი შეიძლება. იდეალისტური მცდელობისთვის სახსრების ხარჯვა, იქნებ თანამედროვე აპათიურ ქართველ მამაკაცებში წინაპრების მებრძოლმა სულმა გაიღვიძოს – არაპერსპექტიულია.

 

 

ტიმ ოგდენი, ბრიტანელი ჟურნალისტი თბილისიდან


ასევე წაიკითხეთ