როგორ მკურნალობდნენ კრიზისს აზერბაიჯანში" />

კიდევ ერთხელ ნავთობის დაავადების შესახებ

როგორ მკურნალობდნენ კრიზისს აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის ეკონომიკა, ისევე როგორც პოლიტიკა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნავთობზე. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ნავთობის ბაზარზე მომხდარმა მკვეთრმა ცვლილებებმა არსებითი და ნეგატიური კვალი დაამჩნია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, მაგრამ სათანადო ცვლილებები სახელმწიფო მენეჯმენტში ჯერჯერობით არ შეინიშნება.

ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის მოკლე ისტორია

ქვეყნისათვის ნავთობით მიღებული შემოსავლის (რომლითაც ბიუჯეტი და სანავთობო ფონდი ივსება) მთავარ წყაროს წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც ოფიციალურად 2006 წლის ივლისში გაიხსნა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ბაქოს მოგებიანი ბილეთი ერგო, რადგან ევროპისათვის ნავთობის მოპოვება გასაოცრად დაემთხვა მისი ღირებულების სწრაფ ზრდას.

2003 წლიდან 2008 წლამდე აზერბაიჯანის მშპ 2,5-ჯერ გაიზარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა 2007 და 2008 წლებში აღინიშნა. 2008 წელს აზერბაიჯანმა 47,7 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა. ამასთან, საზღვარგარეთ გატანილი პროდუქციის საერთო მოცულობის 88%-ზე მეტი ნავთობზე და მასთან დაკავშირებულ მასალებზე (გაზზე და უფრო უმნიშვნელო ოდენობით – მაზუთზე) მოდიოდა. ოფიციალური მონაცემებით, იმავე პერიოდში სიღარიბის დონე (იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ) 45%-დან 11 %-მდე შემცირდა.

იმ პერიოდში აზერბაიჯანში (ზუსტად ისე, როგორც მეზობელ რუსეთში) გაიზარდა იმ თანამშრომლების რიცხვი, რომლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებდნენ. 2014 წელს მათმა რაოდენობამ 900 ათას ადამიანს გადააჭარბა – და ეს მაშინ, როდესაც კერძო სექტორში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა ოდნავ აჭარბებდა 600 ათას ადამიანს.

2012 წელს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასმა 447 მანათი (დაახლოებით 440 ევრო) შეადგინა; ამასთან, ზოგიერთი სამინისტროს თანამშრომლებს ‘კონვერტებით’ გადაეცემოდათ დამატებითი ხელფასი (ნაღდი ფული, რომელიც გადასახადებისგან თავის არიდების გზით გაიცემოდა). ამავდფროულად, იზრდებოდა სამინისტროებისა და სხვა უწყებების რაოდენობა და უკვე არსებული ორგანოების საშტატო ‘კალიბრიც’ ფართოვდებოდა. 2013 წლის დასაწყისის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო მოსამსახურეების საერთო რიცხვი 29,2 ათას ადამიანს შეადგენდა (2010 წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 26 ათასს უდრიდა), იმასვე წელს საშუალო ოფიციალური ხელფასი 464 მანათამდე გაიზარდა, 2014 წელს კი 617,6 მანათს გაუტოლდა. მთლიანობაში იმ წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 58,6% სახელმწიფო სექტორში იყო დასაქმებული.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2014 წლის ივლისამდე ნავთობის მაღალი ფასი ნარჩუნდებოდა. ივლისში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა თავის მაქსიმუმს, 112 დოლარს მიაღწიას. უფრო ძვირადღირებული ნავთობი სახელწოდებით ‘აზერი ლაით’ 130 დოლარად იყიდებოდა. ამის შემდეგ ნავთობის ფასი (უფრო ზუსტად კი ფასის ყოველთვიური მაჩვენებელი) განუხრელად მცირდებოდა.

2015 წლის თებერვალში ნავთობის ფასი 54 დოლარამდე დაეცა, რაც იმ მომენტისათვის მინიმუმს წარმოადგენდა (ბოლოჯერ ეს მაჩვენებელი ასეთ ნიშნულამდე 2009 წელს დაეცა). სწორედ მაშინ დაიწყო მანათის ფასის დაცემაც, რომელიც ეკონომისტებმა ნახევარი წლით ადრე (მაშინ, როდესაც ნავთობმა დაცემის ტენდენცია მიიღო) ‘იწინასწარმეტყველეს’.

სინამდვილეში, წარმოუდგენელი ზრდის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, აზერბაიჯანის ეკონომიკას ჯერ კიდევ 2010 წელს დაეწყო სირთულეები. ერთი მხრივ, 2007 წელს აზერბაიჯანში მართლაც წარმოუდგენლად, 24 %-ით გაიზარდა მშპ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზრდა მთლიანად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაშვებით იყო გამოწვეული. უკვე 2010 წელს მოპოვების დონის ზრდის ტენდენცია შეფერხდა, 2011 წელს კი მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა მხოლოდ 0,1% შეადგინა – და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო მასშტაბით აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 5%-ის ტოლი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთლიანობაში აზერბაიჯანის ეკონომიკა სხვა ქვეყნებზე უარესად ვითარდებოდა.

