მას არაფერი აქვს საერთო აფხაზების პატივისცემასთან" />

მოსაზრება: ფლეშმობი “მშიბზია” საქართველოდან გამოგზავნილ რაჰათ-ლუხუმს ჰგავს

მას არაფერი აქვს საერთო აფხაზების პატივისცემასთან

ქართველი კოლეგა-ჟურნალისტები მეკითხებიან, – რა რეაქცია აქვთ აფხაზეთში ქართულ ფლეშმობზე. ვინც არ იცის, რაზეა საუბარი, გეტყვით, რომ იმ ვიდეოს გულისხმობენ, რომელშიც რვა ათასი ადამიანი – ზოგი მარტო, ზოგიც ჯგუფებად – აფხაზებს ესალმება პატარა დაფებით ხელში, რომლებზეც სიტყვა “მშიბზია” (გამარჯობა) წერია.

უნდა ვაღიარო, რომ როდესაც ეს შეკითხვა პირველად დამისვეს, ამ აქციის შესახებ არაფერი ვიცოდი, შემდეგ კი სპეციალურად დავძებნე სოციალურ ქსელებში და აღნიშნული ვიდეორგოლი ერთ-ერთ ჯგუფში ვიპოვე. კარგად დადგმული და მშვენივრად დამონტაჟებული სურათი ნებისმიერს აუჩუყებს გულს. თუკი, რა თქმა უნდა, კონტექსტი არ იცის.

ოცი წლის წინათ მომხდარ ქართულ-აფხაზურ ომსაც კი არ ვგულისხმობ. როგორც ჩანს, აფხაზები განწირულნი არიან იმისთვის, რომ აღნიშნული დაპირისპირება სამუდამოდ ახსოვდეთ, რადგან ამ ხოცვა-ჟლეტას აფხაზური ეთნოსის ოთხი პროცენტი შეეწირა (ძირითადად ახალგაზრდობა), რაც ადამიანისათვის კიდურის მოკვეთას ჰგავს – როგორი პროთეზიც არ უნდა ჩაგიდგან, მაინც გრძნობ ფიზიკურ არასრულყოფილებას და, შესაბამისად, გახსოვს.

მე აწმყოზე ვლაპარაკობ. დიახ, ახლა საქართველო აღარ გვხოცავს და არც კი გვემუქრება ფიზიკური განადგურებით. როზგი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შევარდნაძისგან მიიღო მემკვიდრეობით, ივანიშვილის მეოცნებეებმა თაფლაკვერით შეცვალეს.

ამჟამად ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქეს უფასოდ მკურნალობენ თბილისში, და თან ისე, რომ პაციენტებს არც ქართული პასპორტის აღებას აძალებენ, და არც ე.წ. “ნეიტრალური” პასპორტის წარდგენას სთხოვენ (სხვათა შორის, გალის რაიონის მეგრელებს ამგვარი შესაძლებლობა არ აქვთ). შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი ყველაზე მოქმედია.

ბუნებრივია, რომ როდესაც შენს ახლობელს სასიკვდილო დაავადება სჭირს და ძვირადღირებული ოპერაციისათვის საჭირო თანხა არ გაქვს, ეშმაკსაც კი შეეკვრები.

სხვა თაფლაკვერები კი, რაც ჯანმრთელობას არ ეხება, უბრალოდ არ მუშაობს – აი, ასე გადაეცით შერიგების მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს.

მაგალითად, ზედ ქართულ-აფხაზურ საზღვარზე, მდინარე ენგურთან, ტრიალ მინდორზე უზარმაზარი სუპერმარკეტი ააშენეს. როგორც ჩანს, თბილისში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ აფხაზები შიმშილით იხოცებიან და სასწრაფოდ სჭირდებათ ისეთი ადგილი, სადაც პროდუქტებს შეიძენენ. თუმცა, მართლაც რომ იხოცებოდნენ, არ მგონია, რომ ამ გასტრონომიულ სამოთხემდე მოღწევა შეძლონ.

საკუთარ ქვეყანაში არსებული მდგომარეობისადმი ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, ვაცხადებ, რომ აფხაზეთში შიმშილით არავინ იტანჯება; მეტიც, ჩვენი ხალხი დანაყრებულია და ზოგიერთ ნაწილში ზედმეტად ჩაფსკვნილიც. მრეწველობის სფეროში, მეზობელი საქართველოს მსგავსად, ჩვენც პრობლემები გვაქვს, თუმცა ჩვენთან პროდუქტების იმდენი მაღაზიაა, რომ ფენჯაბის შტატის (მნიშვნელობა არ აქვს – ინდურის, თუ პაკისტანურის) უზრუნველყოფაც კი შეგვიძლია.

