გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, შესაძლოა, ივან ვოლინკინმა შეცვალოს " />

ივან ვოლინკინი – კავკასიის ახალი კურატორი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში?

გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, შესაძლოა, ივან ვოლინკინმა შეცვალოს

„კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ჩინოვნიკის შესაცვლელად ემზადებიან, რომელიც, მათ შორის, პასუხისმგებელია პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიაში.

მინისტრის 70 წლის მოადგილე, გრიგორი კარასინი პენსიაში გადის. მის ადგილას კი, დიდი ალბათობით, 60 წლის ივან ვოლინკინი მოვა, რომელიც ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროში საკონსულო განყოფილებას ხელმძღვანელობს.

კარასინი-აბაშიძის ფორმატი

ამ როტაციიდან გამომდინარე, საკითხი დგება ე.წ. კარასინ-აბაშიძის ფორმატის სამომავლო ბედთან დაკავშირებით.

ეს ფორმატი დღეს არსებული ერთადერთი პირდაპირი დიალოგის ადგილია რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.

• გაივლიან თუ არა რუსეთ-საქართველოს ტრანზიტული ტვირთები აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიას?

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებზე?

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატი 2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლისთანავე შეიქმნა. საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკა საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შექმნა.

 

ამ თანამდებობაზე დიპლომატი, ზურაბ აბაშიძე დაინიშნა, რომელსაც რუსეთში საქართველოს ელჩად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. შეიქმნა ურთიერთობის ახალი ფორმატი – ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების სახით. მათი ამოცანა იყო ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა.

 

ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დიალოგი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა, იმდენად, რამდენადაც საქართველოს წინა ხელისუფლება რუსეთს აგრესორად მიიჩნევდა, რომელთანაც საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრების გარეშე დიალოგი შეუძლებელი იყო. 

კარასინ-აბაშიძის ფორმატში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2013 წელს, რუსეთში ისევ დაიწყო ქართული პროდუქციის გაყიდვა – ხილის, ბოსტნეულის, ღვინისა და მინერალური წყლების. ასევე, აღდგა რეგულარული ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის.

ამ ფორმატში მუშაობისას კარასინმა თავი დაგვამახსოვრა მკვეთრი გამონათქვამებით საქართველოს პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით.

თავის ქართველ კოლეგასთან პრაღაში გამართული ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის შემდეგ, კარასინმა თბილისი გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ კავკასიაში ნატოს გაძლიერებას „უსიამოვნო მოულოდნელობები“ მოჰყვება. რუსმა დიპლომატმა უკრაინასთან გაავლო პარალელი.

„ნათელია, რომ თუ ნატოს სამხედრო საქმიანობა განვითარდება სამხრეთ კავკასიაში, ეს, ადრე თუ გვიან, პრობლემებს გამოიწვევს. ჩვენ ყველას გვახსოვს, რითი დაიწყო უკრაინის პრობლემა. ეს არის აბსოლუტურად იმავენაირი საკითხი“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

ვინ არის ვოლინკინი

ივან ვოლინკინის სახელმა ჯერ კიდევ დანიშვნამდე გამოიწვია მკვეთრი რეაქცია ერთდროულად სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოში – საქართველოსა და აზერბაიჯანში.

ვოლინკინი – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კურსდამთავრებულია (1981 წლის) – ესაა ყველაზე პრესტიჟული საბჭოთა და რუსული სასწავლო დაწესებულება.

დიპლომატის რანგში ის მუშაობდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისა და რუსეთის ფედერაციის საზღვარგარეთულ წარმომადგენლობებში იუგოსლავიაში, აშშ-ში, სერბეთსა და ჩერნოგორიაში, საქართველოსა და მაკედონიაში.

 

ივან ვოლინკინი. ფოტო:ასტამურ ესაიანცი 

2009-დან 2013 წლამდე იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თანაშემწე, სამინისტროს გენერალური სამდივნოს დირექტორის მოადგილე.

2013-დან 2018 წლამდე – რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში.

დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთი ბიოგრაფიის მქონე ვოლინკინს ფორმალური და არაფორმალური კავშირები ჰქონდა საბჭოთა კაგებესა და მის რუსულ მემკვიდრეებთან.

ვოლინკინი საქართველოში პერსონა ნონ-გრატაა. 2007 წელს, საქართველოში მუშაობის დროს, ვოლინკინი და კიდევ ორი რუსი დიპლომატი ოფიციალურმა თბილისმა ქვეყნიდან გააძევა.

მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რუსი დიპლომატები „საქართველოს ტერიტორიაზე დაზვერვით საქმიანობასთან კავშირში დაადანაშაულა“.

საქართველოს ხელისუფლება ეჭვობდა, რომ რუსი დიპლომატები მჭიდრო კავშირში იყვნენ ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებთან, რომლებიც, ხელისუფლების აზრით, საკუთარ გეგმებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაზე, რუსეთის ფედერაციის საელჩოს თანამშრომლებთან ათანხმებდნენ.

თუმცა, ახლა საქართველოში სხვა ხელისუფლებაა, რომელიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, ყოველთვის არ ეთანხმება სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, „აბაშიძე-კარასინის ფორმატზე“ გავლენა მოახდინოს კონკრეტული პერსონების ცვლილებამ, ზურაბ აბაშიძე პასუხობს, რომ ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყება ოფიციალურად დაასახელებს იმ ადამიანის ვინაობას, ვინც გრიგორი კარასინის შემცვლელად მოვა.

როგორც აბაშიძე ამბობს, ეს არ არის კერძო პირების ფორმატი, არამედ, ქართულ-რუსული დიალოგია, სადაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილება.

საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ასევე არ აკეთებენ კომენტარს ვოლინკინის კანდიდატურაზე, მის ოფიციალურად დანიშვნამდე:

იცხაკ რაბინი და იასირ არაფატი ერთად ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, თუმცა, არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი. გვჭირდება მოლაპარაკებები? პერსონა ნონ-გრატად ნებისმიერი რუსი დიპლომატი შეიძლება გამოაცხადო, იმიტომ, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. მოლაპარაკებების იდეა მდგომარეობს არა პერსონალიებში, არამედ ორი ქვეყნის კონტაქტში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, გია ვოლსკიმ.

აზერბაიჯანული პრესაც კრიტიკული სათაურებით აქვეყნებს სტატიებს ვოლინკინის მისამართით.

ზოგიერთი აზერბაიჯანელი ექსპერტის აზრით, სომხეთში რუსეთის ყოფილი ელჩის პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტების კურატორად დანიშვნით, მოსკოვი აჩვენებს, რა ჭრილშიც განიხილავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტას.

 „როდესაც ივან ვოლინკინი მუშაობდა ელჩად ერევანში, ის სომხეთს მოიხსენიებდა რუსეთის მთავარ და მუდმივ მოკავშირედ რეგიონში. შეიძლება, ივან ვოლინკინმა, რომელმაც თქვა „სომხები და რუსები სულიერად არიან დაკავშირებულები ერთმანეთთანო“, ნორმალური რჩევა მისცეს პრეზიდენტ პუტინს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით?“, – ამბობს აზერბაიჯანელი ექსპერტი, პოლიტიკური კვლევების ცენტრ „ატლასის“ ხელმძღვანელი ელჰან შაჰინოღლუ გამოცემა Vesti.az-თან საუბრისას.

 

 


ასევე წაიკითხეთ