რუსეთი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემას აკონტროლებს და ამ კონტროლის მასშტაბის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს დე-ფაქტო ოკუპაციასთან გვაქვს საქმე " />

კიდევ უფრო მეტი რუსეთი სომხეთში: „პუტინის დოქტრინა“ მოქმედებაში

რუსეთი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემას აკონტროლებს და ამ კონტროლის მასშტაბის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს დე-ფაქტო ოკუპაციასთან გვაქვს საქმე

JAMnews -ი ჟურნალ „ანალიტიკონის“ პუბლიკაციას აქვეყნებს

ა.წ. 5 ოქტომბერს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით (ამ ტერმინის ფართო გაგებით) რუსეთთან გაფორმებული იმ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, რომლის მიხედვითაც „სამხედრო ძალების გაერთიანებული სომხურ-რუსული დაჯგუფებები“ უნდა შეიქმნას.

მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი დეპუტატების (როგორც „ხელისუფლების“, ისე „ოპოზიციის“ წარმომადგენლების) ხმების ასეთი მოზღვავება დაფიქსირდა მაშინ, როდესაც უკვე რიტორიკულად ქცეული კითხვები სათანადო პასუხების გარეშე დარჩა.   

თუმცა, ეს შეკითხვები სულაც არ არის რიტორიკული. მეტიც, არსებობს პასუხები, რომლებიც მათი ხორცშესხმის შემდეგ სომხეთის სახელმწიფოებრიობაზე მტკივნეულად აისახება ხოლმე.

ეს შეთანხმება, რომელიც თავისი არსითა და შედეგებით უპრეცედენტოა, პრაქტიკულად, ახალ ეტაპს წარმოადგენს სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ  ქვეყნის მართვის თითქმის ყველა რეალური ბერკეტის რუსეთისთვის გადაცემის პროცესში.

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი განმარტებაში ნახსენები იქნა ერთი საგანგაშო გარემოება, რომლის მიხედვითაც თურმე ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მმართველობის დროს მოეწერა ხელი შეთანხმებას „გაერთიანებული დაჯგუფების“ შესახებ.

ზემოაღნიშნული დოკუმენტი გაფორმდა გრიფით „საიდუმლო“. ახალი ხელშეკრულება კი უბრალოდ „ასწორებს“ ყველა იმ „ხარვეზს“, რომლებმაც მისი ამოქმედების შემდეგ იჩინა თავი. ანუ ანუ შეიძლება ითქვას, რომ უკვე ნახსენები „ჩაბარების პროცესი“ ორი ათწლეულის წინ დაიწყო…

დოკუმენტის პირველივე თავში, რომლესაც „მდგომარეობა“ ეწოდება, აღნიშნულია, რომ „გაერთიანებული დაჯგუფება“ „რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ იქმნება.

ამ მიზნის მისააღწევად სომხეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში“ გაწევრიანების, სომხეთში რუსული ბაზის განთავსებისა და რუსი მესაზღვრეებისათვის სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის სასაზღვრო ზონების გაკონტროლების უფლების გადაცემის  გადაწყვეტილებაც კი მიიღო.

მაგრამ თუკი სიტუაციას სომხეთის ინტერესების ჭრილიდან დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სამხედრო უსაფრთხოების მხრივ, რბილად რომ ვთქვათ, არამხოლოდ არასახარბიელოდ გვაქვს საქმე, არამედ უფრო რთული გამოწვევების წინაშეც კი ვდგავართ, რადგანაც აზერბაიჯანის მხრიდან ომის განახლების საფრთხე იზრდება. აღმოჩნდა, რომ მთელი ეს კომპლექსი საკმარისი არ არის.

გვეუბნებიან, რომ „გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნაც აუცილებელია.

ისტორიული ექსკურსების თავიდან ასაცილებლად შეგვიძლია უბრალოდ 2014 წლის მოვლენებს გადავავლოთ თვალი და განვსაზღვროთ ის, თუ როგორ ასრულებს რუსეთი მის მიერვე ხელმოწერილ შეთანხმებებს და როგორ თვითნებურად  ახდენს ამ დოკუმენტების გზავნილების ინტერპრეტაციას.

ამასთან, ოპონენტებს აღნიშნული ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობაშიც ადანაშაულებს – ისე, როგორც ეს ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმის შემთხვევაში მოხდა. აღნიშნული დოკუმენტი უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა.

სომხეთთან დაკავშირებით კი  ერთი გარემოება უნდა აღინიშნოს – იმის ფონზე, რომ ქვეყნის ეკონომიკის  ყველა სტრატეგიული სფერო რუსეთს გადაეცა და, რუსულ სახელმწიფო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო კომპანიებთან („გაზპრომთან“, „როსნეფტსა“ და „ერჟედესთან“) შეიძლება ითქვას, კაბალური პირობების შეთანხმებები გაფორმდა (რომელთა მიხედვითაც ზემოაღნიშნული კომპანიები ექსკლუზიური და მონოპოლური უფლებების გარანტიას იღებენ), კიდევ ერთი „გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნა, ან ქაღალდზე შექმნილ დაჯგუფებაში „არსებული ხარვეზების გამოსწორება“ იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთის მიერ სუვერენიტეტის კარგვის პროცესი თავისუფალი ვარდნის აჩქარების რეჟიმში გადავიდა.

