სოხუმის სანაპიროზე, კაფე "ბარისტაში" გამართულ კონცერტებში ნებისმიერ სტუმარს შეუძლია მონაწილეობა" />

იმპროვიზაცია პარასკევობით

სოხუმის სანაპიროზე, კაფე "ბარისტაში" გამართულ კონცერტებში ნებისმიერ სტუმარს შეუძლია მონაწილეობა

კაფეს შემინული ვერანდის გვერდით, ცივ და ვიწრო ოთახში იკრიბებიან მუსიკოსებიც და ისინიც, ვინც მათ მოსასმენად მოდის და შემდეგ თავად ხდება მინიკონცერტის მონაწილე. აქვე დგას ძალიან აშლილი პიანინოც, რომელიც 3 ათას რუბლად იყიდეს. სწორედ ამ ინსტრუმენტით დაიწყო ეს ამბავი.

იდგა პიანინო თავისთვის – როგორც ჩვეულებრივი ავეჯი… და, ალბათ, კიდევ დიდხანს იდგებოდა ასე მდუმარედ მიშენებული ოთახის კუთხეში, სექტემბრის ერთ დღეს კაფეს მუდმივ სტუმარს, აბზაგ მარიხუბას დაწესებულების მეპატრონესთვის რომ არ ეთხოვა, – პიანინო ერთი დღით დამითმეო.

მეგობრებისა დახმარებით, მარიხუბამ პიანინო ურიკით მიიტანა სანაპიროზე, ‘ბრეხალოვკაზე’, რომელიც კაფედან ას მეტრშია, ევკალიპტების ქვეშ დადგა და იმპროვიზებული კონცერტი ჩაატარა. იმ საღამოს ნებისმიერ ადამიანს შეეძლო დამსწრეების წინაშე წარმდგარიყო და რაიმე დაეკრა. ‘ბრეხალოვკაზე’ ხომ ყოველთვის ბევრი ადამიანი იკრიბება – ტაქსის მძღოლებიც და ‘მაგარი ბიჭი’ პოლიტიკოსებიც.

ღონისძიებას საოცარი წარმატება ხვდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეორე დღეს, მაყურებელთა დაჟინებული მოთხოვნით, წარმოდგენა კიდევ გაიმეორეს.

ასე იქცა ევკალიპტების ქვეშ კონცერტების ჩატარება ტრადიციად. მაგრამ საქმეში ამინდი ჩაერია. ერთკვირიანმა წვიმამ კონცერტების ორგანიზატორები და მაყურებელი აიძულა, პაუზა აეღოთ. აბზაგი კაფეში დაბრუნდა თავის ამხანაგებთან და, რა თქმა უნდა, ინსტრუმენტთან (აბა, წვიმაში ხომ არ დაასველებდა!) ერთად – უკეთესი ამინდის მოლოდინში. წვიმა არ იღებდა, ახალგაზრდებს კი დაკვრა უნდოდათ; ამიტომ დაწესებულების მეპატრონეს შეთავაზებით მიმართეს.

‘ბარისტას’ მფლობელმა – სტამბოლიდან ჩამოსულმა სუათ საძბამ რამდენიმე წელიწადში შეძლო სოხუმში სტაბილური ბიზნესის აწყობა. მის კაფეს უკვე ბევრი მუდმივი კლიენტი ჰყავს. მას მოეწონა ახალგაზრდების წინადადება, და ასე დაიდეს მუსიკოსებმა ცარიელ ნიშაში ბინა.

კულტურის სასწავლებლის კურსდამთავრებული აბზაგუ მარიხუბა ამჟამად განსაკუთრებულ შემთხვევათა მართვის სფეროში მუშაობს. ის სამუშაო დროს ადამიანების გადარჩენით არის დაკავებული, თავისუფალ დროს კი –  საკუთარი თავის მუსიკით გადარჩენით. დაკვრის გარდა, ის მუსიკას წერს კიდეც. განსაკუთრებით აინტერესებს იმპროვიზაციები ბლუზის ჟანრში.

‘ამას ჩვენთვის ვაკეთებთ. ამ საღამოების წყალობით, ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახდა. მივხვდი, რომ მუსიკა ხალხს უნდა გავუზიარო და ამიტომ, შინ ყოველთვის საუკეთესო განწყობით ვბრუნდები,’– ამბობს აბზაგუ.

გასულ პარასკევს მუსიკოსების უკვე საკმაოდ ვრცელ რეპერტუარში აფხაზური, ესპანური, რუსული და ინგლისური ჰიტებიც გაჩნდა. სტუმრები უსმენდნენ, და თან მათთან ერთად მღეროდნენ. ეს უკვე ტრადიციად იქცა – ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, პარასკევს, 21:00-ზე ‘ბარისტაში’ მივიდეს და მუსიკოსებს შეუერთდეს.

ბევრი სოხუმელი მუსიკოსი თუ სტუმარი ამ შანსს ხელიდან არ უშვებს. ბოლო პარასკევს კაფეში ცნობილი პოპმუსიკოსი ალექსანდრ შოუა (‘ნეპარა’) უკრავდა. ახლახან კი, ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ‘კადანსის’ მონაწილეობით, ნამდვილი შოუ გაიმართა.

ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. მუსიკის გაზიარების დრო დადგა. ისინი უბრალოდ ქუჩაში გამოვიდნენ, თან პიანინო და გიტარა წამოიღეს და შემოქმედებითი ატმოსფერო თავად შეიქმნეს. აღმოჩნდა, რომ ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი, პროფესიონალი იყო.

ბევრ ქვეყანაში ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ აფხაზეთისთვის სიახლეა. აქ ბევრი კაფეა, მუსიკოსებიც საკმაოდ არიან, მაგრამ ასე უშუალოდ არავინ გამოსულა ხალხთან. სამაგიეროდ ახლა, თითქმის ნახევარი წლის შემდეგ, თითქმის წარმოუდგენელია საღამოობით იმ ჰანგების გარეშე, რომლებიც ‘ბარისტადან’ გვიანობამდე ეფინება ზღვის სანაპიროს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

გამოქვეყნებულია: 04.04.2016


ასევე წაიკითხეთ