აზერბაიჯანში აღნიშნავენ აშურას - წინასწარმეტყველის შვილიშვილისა და მის თანმხლებთა ხსენების დღეს " />

ისლამური გლოვა აზერბაიჯანში: სისხლის ჩაბარება თვითგვემის ნაცვლად

აზერბაიჯანში აღნიშნავენ აშურას - წინასწარმეტყველის შვილიშვილისა და მის თანმხლებთა ხსენების დღეს

დღეს აზერბაიჯანში აშურაა – დღე, როდესაც მუსლიმები გლოვობენ წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილსა და მის თანამოაზრეებს, რომლებიც მე-7 საუკუნეში მოწამეობრივად აღესრულნენ. ქვეყნის მეჩეთების უმრავლესობაში სამგლოვიარო ცერემონიები გაიმართა.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ამ დღეს ბევრი მორწმუნე თვითგვემის აქტს ასრულებდა – დარდის ნიშნად ჯაჭვებს იცვამდნენ, მაგრამ უკანასკნელ წლებში ჩინოვნიკებმა და რელიგიურმა მოღვაწეებმა ადამიანებს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდეს, რომ თავი არ დაეზიანებინათ, ამის ნაცვლად კი, დონორულად ჩაებარებინათ სისხლი. სისხლის ჩაბარების პუნქტები გახსნილია ზოგიერთ საავადმყოფოსა და პოლიკლინიკაში, ასევე – მეჩეთებთანაც.

აშურა – სამგლოვიარო თვის მუჰარამის მეათე დღეა, მისი „კულმინაცია“ დგება, როდესაც მუსლიმთა ერთი ნაწილი გლოვობს ჰუსეინს(მუჰამედის შვილიშვილს) და მის თანმხლებთ, რომლებიც ხალიფა მუავიის ვაჟთან იაზიდთან ბრძოლაში დაიღუპნენ. ეს 680 წელს ქალაქ კერბალას მახლობლად მოხდა (მუსლიმთა წმინდა ქალაქი, რომელიც თანამდროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობს).

 

ჰუსეინის დაღუპვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ორ განშტოებად დაიყო: ჰუსეინის მომხრე შიიტებად, და სუნიტებად – იაზიდის მიმდევრებად. ეს განხეთქილება დღემდე არსებობს, რაც ბევრ ომსა და კონფლიქტს წარმოშობს. შესაბამისად, აშურა სამგლოვიარო დღედ მხოლოდ შიიტებს მიაჩნიათ.

 

თუმცა, მას სუნიტებიც აღნიშნავენ, ოღონდ – სხვანაირად და სხვა მიზეზით. ყურანის თანახმად, ეს დღე ცის, მიწის, ანგელოზებისა და პირველი ადამიანის შექმნას ემთხვევა, და აპოკალიფსიც ამ დღეს დადგება.

აშურა მოსახლეობის არარელიგიური ნაწილის ცხოვრებაზეც აისახება. მაგალითად, ბევრი მაღაზია შუადღემდე დაკეტილია. მიიჩნევა, რომ ამ დღეს არ შეიძლება თმის შეღებვა, მანიკიურის გაკეთება, და საერთოდ თავის მოვლა. მით უმეტეს – მუსიკის ხმამაღლა მოსმენა და რაიმე დღესასწაულის აღნიშვნა. და საერთოდ, აზერბაიჯანში მთელი მუჰარამის თვის განმავლობაში ქორწილებს არ იხდიან.

ასევე აშურას დღეს – ჰუსეინისა და მისი მეგობრების ერთგვარი მოხსენიების ნიშნად, ქუჩებში ჩაის უფასოდ არიგებენ.

None found

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