 

 

კრიზისი

ნავთობის სფეროს გარდა, ქვეყნის ეკონომიკას ორი ძირითადი მიმართულება განსაზღვრავდა – მომსახურების სფერო და მშენებლობა. ‘ნავთობის პერიოდის’ დროს ‘ეცემოდა’ სოფლის მეურნეობა (2005 წლიდან, როდესაც სტატისტიკის სახელმწიფო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, სოფლის მეურნეობის მწარმოებლურობის დონე 1 პროცენტით შემცირდა წინა წელთან შედარებით) და წარმოების სხვა სფეროები, რომლებიც ნავთობთან არაა დაკავშირებული.

ამავდროულად აღინიშნა მოსახლეობის აქამდე არნახული შემოდინება ბაქოში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებული მონაცემები, ისევე როგორც მიგრაციის მაჩვენებლები, აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს. გაეროს მონაცემებით (რომელიც სახელმწიფო უწყებებიდან მივიღეთ), 2002 წლიდან 2012 წლამდე ბაქოს მოსახლეობა 1,8 მილიონიდან 2,1 მილიონამდე გაიზარდა. იმავდროულად, უნდა ითქვას ისიც, რომ 2009 წლის მოსახლეობის აღწერა რეალურად არ ჩატარებულა. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი ნაცნობებს გამოვკითხავთ – აღმოჩნდება, რომ აღმწერები კითხვარებით არავისთან მისულან. ასეა თუ ისე, ამ პერიოდში გაზრდილი მოსახლეობის რიცხოვნობა ქალაქში საცხოვრებელი სახლების მშენებლობების რაოდენობის ზრდით განისაზღვრა, რაც, ბუნებრივია, სანდო მაჩვენებელი არ არის.

2015 წლის თებერვალში მანათი 34%-ით გაუფასურდა, რაც საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების პირობებში, ძალიან უარყოფითად აისახა ეკონომიკაზე. მხოლოდ გასული (2015) წლის განმავლობაში 9-ჯერ შემცირდა ავტომანქანების იმპორტის მაჩვენებელი და ამდენჯერვე დაეცა მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის ბაზარზეც. დიდი ზიანი მიადგა საბანკო სისტემასაც. 2015 წლის პირველ ნაწილში საფინანსო სფეროში დასაქმებულთაგან ყოველმა მეათემ სამსახური დაკარგა. იმავე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 38,7%-ით გაიზარდა პრობლემური კრედიტების (ანუ იმ კლიენტების, ვისაც არ შეუძლია კრედიტის დროულად დაფარვა) რაოდენობა. მიმდინარე პერიოდში ბანკების დიდი ნაწილი ან გაკოტრდა, ან ლიცენზია დაკარგა, რისი ოფიციალური მიზეზიც კაპიტალიზაციის მცირე მაჩვენებელი აღმოჩნდა.

 

 

რეაქცია კრიზისზე

2015 წლის თებერვალში ილხამ ალიევმა პირველად აღნიშნა, რომ აუცილებელია ეკონომიკის დივერსიფიკაცია. მისი თქმით აუცილებელია უარი ითქვას ‘ნავთობდამოკიდებულებაზე’. ამის შემდეგ იგი ამ მოსაზრებას მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა შეხვედრაზე გამოთქვამდა.

რეალურად, მთელი ამ პერიოდის მანძილზე სახელწიფო მდგომარეობის დასარეგულირებლად რეალურ ნაბიჯებს არ დგამდა. ამის ნაცვლად, მიმართავდა ‘კოსმეტიკურ’ ზომებს, რომელთაგან ზოგიერთი მალევე გაუქმდა. მაგალითად, 2016 წლის პირველი იანვრიდან ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის ნაღდი ფულით შეძენა აიკრძალა. შედეგად, ახალ წელს მაღაზიების თაროებზე სპირტიანი სასმელები გაქრა. კანონი ძალაში შესვლიდან 12 დღის შემდეგ გაუქმდა.

კრიზისის დაწყებიდან დამოუკიდებელ ეკონომისტებს არაერთხელ უსაუბრიათ ანტიკრიზისული პროგრამის (ისეთზე, როგორიცაა თავისი ნაკლოვანებებისა და ღირსებების მქონე სხვადასხვანაირი დოკუმენტები, რომლებიც სხვა ნავთობდამოკიდებულმა ქვეყნებმა, რუსეთმა და ყაზახეთმა მიიღეს) შექმნის აუცილებლობაზე. და მხოლოდ 16 მარტს მოაწერა პრეზიდენტმა ხელი განკარგულებას ‘ეროვნული ეკონომიკისა და ეკონომიკის მთავარი სფეროების სტრატეგიული საგზაო რუკის მთავარი მიმართულებების შესახებ’. პროექტის ფარგლებში ‘შესაძლებელია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, სპეციალისტების, საკონსულტაციო კომპანიებისა და სამეცნიერო ორგანიზახიების მოწვევა’. განკარგულების მიხედვით, ეკონომიკის ყველა სექტორის განვითარებისათვის საჭირო პროექტები 4 თვის მანძილზე უნდა იქნას წარმოდგენილი.