ასეთი „გაერთიანებულ დაჯგუფებებს“ საბჭოთა კავშირიც კი არ ქმნიდა იმ სატელიტ ქვეყნებთან, რომლებიც საბჭოთა იმპერიის დაშლამდე ვარშავის შეთანხმების ორგანიზაციის წევრები იყვნენ.

რა თქმა უნდა ამ ქვეყნებში საბჭოთა ბაზები და სამხედრო კონტინგენტი იყო განთავსებული და ინტერვენციებიც ხორციელდებოდა (კოდური სახელმწოდებით „საერთაშორისო ვალი“), მაგრამ „გაერთიანებული დაჯგუფებები“ ნამდვილად არ არსებობდა, ამასთან, საბჭოთა კავშირის მიერ მისსავე სატელიტებთან დადებულ შეთანხმებაში  „ნატოს“ შეთანხმების მეხუთე მუხლის ანალოგიური მეოთხე მუხლიც არსებობდა.

„კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში“ (და როგორც სომხურ-რუსულ შეთანხმებაშია აღნიშნული, „კოლექტიური უსაფრთხოების კავკასიის რეგიონში“) კი მსგავსი არაფერი არსებობს.

სამაგიეროდ,

«წევრი სახელმწიფოები მხოლოდ სხვა წევრ სახელმწიფოებთან გამართული საგანგებო კონსულტაციის (მიღწეული შეთანხმების)  შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას საკუთარ ტერიტორიაზე იმ სახელმწიფოების ჯარების (ძალების) დაჯგუფებებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსების შესახებ, რომლებიც ორგანიზაციაში არ შედიან» (“კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ წესდების მეშვიდე მუხლი).

ანუ რუსეთს მოვალეობები აღარ აქვს, მაგრამ გარკვეული უფლებები გააჩნია, და ეს უფლებები განუხრელად იზრდება.

აშკარაა, რომ სომხეთთან მიმართებით რუსეთმა წარმატებით გამოიყენა სუვერენიტეტის შემზღუდველი „ბრეჟნევის დოქტრინის“  მოდერნიზებული მოდელი, რომელიც ბრეჟნევის პერიოდში აღმოსავლეთი ევროპის „მოკავშირე“ ქვეყნების წინააღმდეგ გამოყენებულ სამოქმედო გეგმაზე ბევრად უფრო მკაცრი პირობებით გამოირჩევა.

სწორედ ესაა პირობითად „პუტინის დოქტრინა“,  რომელიც 2012 წლიდან, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის მესამე ვადის დაწყებიდან  ამოქმედდა. სწორედ მაშინ გაასაჯაროვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პოსტსაბჭოთა „სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები“ პრიორიტეტად გამოცხადდა.

და 2013 წლის 3 სექტემბრიდან – ანუ მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ერევანმა ევროკავშირთან ასოცირებაზე ნებაყოფლობით-იძულებითი უარი განაცხადა, სომხეთის მიერ სუვერენტიტეტის კარგვის პროცესმა უბრალოდ მოზვავებითი ხასიათი მიიღო.

რუსეთის მხრიდან სომხეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის კონტროლის ხარისხი გაიზარდა და იმ მასშტაბებს მიუახლოვდა, როდესაც სამხედრო „გამაერთიანებლის“ კომპონენტის დამატების შემთხვევაში გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის დეფაქტო ოკუპაციასტან – იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს  მხოლოდ ნომინალური, საბჭოთა კავშირის სატელიტ ქვეყნების „სუვერენიტეტზე“ უფრო შეზღუდული დამოუკიდებლობა რჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ „კოლექტიური  უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისა“ და  “ევრაზიის ეკონომიკური კავშირის” არც ერთი წევრი სახელმწიფო არაა ასე დამოკიდებული კრემლის ნებაზე. ამასთან ეს ნება იურიდიულადაა გაფორმებული და დამტკიცებული.

ამ მხრივ ფრიად საგულისხმოა სომხეთის წარმომადგენლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებით. სომხური მხარის მოსაზრება სრულად ემთხვევა რუსეთისა და სხვა  „მოკვეთილი“ სახელმწიფოების დამოკიდებულებას და კრიტიკას ვერ უძლებს.  უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამოხატული მოსაზრება  ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და სომხეთის გარესამყაროსთან ურთიერთობის მთელ სისტემას აზიანებს.

