თეირანი უკმაყოფილოა საქართველოს საზღვარზე ირანელი ტურისტების მიმართ არასათანადო მოპყრობით" />

ირანი თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას არ ურჩევს

თეირანი უკმაყოფილოა საქართველოს საზღვარზე ირანელი ტურისტების მიმართ არასათანადო მოპყრობით

ტურისტები იღებენ სელფის ლისის ტბის ნაპირას. თბილისი. REUTERS/ დავით მძინარიშვილი

“არ იმოგზაუროთ საქართველოში, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს”, – ასეთი რეკომენდაცია მიიღეს ირანის მოქალაქეებმა თავიანთი საგარეო უწყებისგან.

10 დეკემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბაჰრამ ქასემიმ ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბაჰრამიმ თქვა, რომ საქართველოს საზღვარზე ირანის რამდენიმე მოქალაქეს უპატივცემლოდ მოექცნენ, რის გამოც ის ირანის მოქალაქეებს კავკასიის ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ეს ქასემის პირველი განცხადება არ არის საქართველოსთან დაკავშირებით. მანამდე, 3 დეკემბერს, მან თქვა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს ირანის 200-მდე მოქალაქეს.

ირანის საგარეო უწყების განცხადებას უკვე გამოეხმაურა თბილისი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით,  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ადასტურებს, რომ თეირანსა და თბილისს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა.

ზალკალიანი ამბობს, რომ „დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები“ და უახლოეს ხანებში  პრობლემა მოგვარდება.

რაც შეეხება სტატისტიკას. ქართულ მხარეს ირანის მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით განსხვავებული ციფრები აქვს.

საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში:

•   საქართველოში არ შემოუშვეს ირანის 434 მოქალაქე. ირანს მოსდევს ინდოეთი (370) და თურქეთი (46).

•   საქართველოდან გააძევეს ირანის 2 მოქალაქე.

•   სავიზო რეჟიმი დაარღვია ირანის 159-მა მოქალაქემ (ირანის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ 45 დღის განმავლობაში).

•   საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ირანის 17 595-მა მოქალაქემ, რაც 13%-ით აღემატება შარშანდელ ნოემბრის მაჩვენებელს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ირანი პირველ ხუთეულში შედის, თეირანის განაწყენება სერიოზულად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

ყოველთვიურად საქართველოს ათობით ათასი ირანელი ვიზიტორი ჩამოდის. გასულ წელს კი, მათი რიცხვი თითქმის 300 ათასს შეადგენდა.

ირანელები არიან ასევე ერთ-ერთი ყველაზე “მხარჯველი” ვიზიტორებიც საქართველოში. ამ მხრივ ირანი მეოთხე ადგილზეა. საშუალოდ, თითო ირანის რეზიდენტი საქართველოში 790 დოლარს ხარჯავს.

სტატისტიკის სამსახურის მიერ ჟურნალ “ფორბსისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის III კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო დანახარჯი თითო ვიზიტორზე შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდათ:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები: 2656 ლარი (991 $)
  • ისრაელი: 2613 ლარი (975 $)
  • გერმანია: 2391 ლარი (892 $)
  • ირანი: 2116 ლარი (790 $)
  • ყაზახეთი: 1965 ლარი (733 $)
  • რუსეთი: 1513 ლარი (565 $)
  • უკრაინა: 1411 ლარი (526 $)
  • თურქეთი: 654 ლარი (244 $)
  • სომხეთი: 565 ლარი (210 $)
  • აზერბაიჯანი: 430 ლარი (160 $)
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