ხელისუფლება და პროსამთავრობო მედია ამას „რეფორმების გაღრმავებად“ წარმოაჩენენ " />

ილჰამ ალიევმა ქვეყნის „მთავარი ცენზორი“ თანამდებობიდან გაათავისუფლა

ხელისუფლება და პროსამთავრობო მედია ამას „რეფორმების გაღრმავებად“ წარმოაჩენენ

ილჰამ ალიევმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული ჩინოვნიკი – „მედიის მთავარი პირი“ და ჟურნალისტების არამეგობარი ალი გასანოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტმა ასევე თავისი გუნდის ნაწილი შეცვალა.

ეს ყველაფერი სულ რაღაც რამდენიმე საათში, 29 ნოემბრის საღამოს მოხდა

პროსამთავრობო ვებგვერდები ამბობენ, რომ ეს „რეფორმების გასაღრმავებლად“ არის გაკეთებული, ყველა დანარჩენი კი ვერ ხვდება, რა ხდება ქვეყანაში და საქმე რით დასრულდება.

ვინ არის ალი გასანოვი და რატომ გაახარა ბევრი მისმა წასვლამ

ყველაზე თვალსაჩინო მოვლენად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის – ალი გასანოვის თანამდებობიდან გათავისუფლება იქცა. მის ვალდებულებებში, სხვა დანარჩენის გარდა, მედიისთვის „თვალ-ყურის დევნებაც“ შედიოდა. მის დროს სიტყვის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში აზერბაიჯანი თითქმის ფსკერამდე დავიდა (163-ე ადგილი), და უცხოური მედიის საქმიანობის შემზღუდავი ძლიერი ზომები გატარდა. შესაბამისად, ბევრ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ალი გასანოვი ძალიან არ უყვარდა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით გულწრფელად გაიხარეს.

„ამ სახელს ზედმიწევნით ბევრი ნეგატივი უკავშირდება. ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული ძალიან ბევრი პრობლემა ქვეყნის იდეოლოგიური ფრონტის სათავეში მდგომ ამ ადამიანს მიეწერება

ალი გასანოვის გაშვება იდეოლოგიის მთელი სისტემის გარდაუვალ რეფორმირებას, უსაქმურთა დიდი არმიის, უნიჭო და უაზრო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და არასამათავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფოს კისერზე მჯდომი და მორალური ატმოსფეროს წამბილწავი ტროლების მთელი ჯოგის  ლიკვიდაციას ნიშნავს,“ დაწერა ვებგვერდმა Turan. 

სოციალურ ქსელებში ალი გასანოვს „ტროლების მამა“ შეარქვეს, რაც იმას გულისხმობს, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობს იმ ინტერნეტ-ტროლებს, რომლებიც მთავრობას ხოტბას ასხამენ და უკმაყოფილოებს თავს ესხმიან. ასე რომ, სოციალურ ქსელებშიც გულიანად იცინეს, როდესაც თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ამბავი შეტყვეს.

ფოტო: ალი გასანოვი (https://baku.news/)

თავად ალი გასანოვი ირწმუნება, რომ ის, უკვე სამი წელიწადია, სთხოვს პრეზიდენტს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, თანამდებობიდან გაათავისუფლოს. გასანოვის თქმით, ახლა ის „შემოქმედებით დაკავდება“ და „ალიევისტად დარჩება“, ანუ პრეზიდენტ ალიევის პოლიტიკის მიმდევრად

გასანოვთან ერთად მისი ხელმძღვანელობით არსებული მთელი განყოფილება „წავიდა“. მის ნაცვლად, შექმნილია პოლიტიკური პარტიებისა და საკონმდებლო ხელისუფლების საქმეთა განყოფილება, რომელსაც ადალიატ ველიევი უხელმძღვანელებს – ადალიატ ველიევი, რომელიც ადრე პოლიტიკით საერთოდ არ იყო დაკავებული და თეატრის დირექტორი იყო.

ახალი სახეები ძველ ადამინისტრაციაში

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგ სხვა განყოფილებაში ასევე ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ.

ზოგიერთი მათგანი – ის ჩინოვნიკია, ვისაც ადრე სხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, თუმცა პრეზიდენტის გუნდში არ შედიოდა.

მაგალითად, სანავთობო ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი შაჰმარ მოვსუმაროვი ახლა ეკონომიკური საკითხებისა და ინოვაციური განვითარების განყოფილებას უხელმძღვანელებს.

არსებითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არცთუ მნიშვნელოვანი გარდაქმნები მოხდა. მაგრამ საზოგადოებაზე, რომელმაც პრაქტიკულად არც ამ ადამიანების სახელები იცის, არც განყოფილებათა დასახელებები, ამ ამბავმა დიდ შთაბეჭდილება მოახდინა. მით უმეტეს, რომ წინათ აზერბაიჯანში ჩინივნიკები ძალიან იშვიათად იცვლებოდნენ, ბოლო დროს კი მათ მუდმივად „ანაცვლებენ“, თანაც ყოველ ჯერზე – რამდენიმე ადამიანს.

საზოგადოების რეაქცია

აზერბაიჯანული სოციალური ქსელები და ასევე ბევრი ექსპერტი ამგვარ გადანაცვლებებზე უკვე უფრო იუმორით რეგაირებას მიეჩვივნენ, ვიდრე – სერიოზულად. ამჯერადაც ასე იყო.

თუმცა, ზოგიერთმა სიტუაციის გაანალიზება მაინც სცადა. და იმ აზრზე შეთანხმდნენ, რომ არავითარ რეფორმებზე ლაპარაკი არ არის.

ზოგიერთი კომენტარი:

 „არ მესმის მათი, ვისაც სჯერა, რომ ეს რეფორმებია. ნუ დაველოდებით, რომ მომხდარი ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. უფრო ლოგიკურია, გვეშინოდეს, რომ საქმე არ გაუარესდეს. ქვეყანა და სისტემა იმ მდგომარეობაშია, რომ „რეფორმები“ პირველი პირისა და მისი გუნდის წასვლით უნდა დაიწყოს“;

„როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, ძველი ჩინოვნიკები ახლებით უნდა შეიცვალონ და არა მათი სხვადასხვა ადგილას გადანაცვლება მოხდეს, და შემდეგ ელოდნენ, რომ ამას ეფექტი ექნება“. 


ასევე წაიკითხეთ