ამ ურთიერთობებში არამხოლოდ არაბუნებრივი ასიმეტრია, არამედ  „საერთო“ უპასუხისმგებლობაც იმალება – რუსული მხრიდან რეგიონული უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხოლო სომხური მხრიდან  – საკუთარი მომავლის კუთხით.

გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ მომზადებულ  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს (კერძოდ კი სამხრეთის სამხედრო ოლქს) გარკვეული უფებამოსილებები ენიჭება. ზოგადად, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების სამხრეთის ოლქი საკმაოდ საინტერესო გაერთიანებაა, რომლის ცენტრიც დონის როსტოვში მდებარეობს და არამხოლოდ სომხეთში განთავსებულ რუსულ კონტინგენტს, არამედ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ანექსირებულ ყირიმსა და  უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმდებარე რაიონებში განთავსებულ ძალებსაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის აღმოსავლეთი საზღვრის მიმდებარე რეგიონში   რუსული ჯარები „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დროშების ქვეშ იბრძოდნენ და ამ რეგიონში ძალებისა და რესურსების შთამბეჭდავი კონცენტრაცია მოახდინეს.

თუკი დნესტრისპირეთს არ მივიღებთ მხედველობაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლქი პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა კონფლიქტურ ზონასა და იმპერიული თვალსაზრისით პრობლემურ, კასპიის ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროსა და შავი ზღვის ჩრდილო-არმოსავლეთ სანაპიროს შორის გადაჭიმულ ვრცელ ტერიტორიაზე მდებარე ჩრდილოკავკასიურ „ეთნიკურ სუბიექტებს“ აერთიანებს.

უნდა გვესმოდეს, თუ როგორ სტრუქტურას მიუერთებს თავის ჯარებს  სომხეთი. ეს სისტემა „უშუალოდ ეხება“ მართულ კონფლიქტებს, რომელთა გადაწყვეტაც რუსეთს ნამდვილად არ მისცემს ხელს, იმიტომ რომ მათი მოუგვარებლობა  რეგიონში რუსეთის ყოფნის ყველაზე მნიშვნელოვან გარანტს წარმოადგენს – იმ რეგიონში, რომელსაც ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ ფრასმუსენის შეფასებით, ყველაზე ფრაგმენტირებული სახე აქვს გლობუსზე და ეს სწორედ ამ კონფლიქტებითაა გამოწვეული.

სხვათა შორის, ზემოაღნიშნული განცხადება ექსმდივანმა 2012 წელს, სომხეთში გამართული ვიზიტის დროს გააკეთა.

ეს ოლქი მთავარი ფაქტორია, რომლის საშუალებითაც დონბასსა და მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციები ზიარჭურჭელის პრინციპით „კორელირებენ“.

 «თუკი გვსურს, რომ კავკასიაში მშვიდობა დამყარდეს, მთელი კავკასია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უნდა ინტეგრირდეს», – ღიად აცხადებს პუტინის მრჩეველი რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში, სერგეი გლაზიევი.

აღნიშნული განცადების აბსურდულობა განპირობებულია იმით, რომ რუსეთში, რომელიც ამ ფრაგმენტირებულობის ერთადერთი ბენეფიციარია, მუშაობს მრჩეველი „რეგიონული ინტეგრაციის“ საკითხებში, რომელიც „კავკასიაში მშვიდობის დამყარებაზე“ საუბრისას იყენებს სიტყვას „თუკი“ და ამავდროულად  უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორია, რის გამოც  მისი სახელი 2014 წელიდან დღემდე საპატიო ადგილს იკავებს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ ყველა იმ სიაში, რომლებიც გარკვეულ პირებს პერსონალურ სანქციების უწესებს.

იგორ ეიდმანისა და დავიდ შაჰნაზარიანის აზრით, ამჟამად პირველი მსოფლიო ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და აშკარაა, რომ სამხრეთი კავკასიის რეგიონი მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფრონტს წარმოადგენს. მისი თქმით, კავკასია არის რეგიონი სადაც სომხეთი უსასტიკესი და ცინიკური შეტევების ობიექტადაა ქცეული, თავდასხმის ინიციატორად კი ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორი“ გვევლინება.

სამწუხაროდ, ამ თავდასხმების შედეგები სომხეთისთვის ძალიან სავავალოა. საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში სომხეთი თავის „სუბიექტობას“ კარგავს და ხელიდან უშვებს იმ ბერკეტებს, რომლებიც მას არსებული სიტუაციის უმოკლეს ვადაში გამოსწორების საშუალებას მისცემდა. რუსეთი სომხეთში დიდი, ძალიან დიდი, კრიტიკულად დიდი მასშტაბებითაა წარმოდგენილი.  

 

რუბენ მეჰრაბიანი, ანალიტიკოსი, გაზეთ „არავოტის“  რუსული ვერსიის რედაქტორი

 

 

 

 

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

 


ასევე წაიკითხეთ