აშკარაა, რომ აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისას ორი ძირითადი თვისება იკვეთება – დახურულობა და სინელე … გაურკვეველია, ინტერესთა რომელი ჯგუფები ახდენენ ზეგავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე და ისიც არ არის ცნობილი, თუ რა გზებით ახერხებენ ამას. თუმცა, ფაქტია, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან აბრკოლებს რეალიზაციას.

ამასთან, ნავთობის ბაზარზე არსებული დინამიკიდან გამომდინარე, არ არსებობს ისაფუძველი, ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც ადრე და ნავთობის ფასი 2010-2014 წლების ნიშნულს დაუბრუნდება. Standard & Poor’s-ის პროგნოზით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი წლის ბოლოსაც კი არ გადააჭარბებს 50 დოლარს. ამას გარდა, ვარაუდობენ, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ევროპელი მომხმარებელი(აზერბაიჯანული ნავთობის ძირითადი მომხმარებელი) ბუნებრივი საწვავის (მ.შ. გაზის) მოხმარებას შეამცირებს.

ამდენად, აზერბაიჯანს არ აქვს რეფორმების დაყოვნების არსებითი მიზეზები, მაგრამ რადგან ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო ხდება, სავარაუდოა, რომ ასეთ ხანგრძლივ დაყოვნებას საფუძველს უქმნიან ინტერესთა ჯგუფები (შესაძლოა, ჩინოვნიკები), რომლებსაც ეკონომიკის მთელი სექტორები მონოპოლიზებული აქვთ.

ამას ადასტურებს ჩინოვნიკებისა და მსხვილი დაპატიმრებების არნახული ტალღა, რომელიც, ბოლო 10 წელს თუ გადავხედავთ, უპრეცედენტო მასშტაბების მოვლენას წარმოადგენს. როგორც ჩანს, შემოსავლის შემცირებამ და ხარჯების (მ.შ. საბიუჯეტო დანახარჯების) შეკვეცის აუცილებლობამ სერიოზული ბრძოლა გამოიწვია ე.წ. ელიტაში. ერთი წლის განმავლობაში სამსახურიდან დაითხოვეს მრავალი მინისტრი და მინისტრის მოადგილე; მ.შ. ეროვნული უშიშროების მინისტრი ელდარ მახმუსოვი. მისი მოადგილეები, ბიზნესსტრუქტურების რეკეტის ბრალდებით, ციხეში აღმოჩნდნენ. დაახლოებით მილიარდი მანათის მოპარვისათვის დააპატიმრეს აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის (ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკი) ხელმძღვანელი ჯახანგირ გაჯიევი. გასული წლის მაისში დააპატიმრეს ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროექტებში მონაწილე ფაქტობრივად ყველა მსხვილი ბიზნესმენი, მ.შ. იბრაჰიმ ნეჰრემლი, რომელმაც თანამედროვე აზერბაიჯანის ისტორიაში ყველაზე მსხვილი და ამბიციური პროექტი, khazar Island (იგულისხმება ხელოვნური კუნძული იმპორტირებული მწვანე საფარით, რესტორნების ქსელითა და გასართობი ცენტრებით) შექმნა. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა და აღსანიშნავია, რომ ეს წამოწყება (ისევე როგორც ბევრი სხვა) ვერ დასრულდა.

შედეგების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ‘ნავთობეკონომიკის’ შემდგომ პერიოდში ის ფუნქციონერები, რომლებიც გადაწყვეწტილებების მიღების პროცესზე ახდენდნენ ზემოქმედებას, ეკონომიკის შემოსავლიანი სფეროების რეორგანიზაციით უფრო იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე მისი გადარჩენით. და ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი (არსებული მდგომარეობის შესაცვლელად სახელმწიფოს რაიმე ღონიძლიება ჯერ არ გაუტარებია) ვიფიქროთ, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკის ვექტორი ცვლილებებისა და ღიაობისკენ შეიცვლება.

 

 

მასალის მომზადებისას გამოყენებული მონაცემები აღებულია ოფიციალური წყაროებიდან . კონკრეტულად კი იგულისხმება აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი (cbar.az) და სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი ( stat.gov.az); ასევე – მედიასაშუალებებიდან: 1news.az, trend.az, contact.az, day.az.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის პოზიციას გამოხატავს, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

გამოქვეყნდა 20.05.2016

 


ასევე წაიკითხეთ