ამას წინათ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ერთ გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, ამ ძვირადღირებული სატყუარას ეფექტიანობის შემოწმება გადაწყვიტა – თავის ორ თანამშრომელს ამ მაღაზიასთან მორიგეობა და კლიენტების რაოდენობის დათვლა დაავალა. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ 14 ადამიანი დათვალეს, რაც  საათში დაახლოებით 1 კლიენტს ნიშნავს.

ალბათ ბებია მანუშს, რომლისგანაც რძეს ვყიდულობ ხოლმე, უფრო მეტი კლიენტი ჰყავს, ვიდრე ენგურის გასტრონომიულ ხაფანგს. თუკი პროექტის განხორციელებისთვის დახარჯულ ფულს გავითვალისწინებთ, ნამდვილად არ არის შთამბეჭდავი.

ამდენად, საზღვარზე აშენებული სუპერმარკეტი ტყუილად გადაყრილი ფულია. და ეს ფული ან გადასახადების ქართველ გადამხდელებს ეკუთვნით, ან – დასავლელ დონორებს. სხვა ვარიანტი არ არსებობს, რადგან ასეთი “ბრწყინვალე” იდეა ყველაზე უფრო არაპრაგმატულ ბიზნესმენსაც კი არ დაებადებოდა.

როგორც ჩანს, სუპერმარკეტთან დაკავშირებული ახირების დასავიწყებლად მეოცნებეებმა ახალი ილუზია მოიგონეს. ვითომ აფხაზებს ერთი სული აქვთ, როდის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი საქართველოსა და შენგენის ზონის ქვეყნებს შორის. ჰო, აბა რა! – რომ ყველა ერთად თბილისში ჩავიდეს, საქართველოს მოქალაქეობა და მასთან ერთად ქართული პასპორტები მიიღონ და თბილისის აეროპორტის უახლოესი რეისებით ბერლინში, ლონდონსა და პარიზში გაემგზავრონ.

არ ვიცი, არ არის გამორიცხული, რომ ჩემი ნაწერი რომელიმე ქართველმა ჩინოვნიკმა წაიკითხოს, და იქნებ სიტყვაზე მენდოს და დროულად აცნობოს უფროსობას, რომ პასპორტების გაცემის ახალი განყოფილების გახსნა, მისთვის თანამშრომელთა შტატის შერჩევა და დოკუმენტების ბლანკების ბეჭდვას ნუ იჩქარებენ. და ჯერ არც თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქცია ღირს, იმ იმედით, რომ მგზავრთა ნაკადი აფხაზების ხარჯზე გაიზრდება.

აფხაზები საქართველოს მოქალაქეობას არ დათანხმდებიან. არც კი განვმარტავ, რატომ. ეს ისევე ცხადია, როგორც ქართველების ამჟამინდელი სიყვარული აფხაზების მიმართ. საქართველოდან წამოსულ, სიმღერებით, ცეკვებითა და ფლეშმობებით გაჯერებულ მთელ ამ რაჰათ-ლუხუმს არაფერი აქვს საერთო აფხაზების უფლებების პატივისცემასთან.

ყველა ეს ზედმეტი რევერანსი ჩემი ხალხისადმი, მათი გულის მოგების ყველა ეს მცდელობა მიზნად მხოლოდ ერთ რამეს ისახავს –  სურთ, რომ როგორმე საქართველოში შეგვათრიონ. ცხადია, ტერიტორიასთან ერთად. აქ გულწრფელობის ნასახიც არ არის –  ეს ყველაფერი მხოლოდ სამეურნეო გათვლებით ხდება.

ამ ფლეშმობის პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უაღრესი კმაყოფილებით განაცხადა, რომ თბილისმა რომში აფხაზური კულტურის ცენტრის გახსნა არ დაუშვა. საუბარი იყო არა დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე, არამედ უბრალო კულტურულ ცენტრზე.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან განხორციელებული მსგავსი დემარშებით რამდენიმე სქელტანიანი ტომი შეიძლება შედგეს. ასეთი ოინების გამო, ბავშვთა საცეკვაო ანსამბლებიც კი აუქმებენ წარმოდგენას, და სწორედ სცენაზე გასვლის წინ უკან ბრუნდებიან.

თქვენ კი გულუბრყვილოდ იღიმებით და აფხაზურად გვესალმებით, პასუხად რას ელით  – რომ “გამარჯობას” გეტყვით? ან იქნებ გგონიათ, რომ გულაჩუყებულები გამოვიქცევით და ჩაგეხუტებით?

გმადლობთ, მაგრამ, მგონი, ჩვენ უკვე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ხალხის სახელით არასდროს მილაპარაკია, მაგრამ მგონი, ამჯერად არ ვცდები.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

გამოქვეყნებულია:23.06.2016


ასევე წაიკითხეთ